გუშინ, Sport-მა "ბარსელონას" ნიდერლანდელ ნახევარმცველთან, ფრენკი დე იონგთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
ამჟამად, ფრენკი, გუნდთან ერთად, გერმანიაში იმყოფება. "შტუტგარტის" დამარცხების შემდეგ, "ბარსელონა" ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც 4 აგვისტოს, "ზალცბურგს" შეხვდება.
- თავს როგორ გრძნობ?
ძალიან კარგად. ლა ლიგისთვის ვემზადებით და ვფიქრობ, რომ დღითი დღე ვუმატებთ.
- ეს შენი მესამე სეზონი იქნება "ბარსელონაში". რომელ ასპექტში მოუმატე ყველაზე მეტად?
რთულია იმის თქმა თუ კონკრეტულად რა ასპექტში განვვითარდი. ჩემი აზრით, გავიზარდე როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. მინდა რომ წინსვლა გავაგრძელო.
- გასახდელში შენი როლიც გაიზარდა.
არ ვიცი, არ ვიცი, ყველაფერს ისევ ისე ვაკეთებ, როგორც პირველ დღეებში. ისევ ის ადამიანი ვარ და ამ მხრივ, დიდად შეცვლას არ ვაპირებ.
- როგორი გრძნობაა იყო 11 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის Transfermarkt-ის მიხედვით?
ჩემთვის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მოედანზე რას აჩვენებ.
- "ბარსელონაში" გატარებული ორი სეზონი ტიტულებით გამორჩეული არ იყო. რა სჭირდება გუნდს გამარჯვებების მოსაპოვებლად?
ვფიქრობ, რომ ამ სეზონში შემადგენლობა გაძლიერდა, ვიზრდებით, როგორც გუნდი. ასევე, ეს სეზონი მწვრთნელისთვის მეორე იქნება, მეორე სეზონი კი, როგორც წესი, უკეთესი გამოდის. მჯერა, რომ მომდევნო სეზონში მნიშვნელოვანი ტიტულებისთვის ბრძოლას შევძლებთ.
- ესე იგი, ყველაზე მეტად ტიტულები გსურს.
დიახ, რა თქმა უნდა. ისევე, როგორც ყველას.
- ესპანეთის თასის მოგებამ გუნდის განვითარებას ხელი შეუწყო?
ვფიქრობ, რომ ახლა გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. გუნდში ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელთან ერთად, ნიჭიერი ახალგაზრდები არიან. წელს, ძალიან ძლიერი შემადგენლობა გვყავს. ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ.
- შეგიძლია, გვითხრა, როგორი შედეგებით დასრულდება მომდევნო სეზონი?
ამის თქმა რთულია, მაგრამ წელს, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და ბრძოლას ყველაფრისთვის ვაპირებთ.
- ესე იგი, შენი განწყობა ოპტიმისტურია?
დიახ, ოპტიმიზმი ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. "კულეებს" ნამდვილად შეუძლიათ ჰქონდეთ იმედი.
- რას ითხოვდა კუმანი შენგან გასულ სეზონში?
მწვრთნელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მას ნაკრებიდან ვიცნობ. იგი ჩემგან პასუხისმგებლობის აღებასა და წლიდან წლამდე განვითარებას ითხოვს, არაფერი სხვა.
- რასაც აკეთებ კიდეც.
დიახ, ვცდილობ, ისევე ვითამაშო, როგორც ამას მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, პროგრესი მსურს, თუმცა ჩემი სათამაშო სტილი რჩება იგივე.
- როგორ შეხვდი კუმანის დარჩენას?
ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
- სპორტულ პროექტებს დრო უნდა მისცე?
დიახ, რაც უფრო მეტი დრო ეთმობა პროექტს, იგი მით უფრო წარმატებული ხდება.
- სხვათა შორის, შენმა მეგობარმა, მემფისმა, შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ჩემთვის, მემფისი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას შეუძლია დრიბლინგის განხორციელება, გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება, იგი გუნდური მოთამაშეა. მემფისი "ბარსას" გააძლიერებს.
- გუნდთან ადაპტირებაში ეხმარები?
მემფისი გუნდს კარგად შეხვდა და გუნდიც მემფისს კარგად შეხვდა, ადაპტაციის პროცესი დადებითად მიდის, რასაც მისი კარგი თამაშიც აადვილებს.
- რასაც ხელს შენც შეუწყობ ისეთი ასისტებით, როგორიც "შტუტგარტთან" ვიხილეთ.
ამ სეზონში მისთვის ასისტების გაკეთებას მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, რომ იგი საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას არაერთხელ შეძლებს.
- ახალგაზრდა ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშით გაკვირვებული ხარ? იცნობ მათ?
ნიკოს ვიცნობ, "ბარსა B-ში" მისი რამდენიმე თამაში მინახავს. თუმცა თითოეული ახალგაზრდა, ნამდვილად, ძალიან ნიჭიერია.
- გავიმ, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა.
როდესაც ნიჭიერი ხარ, ყველა გუნდში შეძლებ ტამაშს. რა თქმა უნდა, ასაკთან ერთად ვითარდები, იზრდები, მაგრამ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და მათ პირველ გუნდში უკვე ვხედავ.
ჯერჯერობით, 2021/22 წლების სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე, "ბარსამ" სამივე ამხანაგური მატჩის მოგება შეძლო.
კომენტარები [ 8 ]