რატომ არ უნდა გახდეს ჩავი ერნანდესი "ბარსას" მწვრთნელი ახალი სეზონიდან
ბოლო პერიოდში კლუბში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, კიკე სეტიენს "კამპ ნოუს" კიდევ უფრო ასაბალახებლად დიდი დრო აღარ დარჩა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სპეციალისტის ლოგიკას მოკლებული ტაქტიკური მონახაზები თავად ფეხბურთელებსაც ყელში ამოუვიდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია "სელტასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გასახდელში მომხდარი შემთხვევა, სადაც მოთამაშეები სამწვრთნელო შტაბს ღიად დაუპირისპირდნენ. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ "ბლაუგრანას" შემადგენლობის ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ლეო მესი უკმაყოფილებას აღარ მალავს - არგენტინელს იგივე "სელტასთან" მატჩისას კიკეს ასისტენტთან, ედერ სარაბიასთან ინციდენტი შეემთხვა, გუშინ კი იმავე ბედი თავად სეტიენსაც ეწია.
მოკლედ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სეზონის ბოლოს, წესით, შესაბამისად უნდა დასრულდეს. როდესაც საუბარი კიკეს გაშვებაზე დაიწყო, ავტომატურად ყველას გონება მის შემცვლელზე ფიქრმა მოიცვა. Cadena SER-ი ირწმუნება, რომ ამ პოზიციაზე ჩავი ერნანდესის დანიშნვნა განიხილება. თუმცა, რამდენად ჭკვიანური იქნება თუნდაც "ბარსას" ან ჩავის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა?!
"ბარსას" ფილოსოფია
დავიწყოთ იქიდან, რომ ერნანდესი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფილოსოფიას საკუთარი თავივით იცნობს. მის დამსახურებებზე და შედეგებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, რადგან ამაზე ერთ-ერთ ბლოგში უკვე ვისაუბრე. უმთავრესი მიზეზი, რატომაც გულშემატკივრებს სათავეში ჩავის მოსვლა სურთ, სწორედ ესაა. თავიდანვე უკვე უდიდესი პლიუსია, როდესაც გუნდის სტილთან და იდეასთან სიუცხოეს არ გრნობ, მით უმეტეს, როდესაც გუნდში ის ფეხბურთელები გყავს, რომელთა გვერდითაც ეპოქა გაქვს შექმნილი.
გამოცდილების ფაქტორი
თუმცა, სათქმელად ყველაფერი მარტივია. ჩაიბარო გუნდი, რომელიც მსოფლიო კლასის ფეხბურთს უნდა თამაშობდეს და პრეტენზია ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაზე ჰქონდეს, სულაც არ არის ასეთი ადვილი. პირველ რიგში, მას ყველა "მომავალ პეპ გვარდიოლად" აღიქვამს, დიდებულ მენეჯერთან ხშირი შედარება კი ახალბედა მწვრთნელზე დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას იქონიებს. იყო კარგი მასწავლებლის კარგი მოსწავლე, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ შენც კარგი მასწავლებელი გახდები. ჩავი ადრე თუ გვიან, თავის შესაძლებლობებს ყველას დაანახებს, თუმცა არის ახლა ამისათვის ზუსტი დრო და ადგილი?... როდესაც ამაზე ვფიქრობ, პირველი თავში გამოუცდელობა მომდის. პეპმა ხომ სარეზერვო გუნდის გაწვრთნით დაიწყო, წარმატებას მიაღწია და შემდეგ დაწინაურდა. ჩავის გამოცდილება კი ყატარში, "ალ სადის" ფეხბურთელებთან 1 წელზე ცოტა მეტი პერიოდის განმავლობაში მუშაობაა.
უკეთესი ვარიანტი
ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ ახალი სეზონიდან ჩავის "ბარსელონა ბ-ს" მწვრთნელი, გარსია პიმიენტა ჩაენაცვლებინა, რომელიც პირველი გუნდის პოტენციურ მომავალ მწვრთნელად განიხილება. ანდაც, არც "პიმის" ასისტენტობა იქნებოდა ურიგო მისთვის საწყის ეტაპზე.
რეალურად, თავად ჩავიმაც იცის, რომ ეგრევე ასეთ მწვერვალზე ასვლა სწორი არ იქნება. ასე რომ არ ფიქრობდეს, ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ შეთავაზებულ პოსტს დიდი სიამოვნებით მიიღებდა და ჯერ არშემდგარ წარმატებულ სამწვრთნელო კარიერას, თავიდანვე ბოლოს მოუღებდა.
რამდენად ლოგიკურად ჟღერს ის ფაქტი, რომ ადამიანმა ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად თავი მზად ზამთარში არ ჩათვალა და სადავეები ზაფხულში აიღოს? ანუ, ვგულისხმობ, რომ საკმარისი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებისათვის, ასე მცირე პერიოდი სამყოფი ვერ იქნება.
"მე და ჩემი სამწვრთნელო პერსონალი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩასაბარებლად ვემზადებით", - აცხადებს სპეციალისტი, თუმცა ბუნდოვანს ტოვებს, ეს დღე როდის დადგება. ერთი რამ ცხადია, რომ მას სურს, წარმატებული პროექტი, რომელიც ძველ ფილოსოფიურ დეტალებზე იქნება დაფუძნებული, სრულიად არაფრიდან დაიწყოს და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოს - "საჭიროა, კლუბში ყველანაირი ხელშემწყობი მდგომარეობა მქონდეს, რომ პროექტი 0-იდან დავიწყო და შედეგიანად განვახორციელო."
ისეთი პირობები, როგორსაც ჩავი ითხოვს, ჟოზეპ მარია ბართომეუს ბოლო პერიოდის "ოქროს ხანაში" ვერც დაიწერება და ვერც განხორციელდება. ამიტომ, აჩქარება არც ჩავისათვის იქნება კარგი და არც თავად კლუბისთვის.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]