გადამწყვეტი ეტაპი - 8 გუნდი ევროზე და 8 გუნდი კოპაზე
ესეც ასე, კოპაზე ფლეიოფები იწყება, ევროზე მერვედფინალები მოვილიეთ და მეოთხედფინალებისკენ მივიწევთ. დღეიდან მოყოლებული მხოლოდ რვა გუნდი აგრძელებს ბრძოლას როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკაში. ევროს მერვედფინალები კი წარმოუდგენლად მაგარი გამოდგა, ჯერჯერობით კოპა ამერიკას სანახაობრივად მაგრად ჯობია და დრამატიზმზე ხომ აღარც არის საუბარი, ამ ყველაფერს კი მონატრებული გულშემატკივარიც ალამაზებს, კოპაზე კი ისეთი სიცარიელეა მესის პასსაც ვერავინ დაუკრა ტაში.
ევრო
ველოდით, როდის შეთამაშდებოდა ფრანგების ტრიო და ბედის ირონიით, ყველაზე უკეთ ბოლო მატჩი ჩაატარეს, როგორც ერთი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მესამე გოლი, გრიზმანი-მბაპე-ბენზემას კომბინაციით რომ გავიდა. წუნს ვერ უპოვიდი, დახატეს! მაგრამ რად გინდა.. ზუსტად ის მატჩი წააგეს, სადაც ყველაფერი კარგად გამოუვიდათ. ჯერ გრიზმანი გაიყვანეს, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია, მერე ბენზემამ ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება და დარჩა მხოლოდ მბაპე, რომელიც იმ დიდებულ ფეხბურთელებს შეუერთდა, გადამწყვეტ მომენტში რომ პენალტი გაუცუდებიათ. ეგ არაფერი..
დეშამმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, ერთი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებდა, როგორც ჩანს დიდიეს არ უნახავს "ბარსას" თამაშები, ჩვენ კი ვნახეთ, ამიტომ, ლანგლეს ძირითად შემადგენლობაში არაფრის დიდებით არ დავაყენებდით, მან კი დააყენა. თუმცა, ფრანგების დაცვაში ლანგლეს გარეშეც ბევრი პრობლემა იყო.
ჩემპიონატის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ფრანგებმა ბალანსი დაკარგეს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. თავდასხმაში ამის მიზეზი შეუთამაშებელი ტრიო იყო, ხოლო დაცვაში ხშირი ცვლილებები, რასაც ან ტრავმები იწვევდა, ან დეშამის გიჟური გადაწყვეტილებები. მოკლედ, ყველაფერი ლოგიკურია.
რაც შეეხება ყველაზე ცუდ ამბავს. უსმან დემბელეს ოთხი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ვერანაერად ვერ გავყიდით, შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ სატრანსფერო კამპანიის მესამე პუნქტი მეტწილად ჩავარდება და ავტომატურად მეოთხეც, რადგან მეოთხე პუნქტი მესამეს არის მიბმული. ვარსკვლავის გადმობირების შანსებმა დაახლოებით 75% ით მოიკლო. აი, ასეთი ამბავია. ამ ბიჭის მავნებლობას საზღვარი არ აქვს, თუმცა, მთავარი დამნაშავე ის არის, ვინც გუნდში მოიყვანა და ამდენი ხნით დატოვა.
როგორც ერთ-ერთი ქართული ფილმის გმირი იტყოდა - "ეს რა ჭირი გვჭირს ტო.."
ესპანეთი უმატებს და დაფრინავს! ოღონდ არა დაცვაში. მაღალ სისწრაფეზე თამაშობენ, ბურთის კონტროლის მხრივ არასდროს პრობლემა არ ჰქონიათ და სერხიო ბუსკეტსი კვლავინდებურად რჩება ნაკრების ტვინად. ისიც ენრიკემ მისი გამოყენება. წინ შვეიცარიაა, რომელთან ხუმრობაც არ ღირს, ნახევარფინალში კი ბელგია-იტალიას შორის გამარჯვებული დახვდებათ, თუ აზარმა და დე ბრუინმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს, იტალიას შეგვიძლია მივულოცოთ. უკვე ვნახეთ დანიასთან პირველ ტაიმში რა დონის გუნდია ბელგია აზარისა და კევინის გარეშე. კატასტროფა! აზარი ბურთის მთავარი დამჭერია და ყველაზე კარგი დრიბლიორი, ხოლო კევინი იდეალურია ზონებს შორის პასებისა და ბოლო პასის თვალსაზრისით, აღარაფერს ვამბობ გატანის უნარზე. მათ გარეშე ბელგია განწირულია.
ესპანეთიდან კიდევ ერთი ცნობაა, პედრი ოლიმპიადაზეც ითამაშებს. როგორც ჩანს, ფატის ირგვლივ დატრიალებული ამბით ვერაფერი ისწავლეს და სანამ წელში არ გაწყვიტავენ ამ საწყალს, მანამდე უპირებენ ცხენივით სირბილს. ასეთი დამღლელი სეზონის შემდეგ პირდაპირ ევროზე, მერე ოლიმპიადაზე და შესვენების გარეშე ახალი სეზონის დაწყება მოუწევს. უდიდეს გამოცდილებას მიიღებს, მაგრამ რამდენს უნდა გაუძლოს ამ პატარა ბიჭმა?!
ჰოლანდია დაგვემშვიდობა. დე ბური კუმანზე ბევრად ცუდი მწვრთნელია. მოხერხება ხომ უნდა ამ ყველაფერს. დეპაი.. ფრენკი.. შეუმდგარი ვეინალდუმი და დე ლიხტი, წავიდნენ სახლში.
ინგლისიც გავიდა და გადასარევი ბადე აქვს, თუმცა ჩვენ წარმომადგენლები არ გვყავს. ჰარი კეინზე იყო საუბარი, მაგრამ 90%-ით უკვე "სიტიშია".
კოპა
სანახაობა არის, ოღონდ ცალკეულ მომენტებში, კოპას მთელი ხიბლი ლიონელ მესიშია თავმოყრილი და აქა-იქ ნეიმარიც გაგვართობს ხოლმე. არგენტინისთვის კარგი ის არის, რომ ყველაზე უხერხული მეტოქეები ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას, ბრაზილია და ჩილე. აი ასე, რომელიმეს ყველა შემთხვევაში მოიცილებს და ბადე ისეა შედგენილი, რომ ბრაზილია-არგენტინის ფინალის ძალიან დიდი შანსია.
მე მგონი, რომ სანაკრებო კლასიკოს წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა.. ვნახოთ.
არგენტინა ეკვადორს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში ურუგვაი-კოლუმბიას შორის მოგებულს შეხვდება. მესის არგენტინას არასდროს უჭირდა არც კოლუმბიასთან და არც ურუგვაისთან თამაში. ასე რომ, ყველაფერი მათ ხელშია.
უნდა ითქვას, რომ აგუერო საშინელ ფორმაშია, ძირითადში ისევ ლაუტაროს ვიხილავთ. ვერ ვიტყვით, რომ მესის კოპას მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ბრაზილია უკეთესი გუნდია, არგენტინასთან დაპირისპირებებში კი ბოლო დროს მოგება მათ რჩებათ, მესის პერსონალურად იყვანს კაზემირო და პლუს ორი კაცი აზღვევს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ მთელი არგენტინა გათიშონ.
ბრაზილიას საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს და ფინალში მაქსიმალური კონცენტრაციის პირობებში მათი დამარცხება თითქმის შეუძლებელი იქნება. მესის კი უჩვენებია, რომ შეუძლებელიც შეუძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან იშვიათად ხდება. აი თუ სენსაცია დატრიალდა და ბრაზილია როგორღაც გამოეთიშა, მესი ისე იგრძნობს ტიტულს, როგორც ზვიგენი გრძნობს სისხლს. კარგი თამაშები გველოდება.
ოქროს ბურთი
შეამჩნევდით, რომ ვისაც კი ოქროს ბურთის მოგების შანსი ჰქონდა, ყველა პანტა-პუნტით გავარდა მერვედფინალიდან. ლევანდოვსკი საერთოდ ჯგუფში ჩარჩა. რონალდუს რომ ევრო მოეგო, ექნებოდა შანსი, მაგრამ.. ნაადრევად დაასრულეს. კანტე და მბაპეც სახლში გაუშვეს და მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, ვისაც მესისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ეს არის კევინ დე ბრუინი, ფინალში გასვლის შემთხვევაში კარგი შანსი ექნება, რომ ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგოს, ისიც ხელს უწყობს, რომ ყველას ყელში ამოუვიდა მესის "ოქროს ბურთები", მრავალფეროვნებას ითხოვს ხალხი, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ დე ბრუინი ფინალამდე მივიდეს და თუ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ნახევარფინალამდეც ვერ მივა.
ასე რომ, ლეო "ოქროს ბურთის" მთავარი პრეტენდენტია. ინდივიდუალურად ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, ნაკრებში კი ჯერჯერობით შეუჩერებელია. მეშვიდე ბურთი გზაშია..
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]