სამბა და რონალდინიო - როდის დაიწყო რაფინიას ოცნება
The Guardian-მა რაფინიას ძალიან საინტერესო სტატია მიუძღვნა, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
რაფინიას ოცნება აუხდა, ბრაზილიელი "ბარსას" მაისურს მოირგებს. პორტუ ალეგრეში გაზრდილი ბიჭი ლეგენდარული ბრაზილიელების სიას შეუერთდა. როდესაც რაფინია პატარა იყო, მამამისი მუსიკით იყო გატაცებული და ჯგუფშიც უკრავდა, სახელწოდებით - სამბა ტრი. როგორც წესი, რებოლოზე უბრახუნებდა, დრამს წააგავს, თუმცა, უფრო ბრაზილიური ჟღერადობა აქვს.
ადგილობრივების მთავარი კუმირი, რა თქმა უნდა, რონალდინიო იყო, პორტუ ალეგრეში მასზე დიდი არავინ არის, რონიმ იქ აიდგა ფეხი და პირველი პროფესიონალური ნაბიჯები გრემიოში გადადგა. რონალდინიო რაფინიას მამასთან, რაფაელთან მეგობრობდა, როგორც ვიცით, რონიც გიჟდებოდა სამბაზე და ჯგუფის დიდი თაყვანისმცემელიც გახლდათ. "ტრი" სამხრეთბრაზილიურ დიალექტზე ითარგმნება როგორც - სუპერ მაგარი! (ბერას არ გააგონოთ)
პარიზში, მილანში, ბარსელონაში, ჯგუფის წევრები მარტში ყოველთვის ჩადიოდნენ რონალდინიოსთან მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ხანაც, თავად რონი ჩააკითხავდა ხოლმე სამბა ტრის წევრებს. მათ გარეშე დღეობის აღნიშვნა არ გამოდიოდა. "ბარსას" ფანები რომ ნერვიულობდნენ ეს კაცი ფორმიდან არ ამოვარდეს ამდენი "გულაობის" შემდეგო, თურმე, რაფინიას მამა ყოფილა ამ ამბავში გარეული, უბრახუნებდა თავის რებელოს და აცეკვებდა რონალდინიოს.
პარიზში რონი თავს მარტო გრძნობდა, ჩავიდოდნენ სამბას წევრები, გამართავდნენ წვეულებას, არ იტყოდნენ უარს მწვადებზე და შემდეგ ყველანი გამძღარი და დაქანცული რონის მატჩების სანახავად მიდიოდნენ. როგორც იხსენებენ, დაუვიწყარი პერიოდი იყო, თავგადასავლებითა და მხიარულებით სავსე.
რაფაელს ყველაზე კარგად ბარსელონაში ჩასვლა ახსენდება. რონის სადებიუტო სეზონში, ამბობს რომ "კამპ ნოუს" გახსენებისას ახლაც ბურძგლავს. მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა რომ მისი ვაჟი ამავე სტადიონზე გააგორებდა ბურთს.
ეს იყო პერიოდი, როცა სოციალური ქსელები ჯერ მასობრივად გავრცელებული არ ყოფილა, ეს იყო პერიოდი, როცა "კამპ ნოუ" დიდი ხნით ადრე ივსებოდა, რადგან რონალდინიოს გახურებისთვის მიედევნებინათ თვალყური, მაშინ ამას ტელეფონში ვერ ნახავდი, ყველა ტრიბუნაზე იყო, როგორც წესი, რონი მარტო ხურდებოდა, ბურთთან ერთად, როდესაც პუბლიკამ მისი სახელი შეჰყვირა რაფაელმა გაიფიქრა, - აი, ჩვენი ბიჭი..
დაუვიწყარი იყო. რაფაელმა უკვე იცოდა რა სურდა საკუთარი შვილისთვის. სურდა "კამპ ნოუ", ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა და ხმამაღალი შეძახილი.
წარმოიდგინეთ ახლა რას გრძნობს. მისი შვილი საოცნებო გზას დაადგა. შვილი, რომელიც სახლში რჩებოდა და მამის დაბრუნებას ელოდა, რათა მის კუმირზე ლეგენდები მოეყოლა. სამაგიეროდ, როცა რონი სეზონის დასრულების შემდეგ პორტუ ალეგრეში ბრუნდებოდა, წვეულებებს აწყობდა, პირველ რიგში სამბა ტრი მიდიოდა და პატარა რაფინიაც ახერხებდა იქ შეღწევას. ეს უკვე შესაძლებელი იყო.
მთელი უბანი "ბარსას" ათნომრიანი მაისურით დარბოდა, რაფინიასთვის კი რონალდინიო მისაბაძი ფეხბურთელი და ყველაზე მაგარი ბიძა იყო.
გამოდის რომ რაფინიას ბედისწერა ყოფილა ამ კლუბში მოხვედრა, ახლა ის ეცდება, რომ "ბარსას" მორიგი დიდი R გახდეს, - რომარიოს, რონალდოს, რივალდოსა და რონალდინიოს შემდეგ.
რონალდინიოს მეფობა მსოფლიოზე ლაპორტას მოსვლასთან ერთად დაიწყო და მცირე ხანს გაგრძელდა, "კამპ ნოუ" ბედნიერების თეატრად აქცია. არ ღირს რაფინიას დიდ წნეხში მოქცევა და თავისივე კუმირთან შედარება, მაგრამ, მხიარულებას მისგანაც ელიან, იმედია შოუ მოედანზე დაიდგმება და არა მის გარეთ.
"ლიდსი" თავაწეულმა დატოვა, კლუბს ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა და პრემიერ ლიგის ისტორიას ერთ-ერთი გამორჩეული ფოტოც დაუტოვა, - როგორ ზეიმობს რაფინია "ლიდსის" ფანებთან ერთად. შეთავაზებები კი ბევრი იყო, წინა წელსაც, ამ წელსაც, პრემიერ ლიგის ყველა გრანდს სურდა მისი ხელში ჩაგდება, - "მანჩესტერს", "არსენალს", "ჩელსის", "ლივერპულს", "ტოტენჰემს", არჩევანი დიდი იყო, მაგრამ, გამოჩნდა თუ არა "ბარსა" ფიქრიც დასრულდა, ახლა უკვე იცით რატომაც, "ბარსაში" თამაში ამ ბიჭის მთავარი ოცნება იყო.
ვნახოთ რა გამოვა, ვნახოთ შეძლებს თუ არა მაყურებლის ისე მოჯადოებას, როგორც ამას დიდი R-ები აკეთებდნენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]