მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლევანგოლსკი!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ლევანგოლსკი!

დიდი ხანია არ მინახავს გოლი, რომელიც ვერ გავიგე. "ბარსაში" ყოველთვის თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი გოლები გაჰქონდათ, გაუგებარი, აღუქმელი, გონება რომ ვერ ასწრებს ნანახს დაეწიოს. ერთი ასეთი "ვალიადოლიდთანაც" ვნახეთ, ლევანდოვსკი თითქოს კორპუსით აპირებდა ბურთის დაფარვას და შენარჩუნებას, მერე კი გოლი გავიდა. მე ვერაფერი გავიგე და აღმოჩნდა, რომ ვერც სტადიონზე მყოფებს გაუგიათ, რადგან სანამ ჩვენ გამეორებას ვუყურებდით, იგივე ხდებოდა "კამპ ნოუს" ტაბლოზე, ერთიანად ამოისუნთქეს, როცა დაინახეს რომ პოლონელს ქუსლით გაუტანია, არც ვიცი წაეხმარა თუ არა მეტოქის ფეხი, მაგრამ ის გააკეთა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. 

უკვე სახლშია. შინაურია. დიდი ამბები იწყება. 

გოლები იქით იყოს და ალბათ შეამჩნევდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. ლევანა მთელი მატჩი ენას არ აჩერებს, ყველა ფეხბურთელს რაღაცას კარნახობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მოედანზე კი ბუსკეტსის გარდა ყველა ახალგაზრდაა. გოლების მერეც სულ რაღაცას ხსნის, დიდხანს არ ზეიმობს, უფრო მეტი სურს, უკეთესად სურს, ლიდერია, გამარჯვებულის მენტალიტეტით. 

წინა მატჩის ვიდეოანალიზში ვნახეთ როგორ მოძრაობს მეტოქის საჯარიმოში, ამჯერადაც აზროვნების მოქმედება ვნახეთ საქმეში, შესრულებაში კი მწვერვალზეა. დიდი ხნის წინ ავიდა და არც აპირებს ჩამოსვლას. 

კუნდემ დაიწყო

როგორც ვივარაუდეთ ერიკ გარსია ჯერჯერობით ხელშეუხებელია. უფასდება შრომა და გარჯა. ადრე თუ გვიან, ალბათ მოუწევს სკამისკენ გადაწევა, მაგრამ ჯერჯერობით მყარად დგას. მარჯვნივ მოსინჯეს არაუხო და ვერ ივარგა, ეს არ არის მისი პოზიცია, ახლა ვნახეთ კუნდე და გამოჩნდა, რომ არაუხოზე უკეთ შეუძლია ფლანგზე თამაში, თუმცა, არც ის არის ამ პოზიციისთვის დაბადებული. განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი, როცა დემბელეს პასის შემდეგ დიდი სივრცე ჰქონდა, იმის ნაცვლად რომ კარისკენ შეეჭრა სულ განზე იარა და ბოლოს ცუდი პასიც გააკეთა, ჯერ ერთი, მერე მეორე. ფლანგის მცველები ასე არ თამაშობენ. მაინც მგონია, რომ კუნდეს შემთხვევა, არაუხოსგან განსხვავებით ადაპტირებადია. მიუხედავად ამისა, კლუბს მარჯვენა მცველი სჭირდება, დესტი კი არ არის საჭირო, ალბათ ისეთივე ტვირთად უნდა იქცეს, როგორც ლანგლე. არ სჭირდებათ და მაინც კლუბშია. 

ბურთის ამოტანაში გარსიამ არაუხოს ისევ აჯობა, ბალდე კი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს ძირითადში. არ ვიცი მის იმედზე ვიქნებით თუ არა დარჩენილი სეზონი, ასე მატჩიდან-მატჩამდე ეგეც გაიზრდება. მით უმეტეს, ლევანდოვსკის თუ მოუსმენს. 

დაცვის ოთხეულის უკან კვლავ გვაქვს კედელი. რა უნდა იყოს შტეგენისთვის იმაზე დიდი მოტივაცია, რომ კიდევ ერთი შანსი მიეცა მანუელ ნოიერთან ჯახში. ჯერჯერობით ნოიერი ძალიან წინ არის ამ დაპირისპირებაში, მომდევნო დუელს შტეგენი საუკეთესო ფორმაში უნდა შეხვდეს. 

შტეგენის პასებს ცალკე ვიდეოს დავუთმობთ. 

ნახევარდაცვა

საჯარიმოში, ძალიან ტექნიკურად, ურთულესი მდგომარეობიდან დაიძვრინა თავი, ამის გარდა 18 წლის გავის ფაქტობრივად არაფერი გამოსვლია კარგად. ეს მატჩი ჩააგდო და სეზონიც ვერ დაიწყო ომახიანად. მეტი მოეთხოვება, ამ პოზიციაზე, "ბარსელონაში", ძალიან დიდი მოთხოვნებია. დე იონგი კი არსად წასულა, აწი სადღა უნდა წავიდეს?! ჭორებიც შემცირდა, აგენტებიც აღარ აქტიურობენ, ფრენკის დარჩენის შანსები სადღაც 80%-მდე გაიზარდა, გავისთან კონკურენციის კი ნამდვილად არ შეეშინდება. კლუბისთვის კარგია კონკურენცია, მთავარია ჩავიმ სწორად მართოს ეს პროცესები. 

ბუსკეტსი შეუმჩნეველი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თავის საქმე კარგად გააკეთა, როცა შესამჩნევი ხდება, ესე იგი, პრობლემებია. ვნახეთ საქმეში კესიეც, და ვნახეთ სხვა შემოსულებიც. 

თავდასხმა 

სადღაც მესამოცე წუთზე ასეთი სურათი იყო, - ცენტრიდან შეტევა, - 8, მარცხნიდან შეტევა, - 6, მარჯვნიდან შეტევა - 21! შესაძლოა, ცოტათი ავცდი იმ სურათს ლალიგის რეჟისორებმა რომ შემოგვთავაზეს, თუმცა, განსხვავება ძალიან დიდი იყო, ეს მახსოვს. ფაქტია, რომ დემბელეც და რაფინიაც მარჯვენა ფლანგზე უკეთ ავლენენ შესაძლებლობებს. გახსოვთ ალბათ თავიდან კონკურენტებად განვიხილავდით, მერე ორივემ ძალიან მაგრად ჩაატარა მოსამზადებელი ეტაპი, რაც მთავარია, კარგად გაუგეს ერთმანეთს და აღმოჩნდა, რომ სურთ კიდეც ერთად თამაში, ასე აღმოჩნდა ორივე ძირითადში, არადა, ერთსაც მარჯვნივ ურჩევნია და მეორესაც. ამიტომ, როცა ეს ორი ერთად გვყავს მოედანზე, მარჯვენა ფლანგი ყოველთვის უფრო დატვირთულია. ბალანსი დაკარგულია. 

მარჯვენა ფლანგიდან რაფინიას ჩაწოდებას ლევანდოვსკის დარტყმა მოჰყვა, ჯერ ძელი, მერე მეკარის ზურგი, ბურთი ხაზზე გაგორდა და ლევანდოვსკიმ დამატებაზე ვეღარ მიასწრო. თვალსასეირო მომენტი იყო. 

რაფინიას მეორე კარგი ჩაწოდება ისევ მარჯვენა ფლანგიდან და ამჯერად გოლია. პასიც კარგი იყო, გოლიც მშვენიერი. თუ არ გინახავთ გოლის ამსახველი ფოტო აუცილებლად ნახეთ, ლევანდოვსკიმ იმხელაზე გაშალა ფეხი რომ დაფოტოშოპებული მეგონა. 

კვლავ მარჯვენა ფლანგი, - დემბელეს მორიგი დრიბლინგი, გონივრული პასი, (არ მეშლება, მართლა გონივრულს ვწერ, მართლა დემბელეს ვგულისხმობ) და პედრიმ გამოზომილი დარტყმით შეაგდო. 

ისევ მარჯვენა ფლანგი, დემბელეს კარგი პასი და ლევანდოვსკის არარეალური გოლი. 

ბოლო გოლი როგორ გავიდა? მარჯვენა ფლანგიდან. უკვე დემბელეც გასული იყო და რაფინიაც. რობერტომ წამოიღო ბურთი, ფერანმა ფლანგიდან ჩააწოდა და მაგრად დამწყდა გული რომ ლევანდოვსკიმ მესამე ვერ შეაგდო, თუმცა, რობერტომ შეაგდო, მისთვის მნიშვნელოვანი გოლია, შეუძლია სერჟინიო დესტს ენა გამოუყოს. 

ესეც ასე, ყველა გოლი მარჯვენა ფლანგიდან გავიდა. კარგია, იცოცხლეთ! მაგრამ მარცხნივ რა ვქნათ? იაქტიურა მოედანზე გამოსულმა ანსუ ფატიმ. მომენტიც შექმნა, ვერ შეაგდო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ბურთს გაუფრთხილდა, ეს არ ჰგავს იმ ფატის, რომელიც მესის გვერდზე სწავლობდა თამაშს. ვადროვოთ, ვნახოთ. 

ფენომენი დაბრუნდა

ტრიბუნაზე ფენომენი იჯდა, "ვალიადოლიდის" პრეზიდენტის რანგში. კაცმა არ იცის თავში რა უტრიალებდა. ყველა ინტერვიუში ამბობს მოედანზე მინდა გასვლაო. რა გაახსენდა ნეტავ? "კამპ ნოუს" საღამოები, მის სახელს რომ ღრიალებდა ნახევარი ბარსელონა? რომელიმე გოლი? დრიბლინგი? ისევ ინანა კლუბიდან წასვლა? ვინ იცის, დარჩენის შემთხვევაში აერიდებინა ყველა ის უბედურება რაც თავზე დაატყდა, სულ სხვა სიმაღლეს მიაღწევდა, პატარა რონალდო ხომ პელეს დონეზე თამაშობდა. 

გვერდს ჩაფინგალებული ლაპორტა უმშვენებდა. იხუმრეს მევალეები დაადგნენო, ისიც დაიწერა ალბათ ტებასს ეჩხუბა კუნდეს რეგისტრაციის ამბავზეო. თავად კომენტარი არ გაუკეთებია, ალბათ იტყვის რომ სადღაც დაეცა, პირდაპირ თვალით! 

მომდევნო მატჩი სევილიაში! 

ვერ არიან ფორმაში, მაგრამ "სევილია" ყოველთვის რთული მეტოქეა. განსაკუთრებით თავის მოედანზე. 

კარგია, კარგი "ბარსას" ყურება. 



ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ko Ke
    სტუმარი [?]
    #4 29 აგვისტო 2022 16:14
    1
    Განსხვავებით წინა მატჩისგან ეს გააზრებული თამაშით მოვიგეთ. Ეტყობოდა ჩავის ხელი გუნდს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 აგვისტო 2022 15:54
    1
    ..."ტრიბუნაზე ფენომენი იჯდა, "ვალიადოლიდის" პრეზიდენტის რანგში. კაცმა არ იცის თავში რა უტრიალებდა. ყველა ინტერვიუში ამბობს მოედანზე მინდა გასვლაო. რა გაახსენდა ნეტავ? "კამპ ნოუს" საღამოები, მის სახელს რომ ღრიალებდა ნახევარი ბარსელონა? რომელიმე გოლი? დრიბლინგი? ისევ ინანა კლუბიდან წასვლა?"...
    არა მგონია ედარდებოდეს ჩვენგან წასვლა, კარგად მახსოვს მისი სიტყვები პერესთან შეხვედრისას, როცა პირდაპირ ასე თქვა: გული მწყდებაო რო ყველაზე ლამაზი გოლი დიდი დრიბლინგით რეალის მაისურით არ გამიტანიაო. სწორედ ბარსას მაისურით გატანილ იმ გოლს გულისხმობდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 აგვისტო 2022 12:09
    3
    არადა გუშინ დემბელემა მართლა ჭკვიანურად ითამაშა და პასებიჩ ურივე ჭკვიანური გააკეთა, თუმცა მაინც აგინებდნენ. ფაქტია ამ კაცზე ხავი ძალიან კარგად მოქმედებს. თუ გონებით თამაშს ისწავლის არ გვეყოლება მთლად უბრალო ფეხბურთელი. ამ გუნდში ბერნანდო სილვა რას იზამდა გუშინ ნათლად დავინახე
    Culé [?]
    #1 29 აგვისტო 2022 04:08
    7
    მგონი დავალება ქონდათ რომ მხოლოდ მარჯვნიდან შეეტიათ... რაფინიას და მითუმეტეს დემბეს კარგად შეუძლია მარცხნიდან... და ცოტა გამიკვირდა

    ბალდე საკმაოდ კარგია. უნდა გაიზარდოს. პედრი და გავი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არიან და დროზე უნდა მოიხოდონ