მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adiós!
გავაცილეთ ჟერარ პიკე, კარგი მატჩი ჩაატარა, ამაყად წავიდა, თავაწეული, ცოტა ცრემლიც დაღვარა, "ბარსას" ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ჯერ კიდევ აქ არიან ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი, ორივე ძალიან კარგი იყო, მაგრამ პიკეს შემხედვარე ალბათ თავადაც ხვდებიან, რომ დიდი დრო არ დარჩენიათ.
ჩამოარიგა პიკემ კარგი პასები, განსაკუთრებით დიაგონალები იყო აღსანიშნი ფერან ტორესზე, უზუსტესი და დროული. დიდი ხანია პიკეს ასეთი კარგი თამაში არ გვინახავს, ალბათ იმიტომ, რომ ახლა ბოლოჯერ გამოვიდა მინდორზე, უკანასკნელად, სრულიად მოტივირებული, რაღაც მომენტში ძველი პიკეც კი დამიდგა თვალწინ. "კამპ ნოუმაც" კარგად გააცილა, შეძახილებით, ტაშითა და აღმართული ბანერებით, კარგი იქნებოდა თერთმეტმეტრიანი დაერტყა, თავად თქვა უარი, პროფესიონალურად მოიქცა, ეს ხომ სეზონის ბოლო მატჩი არ იყო, სადაც ყველაფერი გადაწყვეტილია და ქულები აღარ გჭირდება, არც ანგარიში იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ამ რისკზე წასულიყო, "ბარსას" აუცილებლად უნდა მოეგო და ბურთთან ლევანდოვსკი მივიდა, ორმაგად გულდასაწყვეტია, რომ ვერ გაიტანა.
რა ვნახეთ ამ მატჩში? "ბარსა" მთელი თამაში დომინირებდა, ბურთი ეჭირა, მომენტებს ქმნიდა, ლამაზად მოქმედებდა, "ალმერია" კი თავის მომენტს ელოდა და მიიღო კიდეც, ფრენკი დე იონგის ცუდი პასი ჩაიჭრა და ტერ შტეგენთან ერთი-ერთზე გავიდნენ, წამითაც არ მინერვიულია, უკვე წინასწარ ვიცი, რას აიღებს და რას ვერა, ყინულის კაცია ტერ შტეგენი, ნერვიც არ ატოკებია, როგორც ვარჯიშზე, ისე მოიგერია. მიუხედავად ამ ძალიან ცუდი პასისა, ფრენკი მაინც გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, მოუმატა არა? მაგრად მოუმატა. საყრდენზეც ძალიან კარგი იყო წინა მატჩებში, მე მგონი, რომ გამოინახა საერთო ენა ჩავი ერნანდესთან, სეზონი გრძელია, ყველა დაგვჭირდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ პასის ადრესატი პიკე იყო, რატომღაც მგონია, რომ სწორედ ამან გადააწყვეტინა ფრენკის ასეთ დროს პასის გაკეთება, ემოციამ წასძლია, მეტად მოინდომა იმ კაცის დატვირთვა, რომელიც ბოლოჯერ იყო მოედანზე. ვერ გამოდგა შტეგენივით ცივი გონების მქონე. ეგ არაფერი, კარი მშრალად შევინახეთ, რაც ძალიან კარგი ამბავია.
დაცვაში ისევ სამი მარცხენა მცველი ვნახეთ. სამი ცაცია და პიკე. ამჯერადაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ალონსოც კარგი იყო და ფლანგებმა დაგლიჯეს! ალბასგან არ გვიკვირს, ვიცით, რომ სეზონში დაახლოებით 10 ძალიან მაგარ შეხვედრას ჩაატარებს, მისი მინუსი ის არის, რომ მეტი აღარ შეუძლია, თორემ, კლასი ყოველთვის ჰქონდა. აი, ბალდე ისე ათამაშდა მარჯვენა ფლანგზე, შესაძლოა, ეს საკითხი მოხსნას დღის წესრიგიდან, დემბელესავით ვერ იყენებს ორივე ფეხს, სამაგიეროდ რამდენჯერაც ჩასაწოდებელი ჰქონდა, იმდენჯერ კარგად ჩააწოდა, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გამოიყენებს, თუ ასე მოხდა, კიდევ ერთი ვარსკვლავბიჭუნა გვეყოლება.
ვინც კი შეტევაში ითამაშა, ყველას ბევრი მომენტი შეექმნა, ფერანს, ლევანს, დამბოს, ფატის, რაფინიას ალბათ ყველაზე ნაკლებად, გოლი კი ბევრი არ გასულა, მოკლედ, რეალიზება დიდი პრობლემაა, ეს მატჩი მინიმუმ ოთხი ბურთით უნდა მოგვეგო. არ გაუმართლა ლევანდოვსკის, უჩვეულოა, პენალტი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ისევ შეითავსა გამთამაშებლის ფუნქციები და ძალიან ლამაზი პასებით დატვირთა ფლანგები, მომენტები წამოვიდა და წამოვიდა.. გოლები არა.
პირველ ტაიმში საერთოდ ვერ გავიტანეთ, რაც ამდენი მომენტის პირობებში ტრაგედიაა.
ყველა ხედავს, რომ ფერან ტორესი სათამაშო პრაქტიკის მომატებასთან ერთად, სულ უფრო კარგად გამოიყურება, თუმცა, მთელ მის "ბარსელონურ" პერიოდს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ რეალიზების თვალსაზრისით ისევ იქ არის, სადაც იყო.
გოლი გვინდა ფერან!
შესაძლოა, ფსიქოლოგიურ ბარიერთან გვქონდეს საქმე, ან, კიდევ უარესთან, საქმე ის არის, რომ გოლის გატანას ვერავის ასწავლი, შეიძლება ფეხბურთელი დადგეს და კარში დარტყმაზე ივარჯიშოს მთელი დღე, მაგრამ ეს გოლის გატანაში ვერ დაეხმარება, საჭირო ალღო სჭირდება ამ ამბავს, სხვათა შორის, პედროს ჰქონდა ეს ალღო, ვერ იყო იმ "ბარსას" დონის, სათამაშო კლასით ბევრად ჩამორჩებოდა დანარჩენებს, თუნდაც ვილას, მაგრამ ეს მიზანსწრაფვა და ალღო ნამდვილად ჰქონდა, ფერანს კი არ აქვს, ჯერჯერობით ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჰოდა, რა უნდა იყოს შემტევი ფეხბურთელისთვის ამაზე ცუდი? არ ვიცი..
მუნდიალზე მაინც წავა. ენრიკეს ძალიან მოსწონს და იქნებ ხასიათიც გამოუსწორდეს, თორემ, შეცვალეს და სკამს მიასკდა პროტესტის ნიშნად, ჩავი ამას არ დაივიწყებს, პაუზამდე შეიძლება აღარც ააყენოს ამ სკამიდან.
გააფუჭა მომენტები ფატიმ, გააფუჭა დემბელემაც, მაგრამ გატანაც შეძლო. თან კარგი გოლი შეაგდო. წავა ისიც მუნდიალზე, ძირითადში ვერ ვიხილავთ, დეშამის ფავორიტი ფეხბურთელი ანტუან გრიზმანია, დანარჩენი ორი ადგილი კი ოქროს ბურთის ამჟამინდელ და მომავალ ლაურეატს აქვთ დაბევებული, არადა, დამბო რომ ძირითადში იყოს, საფრანგეთი ისეთ სისწრაფეებზე ითამაშებდა თავისი ფლანგებით, რომ ვერაფერი შეაჩერებდათ, მაგრამ.. ეს ხომ ფეხბურთია, სინაზე გამობმული ძაღლივით სირბილი რომ საქმეს შველოდეს, მარკ ოვერმარსი ყველა დროის საუკეთესო გარემარბი იქნებოდა.
ერთიც და გავდივართ.
ერთიც და დღესასწაულის მოლოდინში გავინაბებით.
მერე იქ მივადევნებთ თვალს ფავორიტ გუნდებსა და ფეხბურთელებს.
მანამდე კი სიები დაიდება და ვნახავთ, რამდენი "ბარსელონელი" წავა კატარში.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]