მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მიესალმეთ ჩემპიონებს!
Campeoneee!!!
მიესალმეთ ჩემპიონებს!
ნამდვილ ბარსელონელებს!
ახალი ერა დაიწყო.
ჩავი ერნანდესმა "ბარსას" მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო. მოიგო "მადრიდთან", მოიგო ლამაზად, დამაჯერებლად, ისე, როგორც იგებდა ფეხბურთელობისას. კარლო ანჩელოტი ჯიბეში ჩაისვა, იდეალურად დაგეგმა და იდეალურად შეასრულა.
სერხიო ბუსკეტსმა კაპიტნის რანგში პირველი ტიტული აღმართა.
პირველი ტიტული ლიონელ მესის წასვლის შემდეგ.
ეს გამარჯვება, შესაძლოა, რაღაც ახლის დასაწყისი გახდეს, თუმცა, ეს რაღაც ახალი, დიდი ხანია, დაიწყო.
ალბათ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოქროს ბიჭუნები გამოჩნდნენ გუნდში, - პედრი, გავი, არაუხო, ბალდე, - ბარსელონას მომავალი.
მოულოდნელი ტაქტიკა
ამას არ ველოდი. ბოლო სამ მატჩში ჩავიმ სამივე შეხვედრა განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა, "ატლეტიკოსთან" 3-4-3 ვნახეთ, "ბეტისთან" 4-3-3, ფინალში კი მოულოდნელად 4-5-1. დაცვის ხაზი რთული გამოსაცნობი აღარ არის, ეს ძირითადის ოთხეულია, თუმცა კითხვა ჩნდება ხოლმე, ვინ ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე, ამჯერად არაუხო ვნახეთ, ამის მიზეზი კი ვინისიუსია, არაუხოზე კარგად ბრაზილიელს ვერავინ იჭერს, კუნდე კი გადასარევად იცნობს ქარიმ ბენზემას, ასე რომ, მცველების გადანაცვლება გონივრულიც იყო და შედეგიანიც.
კრისტენსენს ჰქონდა საოცარი მატჩი, ისევე, როგორც მთელ გუნდს. პირველ რიგში, გამოსაყოფია მისი პირველი პასი, ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ გარსია ყველას აღემატებოდა ამ კომპონენტში, ახლა აღმოჩნდა, რომ კრისტენსენსაც ბევრი შესძლებია.
მარცხნივ ბალდემ იფრინა! შეადარეთ ეს მატჩი მის ბოლო "კლასიკოს" და ნახავთ, რამხელა პროგრესი აქვს ამ ბიჭს. ალბას ღირსეული მემკვიდრე ჰყავს.
ექვსიანზე ითამაშა ტრადიციულად სერხიო ბუსკეტსმა, ითამაშა ბრწყინვალედ! გახსოვთ "კამპ ნოუზე" 5:0 და ხუთი თითი ჟოზეს სახეზე? რა თქმა უნდა, გახსოვთ, 4:0 ის მერე ბუსკეტსმა გართობა დაიწყო, ქუსლით პასები, პაუზები, ერთი ფეხბურთელის სამჯერ დაჭერა პაუზაზე, ის დრო გამახსენა, ის თამაში, ის ბუსკეტსი, 3:0 ზე გართობაზე გადავიდა, ზემოდან გადმოხედა ძალიან დიდ ფეხბურთელებს, მთელი სეზონი სტაბილურობა ნამდვილად არ ეყოფა, სამაგიეროდ, ფინალისთვის ყველაფერი ეყო.
ფრენკი დე იონგს ეღირსა თავის პოზიციაზე თამაში. ეს არის მისი პოზიცია, კლასიკური საყრდენის გვერდით, უბრალოდ "ბარსა" ასე არასდროს თამაშობდა, ახლა კი ითამაშა. ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბოლომდე რეალიზებული, ბოლომდე ფრთაგაშლილი, ახლა ალბათ ნატრობს, ჩავიმ ტაქტიკა არასდროს არ შეცვალოს.
პედრი იყო ტრადიციულად ლევანდოვსკის უკან, დემბელე იყო მარჯვენა ნახევარმცველად, ლევანდოვსკი ფორვარდის პოზიციაზე და ერთადერთი კითხვის ნიშანი იყო დასმული, - შეძლებს თუ ვერა გავი მარცხენა ნახევარმცველად თამაშს? შეძლებს რომელია..
ისეთი ფეხბურთელია, რომ ყველგან შეძლებს.
ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, ძალიან დიდი გულით!
პრესინგი და დომინაცია
"ბარსამ" თავისი ფეხბურთი ითამაშა, ამიტომ იყო განსაკუთრებით სასიამოვნო ამის ყურება და თასის აღნიშვნა.
გოლებიც "ბარსელონური" გავიდა, თუმცა, გოლებამდეც იყო კარგი მომენტები. როგორც წესი, ამ მომენტებს ქმნიდა გავი და ასრულებდა ლევანდოვსკი. ჯერ იყო გავის ჩაწოდება და ლევის თავური, - მცირედით აცდა კარს.
მერე იყო პედრის კარგი პასი, გავის შემაგრებული ბურთი და ლევანდოვსკის დაბალი დარტყმა, მეტოქის ფეხებს შორის, მაგრამ კურტუამ როგორღაც მაინც მოიგერია ეს ბურთი, ბალდეს კი სიზუსტე დააკლდა, არადა, კარის ჩარჩოში მოხვედრა და გოლი ერთი იქნებოდა.
მერე გოლიც გავიდა, მაღალმა პრესინგმა შედეგი გამოიღო, სერხიო ბუსკეტსმა დასწრებაზე კამავინგას აჯობა, ვეტერანმა - ახალგაზრდას, გამოცდილებით, ინტელექტით და სისწრაფითაც. პედრის ბურთი არ ჰქონდა მიღებული, რომ უკვე იცოდა, ლევანდოვსკისთვის უნდა მიეცა, ერთი შეხებით, ლევის ორი შეხება დასჭირდა, იდეალური პასი შეაყოლა გავის და მანაც კარგი ფორვარდივით შეასრულა, - 1:0.
მეორე გოლიც ძალიან ჰგავდა პირველს და მესამეც ჰგავდა პირველ ორს, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს, როგორც "ბარსას", ისე მისი მეტოქის შემთხვევაში.
ბუსკეტსის პასით ზონა გაიჭრა, მადრიდელებმა შეცდომა დაუშვეს, დე იონგზე ერთდროულად ავიდა ორი მცველი, გავი კი მათ ზურგს უკან გაიქცა. არ დავმალავ და არ მომეწონა გავის პირველი შეხება, მომეჩვენა, რომ ზედმეტად ფლანგისკენ წაიღო ბურთი, ამ დროს მცველები მარტივად ახერხებენ ხოლმე კუთხის ჩაკეტვას, მაგრამ ისიც ჩანდა, რომ რაც ჩაიფიქრა, ზუსტად ის გააკეთა, მაქსიმალურად გაზარდა სივრცე მცველთან, რათა პასისთვის დრო დარჩენოდა, ესე იგი, თავიდანვე პასი ჰქონდა ჩაფიქრებული და დარტყმაზე არც უფიქრია, ესეც გამოვიდა, გოლიც გამოვიდა, ეგეც 2:0!
მესამე ჯერზე ისევ გავიმ გაიბრწყინა, ჩაჭრა ბურთი, გაათამაშა ლევისთან და ისევ იდეალური პასი გააკეთა, ამჯერად პედრიმ ჩაკეტა კუთხე, ლამაზი იყო, "ბარსელონური" იყო.
ანგარიში გამანადგურებელი გახდა.
მანამდე იყო მომენტი, ბალდეს რომ ფრთები შეესხა და დე ბრუინივით პასი გაჭრა დემბელეზე, მიყვარს ძალიან ამ ბიჭის აჩქარებები, გაიელვებს და ერთი წერტილიდან მეოერზე ჩნდება, დრაკულა უნთოლდივით, ქრება-ჩნდება, დამბომ კიდე ვერ გაიტანა... ქარს გაატანა.. არ იყო მისი დღე, თუმცა, რამდენჯერმე კარგად გაამწვავა თამაში.
ჩემპიონები!!
მომილოცავს პირველი ტიტული!
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი გუნდია. მთავარი პრობლემა ჩამოუყალიბებლობაა, ჩავის უყვარს ტაქტიკის ცვლა, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოსდის, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, როგორ უნდა, რომ "ბარსამ" ითამაშოს, მე მიმაჩნია, რომ სტაბილურად განსაზღვრული შემადგენლობა, ბევრად კარგ შედეგებს მოიტანს და ბევრად მაღალ ხარისხსაც დადებს.
აბა ვნახოთ, რა იქნება..
ერთი ტიტული ჯიბეშია. წინ კიდევ სამია დარჩენილი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]