მატჩისშემდგომი მიმოხილვა: რვა ქულით წინ!
"მადრიდი" დამარცხდა, "ბარსამ" მოიგო, სხვაობა 8 ქულაა!
ჯერ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება მთავარი, 8 ქულა კი დიდი უპირატესობაა.
"კამპ ნოუზე" "სევილია" გვესტუმრა და რაღაც ითამაშა. ფეხბურთი არ ჰქვია ამას, რასაც მთელი მატჩი აკეთებდნენ, არც ე.წ "ავტობუსი" ყოფილა, უფრო მინი-ვენივით გუნდი გამოდგა. თანაც მძღოლმა გზა არ იცის და რა გზით დადის კაციშვილი ვერ იგებს, მუდმივი საფთხეა რომ მთელი გუნდი გადაჩეხოს. დიდი გაბერილი ქურთუკი აცვია და ქუდშია ეს მძღოლი ჩამალული, მაგრამ მაინც ყველამ იცის რომ სამპაოლია მისი გვარი.
სამპაოლი კიდე სხვისი გაჭირვებაა. ამიტომ, გავეშვათ.
ცუდიც იყო..
ჩვენი გაგვჭირვებია, დაიწყო თუ არა თამაში სერხიო ბუსკეტსის ტერფი კაი ეგზორცისტის შელოცვილივით გადაბრუნდა, გამეორებაზე პირჯვარი გადავიწერე. ასეთ დროს დატვირთვა კოჭზე მოდის, მყესი იჭიმება, ხან ძვალი ზიანდება, რავიცი.. დასვენება ყველა შემთხვევაში მოუწევს. ახალგაზრდაც აღარ არის, სახსრებში აღარ არის იმდენი სითხე, რომ ელასტიური იყოს, ასაკთან ერთად ეს სითხე იკლებს, ძვლები უხეშდება და ტრავმის რისკიც იზრდება.
არადა, რა მაგარი ფორმა აკრიფა!
ჩავიმაც როგორც იქნა სტაბილურად დაიწყო იმ ტაქტიკით თამაში, რომელიც მე ძალიან მომწონს, რომლითაც აუცილებლად უნდა გვეთამაშა "მანჩესტერის" წინააღმდეგ. ახლა კი არავინ იცის რა იქნება. დემბელეს ბუსკეტსიც მიჰყვა, ეს კიდე დიდი დანაკლისია.
მის ნაცვლად კესიე შემოვიდა. დე იონგმა კი საყრდენზე დაიწია, კარგი პასები ჩამოარიგა, მაგრამ ტრადიციულად ტოვებდა ცენტრალურ ზონას. იმავე პრობლემას დავუბრუნდით, იდეალური დუეტი საყრდენ ზონაში დაიშალა.
კესიეს ტაქტიკურსა და დაცვით უნარებს კი ვერ შევაფასებთ, რადგან "სევილიას" არ შეუტევია. უბრალოდ მცირე ზეწოლის შედეგადაც კი კარგავდა ბურთს, "მანჩესტერთან" ძალიან მიჭირს ცენტრში მისი წარმოდგენა. ასე რომ, უმალ ტაქტიკა შეიცვლება, ვიდრე კესიეს ვიხილავთ.
შეტევას რაც შეეხება, ინიესტასავით არ დატრიალდა კაცო?! პასიც მისი მსგავსი გააკეთა და ჟორდიმ შეაგდო! იმსახურებდა, მთელი თამაში ძალიან აქტიური იყო, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი! ყველა ტურში აღარ შეუძლია ასე თამაში, თორემ სარგებელს კიდევ მოიტანს.
ჩავის დიდი ნაბიჯი
ნახეთ რა გააკეთა?
რაფინიას კატასტროფული თამაში ჰქონდა პირველ ტაიმში. მეორის დასაწყისშიც. ისე თამაშობდა, როგორც "სევილიელები". გარემარბი, რომელსაც დრიბლინგი არ შეუძლია, გარემარბი, რომელიც კაცს ვერ ატყუებს, ბურთს ვერ აჩერებს და ა.შ, - მძიმე სანახავია.
მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ლევანდოვსკიზე პასი მართებდა და რა გააკეთა კაცმა არ იცის, ჩავიმ ერთი მაგრად შეუკურთხა და გარემარბები გაუშვა გასახურებლად, მაგრამ მაინც არ იჩქარა. ბოლომდე ენდო იმ ფეხბურთელს, რომელსაც უმრავლესობა პირველივე ტაიმის მერე შეცვლიდა. ალბათ რაფინიაც გაოგნებული იყო, რომ მოედნიდან არ გაიყვანა, ნდობა იგრძნო, დამშვიდდა, თამაში გააგრძელა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა.
ამ ნდობის შედეგია გოლი და საგოლე პასი. ამ ნდობის შდეგია 3:0.
ახლა ჩავის იმედი ექნება, რომ რაფინია კიდევ უფრო მოუმატებს, კიდევ უფრო მეტად გაიხსნება. იქნებ მადლიერების გრძნობამ მაინც შეცვალოს რამე.
ასეა თუ ისე, ჩავის ნაბიჯი გამართლებული გამოდგა. ასეთ ნაბიჯებს კი დიდი მწვრთნელები დგამენ. არ აქვს მნიშვნელობა გამოდის თუ არა. როცა ამგვარ გადაწყვეტილებას იღებ, ესე იგი, ბევრ რამეზე მაღლა დგახარ.
ისევ უგოლოდ
დაგვირტყეს კარში ბოლოს. კუთხურიდან. გახურდა შტეგენი. გაყინეს კარებში.
არ შემოუტევიათ, არადა დაცვა მინდოდა საქმეში მენახა.
ნახეთ გავიმ რა გააკეთა? არა, იმ მაგარ ფინტზე არ მაქვს საუბარი, ასევე, ინიესტას მსგავსად რომ დატრიალდა, საუბარი მაქვს სულ სხვა ეპიზოდზე, ყველა ტურში რასაც აკეთებს, მეტოქის მოქნეულ ფეხთან რომ თავი მიაქვს ძალიან ახლოს და ბურთის ართმევას ცდილობს, ეს მგონი გავის ფინტია! ადრე თუ გვიან მოხვდება თავში, მაგრამ სანამ მოხვდება დიდებული სანახავია.
რაღაც ამდაგვარი შემოგვთავაზა არაუხომაც. აუტის ხაზთან. ორი ასეთი მხეცი რომ გყავს, თანაც ასეთ ასაკში. ესე იგი, წინ დიდი მომავალია.
კარგი მატჩი იქნება "მანჩესტერთან". ჩემპიონთა ლიგის დონის.
მანამდე კი "ვილიარეალია", გასვლაზე. იუნაიტედს კი სახლში მივიღებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]