მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გამარჯვების ტრიველა
მეოთხეც შევარდა "ბეტისის" კარში, თან ჰეთრიქისა იყო, თან ეგეც ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც მესამე გოლი გამოდგა, და თან რა გოლი! ფუნჯივით გასმული შევარდა უკიდურეს კუთხეში. ასეთი ტრიველა "ბარსას" ფეხბურთელის შესრულებით დიდი ხანია არ მინახავს, ბოლოს ლუის სუარესი გვანებივრებდა ხოლმე, მაგას ხომ ყველაფერი შეეძლო?! ამჯერად ჟოაუმ ითავა ეს საქმე, აზროვნებისა და ტექნიკის უზადო სინთეზი გამოვიდა, ბევრი არც უფიქრია, წამებში დალაგდა თავში და მერე უკვე შესრულებაღა დარჩა.
ამჯერად გამოვიდა, ძელთან ახლოს ჩაიარა და ბადეში გაეხვა.
რაღაც მომენტში ვერც დავიჯერე რომ შევარდა, აღსაქმელად დრო დამჭირდა. ამავე კუთხეში შეაგდო თავის დროზე რონალდინიომ, და იქ ბევრი წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. ესეც ლამაზი იყო, ესეც დარჩება ისტორიას.
ერთგვარი პასუხია ჟოაუს მხრიდან, პასუხი ჩავის, პასუხი არა სკამიდან ბოთლის სროლით ან ხელ-ფეხის ქნევით, არამედ პასუხი მოედნიდან. მიუხედავად ამისა, ჩავის მაინც რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს, იმიტომ, რომ ამ შეხვედრაში კიდევ გავიდა გოლები და ყველა ერთი ფეხბურთელის ანგარიშზეა.
სულ სხვა მოლოდინი იყო
თქვენი არ ვიცი, მე კი მქონდა მოლოდინი რომ სხვაობის შემცირებისთვის მოუწევდა "ბარსას" თამაში, წესით და რიგით, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესპანეთში წესი არ უყვართ და რიგს არ ცნობენ. მსაჯები ნაღდად არ ცნობენ, თავიანთი წესები აქვთ და ხანდახან თავისივე წესებსაც არ ემორჩილებიან. ქაოსია მათი ღმერთი. ქაოსზე ლოცულობენ. უწესრიგობაა გამეფებული, მრავალწლიან უწესრიგობაში კიდე ქაოსიც იძენს ლოგიკის ნიშნებს, ჰოდა, ის რაც ჩვენ ალოგიკურად გვეჩვენება, მათთვის ლოგიკურია.
რაშია ლოგიკა? ლოგიკა "მადრიდის" მოგებაშია.
როგორ, რატომ, არ აქვს მნიშვნელობა, "მადრიდმა" უნდა მოიგოს.
ასე რომ, ცოტა გაღიზიანებული, ცოტაც გაბრაზებული შევხვდი ამ თამაშს. "ბარსამ" კარგად დაიწყო, ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა, ერთი პედრის პასით შეაგდო, ერთიც იამალის აქტიურობას მოჰყვა. ძალიან ჭირდებოდა გოლები და აღნიშვნაზეც ეტყობა რომ ჩავის მიმართ მადლიერია, ამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა, ფაქტია რომ ბევრს მუშაობს და აგერ, დაუფასდა.
მესამე მესის სტილში შეაგდო, ხან ერთიც ვერ გააქვს, ამჯერად სამი ვნახეთ. ახლა სკამზე გადასმა არ გამოვა, კაცი, რომელსაც სამი გოლი გააქვს სკამზე ვერ დაჯდება.
ჰოდა, აქ იჩენს თავს ეს დილემა, სამმა შემტევმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა - ტორესმა, ჟოაუმ და იამალმა. ცენტრფორვარდებმა კი ერთმანეთზე უარესად ითამაშეს. რა გინდა რომ ქნა?!
ბავშვები
ალბათ იამალის საუკეთესო შეხვედრა იყო, ჯერ კიდევ 16 წლის არის. წარმოუდგენელი ამბავია, გარდამტეხი წლები იქნება. რასაც 21 წლამდე მისცემს თავის ორგანიზმს, ის იქნება დარჩენილი კარიერა. უმთავრესი ამოცანაა ტრავმები აირიდოს თავიდან, ამისთვის კი რაციონალიზმია საჭირო. რავიცი, თითქოს სწორად ათამაშებს ჩავი, ბოლომდე არ ტვირთავს, დასვენების საშუალებას აძლევს, ლამინეც განახლებული ბრუნდება, რაღაცებს აუმჯობესებს, რაღაცებში იხვეწება, ბევრ სიახლესაც გვთავაზობს, კართან უფრო სახიფათოა, სიზუსტეზე ისევ სამუშაო აქვს და მუშაობს, მთელი კარიერა წინ აქვს, რაღაც ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს ამ ბიჭისგან.
ამას ვერ ვიჯერებდით და უკვე მეორე ბავშვიც გაამწესეს ძირითად შემადგენლობაში. ესეც 16 წლის. თან ცენტრალური მცველი. სულ სხვა პასუხისმგებლობაა. მეკარეს ადრეულ ასაკში ყველაზე რთულად ენდობი, მერე ცენტრალურ მცველებს, მერე საყრდენს, მერე შემტევ ნახევარმცველებს, ყველაზე მარტივია თავდამსხმელებსა და განაპირა მცველს ენდო, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას თუ გადახედავთ რაღაც ასაკობრივი ზღვარიც მოექცევა ლოგიკაში, თუმცა, არიან ძალიან დიდები, უდიადესები, რომელთაც ამ ასაკში ანდეს დაცვის ხაზი.
პაუ კუბარსი - თან კულე, თან "ბარსა". ეგრე ჟღერს ამის გვარი. შუა თამაშზე წყალი მოითხოვა, მეორე ტაიმში დაიძახა რამე დამალევინეთ გავწყდი წელშიო.
რთულია ახლა ვარაუდის გამოთქმა, რა შეუძლია და როგორ. ფაქტია რომ ნიჭიერია, ფაქტია რომ შანსი მისცეს და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ზოგი ჭირი მარგებელია. ფინანსური კრიზისი "ბარსას" აიძულებს "ლა მასიელებს" მაქსიმალური ნდობა გამოუცხადოს, ეს კი წარმატების გასაღებია. ვინც ამ გზას გადაუხვია ყველამ კისერი მოიტეხა.
"ბეტისმა" დააქამბექა. ისკოს გოლებით. კარგი გოლები შეყარა. ყოველთვის მომწონდა, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის სურდა "ბარსაში" თამაში და ძაღლს მესი დაარქვა. უბრალოდ, მაშინ როცა ისკო "მალაგაში" ბრწყინავდა, "ბარსას" თანავარსკვლავედი ჰყავდა, ამიტომ, ინტერესიც არ ყოფილა.
მისგან გოლები არ მწყინს, როცა მეტოქე აგებს.
შემდეგი შეხვედრა დიდი გამოცდაა - "სან მამესზე", "ბილბაოსთან". თასის ეგიდით.
კარგია რომ "ბარსა" ამაღლებული განწყობით მიდის. ერთიანობის სულისკვეთება დააბრუნა ბოლო წუთებზე მოგებულმა შეხვედრამ. როგორც ჩანს, ჩავის ჯერ კიდევ აქვს ფეხბურთელების მხარდაჭერა, ეს კი იმედიანად განგვაწყობს.
აბა, წავედით ბილბაოში!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]