მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ფიქრით სულ სხვაგან
წავიდა მსაჯი მონიტორთან და ყველა ასეთი წასვლა გამახსენდა მთელი სეზონის განმავლობაში, ახლა რას დაინახავდა, ან რას ჩასძახებდნენ ყურში უკვე უმნიშვნელო გახდა, მცირე ინტრიგა შემორჩენილია, მაგრამ მთავარ მიზანს ვერც "ბარსა" მიაღწევს და ვეღარც "სოდიედადი". დიდი ხანია უკვე "ბარსელონამ" ჩემპიონობა დაკარგა, შესაძლოა, უფრო დიდი ხანია "სოსიედადი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაემშვიდობა.
პენალტიაო - გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ. უკვე ბოლო წუთები კვდებოდა ტაბლოზე. ასეთი მატჩები რთული საყურებელია ხოლმე. ფეხბურთელებს მომდევნო მატჩზე მეტად დასვენება აინტერესებთ, ვიღაც კი უკვე ევრო 2024-ის, ან კოპას განაცხადზე ფიქრობს. აი, რაფინია აღმოჩნდა რომ Rio Grande de Sul-ზე ფიქრობდა. ასეთი შტატია ბრაზილიაში, სადაც დიდი წყალდიდობა მოხდა, ხალხი დაიღუპა და დაზარალდა. რაფინიამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მის მაისურზეც ამოვიკითხეთ - Pray for RS.
2:0 გახდა ანგარიში. რაფინიას კი ეკუთვნოდა ეს გოლი. მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და კარგი მომენტებიც შექმნა. განსაკუთრებით შორეული დარტყმებია გამოსაყოფი. ძელიც იყო, მეკარის კარგი თამაშიც, მცირე უზუსტობაც, სულ რაღაც აკლდებოდა, ჰოდა, ბოლოს როგორც იქნა შეაგდო.
"ბარსა" ისევ მეორე ადგილზეა, ძირითადი შემადგენლობით ითამაშა, წინ სამი თამაშია და ჩავი სამივეს მოგებას აპირებს. მთავარი კითხვა სულ მცირე ხნის წინ გახდა აქტუალური - ვინ დარჩება გუნდში?
წამსვლელ-მომსვლელები
ამბობენ ბევრი წავაო. ამას ყოველ წელს ამბობენ, ხანდახან მართლა ბევრი მიდის, მერე ბევრიც მოდის, იმ ბევრიდან კიდე ერთი-ორი თუ გამოგვადგება ისე როგორც გვინდა. ფრენკი დე იონგს ისევ ტრანსფერზე აყენებენო - ესეც ითქვა. ყველაზე დიდი სახელი წამსვლელებში ის არის, მომსვლელებში კი ორი დიდი გვარი ფიგურირებს - ბერნარდუ და კვარაცხელია.
სანამ "ბარსა" კაპიკებს აგროვებს ეგერ "მადრიდმა" კილიან მბაპე დაიმატა. ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ დღეების ამბავია. ისედაც ყველაფერს იგებენ და ახლა მბაპეც დაიმატეს. ისღა დაგვრჩენია დისბალანსის იმედზე ვიყოთ, ეს უფრო პირველი ვადით არჩეული ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებას მოაგონებს ადამიანს, გალაქტიკოსის შემქმნელის, მთავარია მოიყვანოს საუკეთესო ფეხბურთელი და დიდად არ ფიქრობს იმაზე გუნდს როგორ შეეწყობა, ვინისიუსზე როგორი გავლენა ექნება და ა.შ, ეგ მწვრთნელმა გადაწყვიტოსო - ასე ამბობდა ძველი ფლორენტინო. ასე ამბობს ალბათ ახლაც.
ჩვენ კი კვარაცხელიას ველით. კაცი რომ დაფიქრდე, რას უნდა გადაეწონა მბაპეს ტრანსფერი "ბარსას" ქართველი ქომაგისთვის, მხოლოდ ერთი ვარიანტი იქნებოდა, მხოლოდ კვარაცხელია. მერე აღარაფერი გაინტერესებს, ვინ ვის ჯობია და რამდენად, მთავარია რომ ჩვენი ვარსკვლავი "ბარსას" უახლოვდება. სულ რაღაც 150 მილიონში დგას.
ასეთი ფასი დაადო ლაურენტისმა.
რვა წელი დიდი დროა. რვა წლის წინ დემბელეში გაისროლეს თითქმის იდენტური თანხა. წესით, არ უნდა გაჭირდეს ამ კაპიკების აგროვება. როცა საჭიროა შეაგროვებ, ეგერ, ერთი ბედკრული ქვეყნის ხალხი ორ მიალიარდს აგროვებს რომ ფაშას გადაუხადოს და თავისივე სიცოცხლე გამოისყიდოს, 150 მილიონის შოვნას რაღა უნდა?!
თან, როცა შენი ვალიც მილიარდს სცდება მერე დიდად გულიც აღარ გისკდება - წაამატეთ ძმებო ერთი 150 მილიონი.
ლამინე, ლამინე..
ახალგაზრდების ყურება სეზონის მიწურულსაც საინტერესოა. მათ მოტივაცია ბოლო თამაშამდე აქვთ, უყვართ კიდეც ამ დროს თამაში, რადგან მეტოქისგან განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ვერ გრძნობს. ჰოდა, აგროვებენ გოლებს, სეზონის ბოლოს მთელი ქვეყანა დაუთვლის და იტყვის - აი, რა მაგარი სეზონი გამოგივიდა, ღირსი ხარ ევროზე წაგიყვანოს მწვრთნელმაო.
ლამინემ ლა ლიგაში მეხუთე გოლი შეაგდო. მეექვსე გოლი "ფანტომია", რომელსაც ჩვენ ვუთვლით, ტებასი - არა. თასზე და სუპერ თასზეც შეაგდო თითო-თითო. თუმცა, მისი თამაშის შეფასება სტატისტიკის მიხედვით მაინც არ ღირს, საერთოდ, არავის შეფასება არ ღირს მხოლოდ სტატისტიკით. ლამინეს დიდი პროგრესი აქვს, მასზე იმედებს ამყარებენ, "ბარსა" მზად არის ყველა გარემარბი გაუშვას ოღონდ იამალი არა. "ბარსა" მზად არის ფორვარდიც გაუშვას და სულ თავიდან დააკომპლექტოს შემტევი ხაზი, ოღონდ იამალთან ერთად.
სწორია ალბათ, ასეც უნდა იყოს.
ლამინემ კი პირველი გოლი შეაგდო ამ შეხვედრაში. ილქაის პასი შეირგო და ანგარიში გახსნა. კარგი დარტყმა იყო, გამოზომილი, კარგი ფინიშერივით შეასრულა.
მომდევნო მატჩი "ალმერისთან" შედგება.
მერე "რაიო", მერე "სევილია" და დასრულდება კიდეც ეს სეზონი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]