ჯვარედინი იოგების ტრავმა - ვინ გადაიტანა და როგორ დაბრუნდა
17 წლის მარკ ბერნალმა დიდ ფეხბურთში შემოდგა თუ არა ფეხი, მაშინვე ტრაგედია შეემთხვა. ასეთ ასაკში, ასეთი ტრავმა, ნამდვილად ცხოვრებისეული ტრაგედიაა. ბუსკეტსს შედარებულმა კაცმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვით დაემშვიდობა ფეხბურთს. ახლა ყველაფერი ოპერაციაზე და რეაბილიტაციაზე იქნება დამოკიდებული.
მე კი რამდენიმე ფეხბურთელი გამახსენდა იდენტური დაზიანებით. საინტერესო იქნება თუ გადავხედავთ, ვინ რა ასაკში გაიწყვიტა იოგები, რა დრო დასჭირდათ აღსადგენად, რა ფორმაში დაუბრუნდნენ მოედანს, და დატოვა თუ არა ტრავმამ მძიმე კვალი.
აბა, დავიწყოთ.
პეპ გვარდიოლა - 1998
1998 წლის 19 იანვარი, ლუი ვან გაალის "ბარსამ" კლაუდიო რანიერის "ვალენსიას" უმასპინძლა და.. საშინელი მოგონებაა.
დავიწყოთ იმით, რომ მე-19 წუთზე პეპ გვარდიოლამ უკანა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. მაშინ პეპი 27 წლისა იყო. ტრავმის მერე მისი კარეირა მაღლა არ წასულა. ყველაზე მეტად ეს განასხვავებდა ჩავი ერნანდესისგან, პეპი 19 წლის ასაკში გაიხსნა, იოჰან კრუიფის ხელში, ჩავი ერნანდესს კი 27 წლისას შეესხა ფრთები - პეპ გვარდიოლას ხელში.
გვარდიოლას ვან გაალი ისედაც არ მოსწონდა, ფიზიკურად ისედაც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და ასეთი ამბავი დაემართა. ამის გამო გვარდიოლამ მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა, მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით.
მატჩი კი ძალიან ცუდად გასახსენებელია, "ბარსა" 3:0 იგებდა, ბოლოს კი მოახერხა და 3:4 დამარცხდა. ბოლო ორი გოლი 87-ე და 88-ე წუთებზე გაუშვეს.
ედმილსონი - 2004
ლა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი "ნუმანსიასთან", 2004 წლის სამი ოქტომბერი. ედმილსონმა მატჩის მესამე წუთზე გაიწყვიტა წინა ჯვარედინი იოგი. ოპერაციამ ორ საათს გასტანა, ბრაზილიელმა კლინიკაში სამი დღე გაატარა.
ახლა დროული გასახსენებელია, მაშინ "ბარსამ" მესამე საყრდენი ნახევარმცველი დაკარგა. სწორედ ასე იქცა რაიკაარდის ხელში საყრდენ ნახევარმცველად რაფა მარკესი. ახლა ფლიკიც იძულებული იქნება ასე მოიქცეს და რომელიმე ცენტრალური მცველი გამოიყენოს საყრდენის პოზიციაზე.
ტრავმის დროს ბრაზილიელი 28 წლისა იყო. რეაბილიტაციამ რვა თვეს გასტანა და ჩემპიონატის დასკვნითი სამი მატჩის ჩატარება მოასწრო. მომდევნო სეზონში კი "ბარსასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
ედმილსონის ტრავმის შემდეგ "კამპ ნოუს" გაზონზე კვლევა ჩაატარეს, რადგან ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, სეზონის დასაწყისში იოგები გაიწყვიტეს გაბრიმ და ტიაგო მოტამ, მომდევნო თვეს კი ჰენრიკ ლარსონიც შეუერთდა მათ რიცხვს. მკვლევრებმა დაასკვნეს რომ ყველაფერი "კამპ ნოუს" სადრენაჟო სისტემის ბრალი იყო, რომელიც სახსრებზე ზრდიდა ზეწოლას.
ჰენრიკ ლარსონი - 2004
"ბარსამ" ჰენრიკ ლარსონი 2004 წლის ზაფხულში შეიძინა. რონალდინიო და ეტო'ო ხშირად აღნიშნავდნენ მის როლს რაიკაარდის "ბარსელონაში". გამორჩეული პროფესიონალი იყო. შვედი უკვე 33 წლისა იყო და ასე ჩაება დიდ კონკურენციაში. ნოემბრამდე ის უფრო მეტ სათამაშო დროს იღებდა, ვიდრე ლუდოვიკ ჟიული, 2004 წლის 20 ნოემბრის კლასიკოც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. სწორედ "მადრიდთან" მიიღო ტრავმა, ლარსონმა წინა ჯვარედინა იოგი გაიწყვიტა და მოედანს 2005 წლის მაისში დაუბრუნდა.
"ბარსას" შვედის შემცვლელი უნდა მოეყვანა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე და პირველი 36 წლის ბატისტუტას მიადგნენ, რომელიც მაშინ კატარში თამაშობდა. ბატიმ თქვა 6 თვიანი კონტრაქტი არასერიოზულიაო და ტრანსფერი არ შედგა, სამაგიეროდ, რეკომენდაცია გაუწია ახალგაზრდა არგენტინელ მაქსი ლოპესს. "ბარსამ" ლოპესი იყიდა, რომელმაც "ჩელსისთან" მერვედფინალში გაიბრწყინა და მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა რომ იქვე დამთავრდებოდა მისი დიდი ფეხბურთი და მომავალში მხოლოდ იმით გახდებოდა ცნობილი რომ მაურო იკარდი ცოლს წაართმევდა.
რაც შეეხება ლარსონს, ამბობდნენ კარიერას დაასრულებსო, მაგრამ კიდევ ერთი წლით დარჩა "ბარსელონაში", თანაც ისე დარჩა რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი საგოლე პასი მიითვალა და ასე ამაყად წავიდა კლუბიდან. მერე "მანჩესტერშიც" ითამაშა ფერგის მიწვევით, მერე მშობლიურ შვედეთშიც დაბრუნდა და ზესტაფონსაც გაუტანა საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ტრავმამ კი დიდად ვერ შეაშინა, რადგან ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, როცა გრძელი თმა და დრედები ჰქონდა, როცა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და გოლებს დელ პიეროს მსგავსად ენაგადმოგდებული აღნიშნავდა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო - მისი წვივის ძვალი ისე გადატყდა შუაზე რომ მხოლოდ კანი აკავებდა განცალკევებისგან. ჰენრიკმა ეს ამბავი გადალახა და წინა იოგი რას დააკლებდა?!
ჩავი ერნანდესი - 2005
ჩავი იდეალური მაგალითია იმისა რომ იოგების ტრავმა დასასრული არ არის. ერნანდესი 25 წლის იყო და ჩემი აზრით ამ ტრავმის მერე უკეთესი ფეხბურთი ითამაშა. რამხელა შრომა და თვითრწმენა სჭირდება ამას თავად განსაჯეთ.
ჩავიმ 2005 წელს, დეკემბრის დასაწყისში ვარჯიშზე გაიწყვიტა ჯვარედინი იოგი და საფრთხეც გაჩნდა რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა.
"მენტალურად 1000%-ით მზად არის, რაც ძალიან დაეხმარება მის გამოჯანმრთელებას", - ამბობდა ექიმი ჟორდი არდევოლი.
ექიმი რამონ კუგა უფრო თავშეკავებული იყო - "მხოლოდ ღმერთმა უწყის. ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვართ. ძალიან ადრე სვამთ კითხვებს, მხოლოდ ახლა დასრულდა ოპერაცია. ბოლო სიტყვა მასზე იქნება, მაგრამ ახლა რამის თქმა რთულია", - ამბობდა კუგა ოპერაციის შემდეგ.
ვერაფერს იტყვი, დიდებული ექიმები ყოფილან, ჩავი სრულ ხუთ თვეში დაუბრუნდა მოედანს. მაისის ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ როცა საქმე ცვლილებაზე მიდგა რაიკაარდმა ინიესტა შეიყვანა მოედანზე და არა ჩავი. საბოლოოდ, მართალიც გამოდგა.
ერნანდესი 27 წლის ასაკში გაიხსნა ბოლომდე. ამ დროს იქცა იმ ფეხბურთელად, ვისაც ბევრი ყველა დროის საუკეთესო რვა ნომრად მიიჩნევს.
გავი - 2023
გავიმ 2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გაიწყვიტა ჯვარედინი იოგი და მოგვიანებით კვლევებმა აჩვენა რომ იოგებთან ერთად მენისკიც დაზიანებული იყო.
"ცუდი დღეა მთლიანად სპორტისთვის, გასახდელში ისეთი სიჩუმე იყო თითქოს დავმარცხდით. გავი შესანიშნავ ფორმაში იყო, უსამართლობაა ასეთი შედეგი", - თქვა მატჩის შემდეგ დე ლა ფუენტემ.
გავიმ გამოტოვა ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონატები. ესპანეთმა ორივე ტურნირი ჩემპიონობით დაასრულა, გავისთვის კი სიხარულთან ერთად ალბათ სევდიანი წუთებიც იდგა.
წარსულის გახსენებამ შეგვახსენა რომ არ არსებობს მოუშუშებელი ტრავმა. ადამიანს აქვს უნარი ყველაფერს მოერიოს. იმედია, ჩავის მსგავსად გავი და ბერნალიც ამის ცოცხალი მაგალითები იქნებიან.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]