მესი იუბილარია - გადავხედოთ ბარსელონურ კარიერას

მესი იუბილარია - გადავხედოთ ბარსელონურ კარიერას

   ლეო 38 წლის გახდა, ჯერ კიდევ მოედანზეა და პლეი-ოფში კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება. დიდად კარგი მოგონებები არ აკავშირებს პარიზელებთან, სამაგიეროდ, ლუის ენრიკესთან აქვს გადასარევი მოგონებები, დასასრულისკენ მიდის მისი კარიერა, პასუხისგან ყოველთვის თავს იკავებს ხოლმე, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალ წელს, ამ დროს, ისევ ამერიკაში იქნება, უკვე არა საკლუბო, არამედ სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატზე. 

ჩვენ კი შეგვიძლია მის გამოჩენასა და დასასრულს გადავავლოთ თვალი. ეს ამბავი ხომ არასდროს მოგვბეზრდება. 

 

2004/2005 - ვინ არის ეს ბიჭი? 

ამ სეზონში მესი ბევრს არ ახსოვს, მცირე დრო ეძლეოდა, სულ რაღაც 17 წლის იყო "ესპანიოლის" წინააღმდეგ რომ გამოვიდა მოედანზე, ლა ლიგის მეშვიდე ტურში. მეწყინა, რდგან დეკუ გაიყვანეს, დეკუს თამაშის ყურება მიყვარდა, ეს კიდევ არც ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ პირველივე შეხებისთანავე შეეტყო, რომ განსაკუთრებულია, შორი მანძილიდანაც კარგად დაარტყა მარცხენა ფეხით. მერე კომენტატორმა ვასია უტკინმა თქვა ეს ბიჭი 17 წლის არისო და აქ რაღაცები თავდაყირა დადგა, 17 წლის ბიჭები ასე ვერ თამაშობენ ფეხბურთს. 

რა დროა ესა? რა დროა და რონალდინიო რიგით მეორე სეზონს ატარებს "ბარსაში" და მსოფლიოში საუკეთესოა. ლაპორტამ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სატრანსფერო ფანჯარა დახურა, მოიყვანა დეკუ, ეტო'ო, ლარსონი და ჟიული. ესე იგი, რონალდინიოს ირგვლივ საჩემპიონო გუნდი შეკრიბა. რაიკაარდიც მეორე სეზონს ატარებდა "ბარსაში" და მესის ნიჭის შესახებ მასზე კარგად არავინ იცოდა, მაგრამ შეტევაში კონკურენცია დიდი იყო. ერთი ეგ არის, რომ ნოემბრის ელ კლასიკოში ლარსონმა ჯვარედინი გაიწყვიტა, აქ პატარა ლეოს შანსი მიეცა, მაგრამ "ბარსამ" შემცვლელის ძებნა დაიწყო, ჯერ კატარში წასულ ბატისტუტას დაუკავშირდნენ, მაგრამ 36 წლის გაბიმ უარი შემოუთვალა, ამ წელს ჩავამთავრებ და სახლში მივდივარო, მერე კიდევ ახალგაზრდა მაქსი ლოპესი შეიძინეს, რომელმაც გაიბრწყინა კიდეც "ჩელსისთან" "კამპ ნოუზე", მაგრამ მეტი სარგებელი აღარ მოუტანია. ახლა კი ვიცით, რომ მესიზე დაყრდნობა აჯობებდა, მაგრამ მაშინ სხვაგვარად განსაჯეს. 

"ბარსამ" ექვსწლიანი პაუზის მერე შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ჩემპიონთა ლიგაზე კი ძალიან დასანანი მარცხი იწვნიეს "ჩელსისთან". რონალდინიოს მაგია საკმარისი ვერ გამოდგა. 

ლეომ პირველი გოლი სეზონის მიწურულს შეაგდო "ალბასეტესთან",  რონალდინიოს პასის შემდეგ მეკარეს თავზე გადაუგდო, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, არადა, გოლი იყო, უბრალოდ, გვერდითი მსაჯი შეცდა. სულ მცირე ხანში კი მოხდა ყველაზე ცნობილი დე ჟა ვუ, რაც "კამპ ნოუს" უნახავს, ისევ რონალდინიოს პასი და ისევ მეკარის თავზე გადავლებული ბურთი - ასეთი იყო პირველი გოლი. წლების მერე იტყვის, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ტელმო ზარას რეკორდს მოვხსნიდიო, ზარასი კი არა.. რეკორდი არ დაუტოვებია მოუხსნელი. 

პუბლიკის რეაქციაზე კი ერთი რამ გახდა ცნობილი, მსოფლიო ჯერ არ იცნობდა, "კამპ ნოუსთვის" კი იყო მესია, რომელსაც დიდი გამარჯვებები უნდა მოეტანა, კლუბში მის შესახებ უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა - „როცა ბარსაში გადავედი, ისინი უკვე საუბრობდნენ ლა მასიას ფეხბურთელზე, უკვე საუბრობდნენ სასწაულზე". ბიჭი, რომელიც სიმაღლეში ზრდას ვერ ახერხებდა, "ბარსამ" იშვილა და ამ სიკეთის წყალობით ყველაზე დიდი კაცი გაიზარდა ვინც კი ფეხბურთში გვინახავს. 

  • ითამაშა 9 მატჩი 
  • შეაგდო 1 გოლი 
  • მოიგო ლა ლიგა 

 

2005/2006 - 50 მილიონი მესიში! 

 ყველაფერი გამპერის თასით დაიწყო, სეზონის წინ გუნდი დაკომპლექტებულია და გულშემატკივარი ხედავს როგორი გუნდი ეყოლება მთელი სეზონის განმავლობაში, "ბარსამ" "იუვენტუსი" მოიწვია და მატჩის მერე კაპელომ მესის დაუყოვნებლივ შეძენა მოითხოვა, 50 მილიონს იხდიდნენ 18 წლის მესიში, "იუვეც" და "ინტერიც", მაგრამ აბა ვინ გაუშვებდა?! გაოგნებას ვერ მალავდნენ ფაბიო კაპელო და პატრიკ ვიეირა, ავლებდნენ პარალელს დიეგო მარადონასთან, ისეთივე დრიბლინგი, ისეთივე კორდინაცია, მოედნის ხედვა, პასის კულტურა, ესეც ცაცია და ძალიან ახლოს ბურთი ფეხთან, მესიმ დიდი განაცხადი გააკეთა იმისათვის, რომ ახალი სეზონი ძირითად შემადგენლობაში დაეწყო. 

ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი ძირითადში, ჟიული სკამზე გადასვა და პირველ ელ კლასიკოშიც მიიღო მონაწილეობა, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ბარსა" რონალდინიო, ეტო’ო, მესის ტრიოთი უტევდა და ის მატჩი სულ სხვა კაცმა მიისაკუთრა, ბრაზილიელმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სალაპარაკო აღარ დატოვა, მაგრამ მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იყო თვრამეტი წლის მესი, რომელიც რობერტო კარლოსისა და ზიდანის ფლანგზე თამაშობდა, წესით "ბარსას" ამ ფლანგიდან უნდა გასჭირვებოდა შეტევების მოგერიება, მაგრამ მესის გადამკიდე შეტევაში ვერც კი წავიდნენ, რთული გასახსენებელია ზიდანისა და კარლოსის დუეტი ვინმეს ასე დაეჩაგროს და საერთოდ ვერ გაიხსენებთ, რომ ეს 18 წლის ბიჭს გაეკეთებინოს. 

თუმცა, საუკეთესო მატჩი "ჩელსისთან" ჩაატარა, მოურინიოს გუნდს უკავშირდება მესის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი მოგონება. "ბარსამ" წინა სეზონში სწორედ ჩელსისთან დათმო მერვედფინალი და რევანშის დრო მოვიდა, პირველი მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" შედგა, ჟოზეს მოთხოვნით მოედანი გადათხარეს, "ბარსას" ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა ექნებოდა, აბა, რონალდინიოს და მესის ერთად რა უნდა მოუხერხო?! ლიონელ მესის გადათხრილ მოედანზეც ვერ წაგლიჯეს ბურთი, ჯერ დელ ორნომ მუხლში ჩაარტყა გაშლილი ფეხი, აშკარა საწითლე ეპიზოდი იყო, მაგრამ მსაჯს გამოეპარა და VAR-იც არ იყო, მომდევნო ეპიზოდში კი რობენს და იმავე დელ ორნოს პატარა გაკვეთილი ჩაუტარა და მორიგი უხეშობის დროს ბასკი მოედნიდან გააძევეს, "ბარსამ" 2:1 მოიგო, მესი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

ცუდი მოგონება საპასუხო მატჩს უკავშირდება, თამაშის დაწყებიდან მალევე კუნთი გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდა, ყველა საპლეიოფო მატჩი და ფინალი გამოტოვა "არსენალთან", ჰქონდა იმედი, რომ საფინალო მატჩის განაცხადში შეიყვანდნენ, მაგრამ რაიკაარდმა მიღმა დატოვა. კუთვნილი ოქროს მედალი ჩაიბარა, მაგრამ განაწყენებული ბანკეტს აღარ დაესწრო. 

  • ითამაშა 25 მატჩი 
  • შეაგდო 8 გოლი 
  • მიითვალა 5 საგოლე პასი 
  • მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა 

 

2006/07 - მარადონას მემკვიდრე 

მომდევნო სეზონში უკვე ყველამ იცოდა თუ რასთან ჰქონდა საქმე, სწორედ ამ სეზონში მოხდა დიეგო მარადონას რეინკარნაცია, ორი ყველაზე ცნობილი გოლის, რომელსაც თავის დროზე ფრანგულმა L’Equipe-მა ღვთაებრივი და დემონური გოლი უწოდა, თუმცა, დიეგო დემონურ გოლსაც ღმერთს მიაწერდა. 

19 წლის მესიმ "ხეტაფესთან" გაიტანა ალბათ კარიერის საუკეთესო გოლი, მოედნის ცენტრიდან დაიწყო, მცველები მიყარ-მოყარა, მერე მეკარეც მიამატა და მარჯვენა ფეხით შეაგდო. სეზონის ბოლოს საჩემპიონო შეხვედრაში ხელით შეაგდო, მართალია მისი დუბლი "ბარსას" არ ეყო ჩემპიონობისთვის, მაგრამ მაინც ყველა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა, პატარა არგენტინელმა, დიდი არგენტინელის გზაზე გაიარა. 

შუა სეზონში კი მოხდა ის, რაზეც დღემდე საუბრობენ, მესიმ "მადრიდს" სამი გოლი შეუგდო, მესამე გამთანაბრებელი, იხსნა გუნდი წაგებისაგან, თანაც, კაცნაკლული გუნდი, ოლეგერი პირველივე ტაიმის ბოლოს გააძევეს, დაიღრიალა პუბლიკამ და გაიხარა პატარა ლეომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ამბავი დატრიალდა, მაინც ვერავინ იფიქრებდა კიდევ რა ამბებს დაატრიალებდა პატარა ლეო. 

ასე, ალაგ-ალაგ აეწყო ამ სეზონის ფრაგმენტები, რადგან მესიმ კვლავ მიიღო ბარძაყის კუნთის ტრავმა, ისე ჩანდა, რომ ზედმეტი დატვირთვა ვნებდა, ამის გამო ცუდ ფორმაში შეხვდა "ლივერპულთან" მერვედფინალს, "ბარსა" ლიგიდან გავარდა. სეზონის წინ სუპერ თასის ფინალი წააგეს "სევილიასთან", ზამთარში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი წააგეს "ინტერნაციონალთან", ნაადრევად გავარდნენ ლიგიდან, სამბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს კოპას ნახევარფინალში "ხეტაფესთან", ძალიან დრამატულად დამარცხდნენ ლა ლიგაში. მოკლედ, რაღაც აირია, ამ არეულში მხოლოდ მესის იმედი გვქონდა. 

  • ითამაშა 36 მატჩი 
  • შეაგდო 17 გოლი 
  • გააკეთა 3 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ესპანეთის სუპერ თასი 

 

2007/08 - გაუშვით ყველა, ახალი გუნდი მესიზე უნდა აეწყოს 

სეზონის წინ "ბარსამ" საოცნებო ტრანსფერი გაჩარხა და ტიერი ანრი გადმოიბირა, ატყდა დიდი მსჯელობა ვის მოუწევდა სკამზე დაჯდომა, დიდი ტრიო ოთხეულად გადაიქცა და მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ლაპორტასგან ძირითადის გარანტია - 20 წლის ლიონელ მესიმ. არც რონალდინიოს, არც ეტო’ოს და არც ანრის ანალოგიური გარანტია არ მიუღიათ. საბოლოოდ, გუნდისთვის ძალიან ცუდი სეზონი გამოდგა, რადგან ტრავმებითა და შიდა კონფლიქტებით იყო დახუნძლული, ჩვეულ კუნთის ტრავმას ვერ გადაურჩა ლიონელ მესი, ამჯერად "მესტალიაზე" მოხდა ეს ამბავი, ორი საგოლე პასი გააკეთა, ორივე ეტო’ოზე, მერე კუნთზე იტაცა ხელი და განადგურებულმა დატოვა მოედანი. ამის გამო ელ კლასიკო გამოტოვა. 

ტკივილის გარეშე გამარჯვებები არ მოდის. შეხედავ მესის და თითქოს სულ გამარჯვებებია, პირველივე ნაბიჯიდან, მაგრამ არ არის ასე, მარცხიც ბევრი იყო და ცრემლიც. 

დაბრუნებიდან მალევე ისევ ტრავმა მიიღო და ზედ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ დაბრუნდა, "მანჩესტერ უნაიტედის" წინააღმდეგ, ეს იყო მისი პირველი გადაკვეთა მთავარ მეტოქესთან და მთავარ მოტივატორთან, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო სეზონს ატარებდა "იუნაიტედში", მიუხედავად ამისა, მესიმ ორივე მატჩში აჯობა, განსაკუთრებით "ოლდ ტრაფორდზე", სადაც მასზე ადევნებული პოლ სქოულზი პატარა ბავშვივით აპამპულავა, – „არ მრცხვენია იმის აღიარების, რომ მესისთან მიახლოვების მეშინოდა“, - თქვა მოგვიანებით სქოულზმა, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ბედის ირონიით გმირად იქცა, შორიდან გაისროლა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. 

მინდორზე არ იყო რონალდინიო, რომელიც რეგრესისკენ წავიდა და ყველა მიხვდა, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, ახალი გუნდი ლიონელ მესიზე უნდა აწყობილიყო. რაიკაარდის "ბარსა" დასრულდა. 

  • ჩაატარა 40 მატჩი 
  • შეაგდო 16 გოლი 
  • მიითვალა 16 საგოლე გადაცემა 
  • ტიტულები არ ყოფილა 

 

2008/09 - პეპის მესი 

ერთგვარი გარდამტეხი სეზონი გამოდგა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მესის დიეტა დაუნიშნეს, კუნთის ტრავმას როგორც იქნა ეშველა, მომდევნო წლებში ითქვა, რომ ეს თევზის დიეტის დამსახურება იყო, რამაც კუნთის ქსოვილის გამაგრებას შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, ეს იყო პეპ გვარდიოლასა და მესის დაუვიწყარი თანამშრომლობის დასაწყისი, ალბათ საუკეთესო დუეტის, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის. გარდამტეხი გამოდგა იმით, რომ, სწორედ გვარდიოლას ხელში ისწავლა მესიმ რაციონალურად თამაში, რაიკაარდის პერიოდში თუ ყველა ეპიზოდში მაქიმალურ სისწრაფეზე თამაშობდა, გვარდიოლას ხელში ძალების გადანაწილება ისწავლა და რაც მთავარია, სეზონის წინ პეპმა უთხრა, თუ ჩემი იდეების განხორციელებაში დამეხმარები, ერთ თამაშში 3-4 გოლის გატანას შეძლებო, რაც ძალიან უცნაურად ჟღერდა მაშინ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „მელოტმა ფროიდმა“ იცოდა რაზეც საუბრობდა. 

მესიმ ათი ნომერი ჩაიბარა და სეზონის ბოლო ტრიპლეტის მოგება იზეიმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია "ბერნაბეუზე" მოგებული 6:2 და ცრუ ცხრიანის დაბადება. გვარდიოლამ პირველად, სწორედ ამ მატჩში გამოიყენა მესი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე და ამან არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ თანამედროვე ფეხბურთის ბედიც განსაზღვრა. 

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ "მანჩესტერთან" და რონალდუსთან გადაიკვეთა, ამჯერად მას დარჩა გამარჯვება. აფრინდა ცაში და ვან დერ სარს თავური დარტყმით ბურთი თავს ზემოთ გადაავლო. ესეც, ზღაპრული გოლია. 

ლიონელ მესიმ ამ სეზონისთვის პირველი ოქროს ბურთი დაისაკუთრა. 

  • ითამაშა 51 მატჩი 
  • შეაგდო 38 გოლი 
  • გააკეთა 19 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა; 

 

2009/2010 - მესი ცენტრს აღარ დათმობს 

"ბარსა" უძლეველი ჩანდა, სეზონის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მესი წინა სეზონთან შედარებით კიდევ უფრო ხშირად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე, მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" იბრაჰიმოვიჩი დაიმატა, მესიმ გარემარბობაზე უარი თქვა, აქ კი დიდი კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ იბრაჰიმოვიჩმა გვარდიოლა დაადანაშაულა და არა მესი, „მიყიდეს, როგორც ფერარი და გამომიყენეს, როგორც ფიატი“ - ასე ბრაზობდა იბრა, მესი კი ცენტრის დატოვებას აღარ აპირებდა, თავის საყვარელ ფლანგზე საჭიროების შემთხვევაში გადადიოდა, მაგრამ ძირითადად ცენტრიდან უტევდა, ამას ადასტურებს საუკეთესო მატჩები, რომელიც აღნიშნულ სეზონში ჩაატარა, "ვალენსიასთან" სამი ძალიან მაგარი გოლი შაგდო და თამაში მარტომ მოიგო, "სარაგოსასთან" გასვლაზე ყველას და ყველაფერს გადაურბინა, აქაც სამი გოლი შეაგდო, მეოთხეზე კი უარი თქვა, თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი იბრას დაუთმო, სულ მცირე ხანში კი მორიგი განსაკუთრებული მატჩი "კამპ ნოუზე" შედგა, სადაც ლონდონის "არსენალთან" პოკერი შეასრულა, იბრა არ ყოფილა, მთელი ცენტრი მესის ერგო და ასე გამოიყენა. 

 თითქოს არავინ იყო "ბარსას" შემჩერებელი, მაგრამ ბევრი რამ მოხდა ისეთი რამაც მესის მარცხი განაპირობა, ვულკანის ამოფრქვევიდან დაწყებული, იბრას და გვარდიოლას კონფლიქტით დამთავრებული. "ბარსა" "ინტერთან" ვერ იყო ისეთი მომზადებული, როგორიც უნდა ყოფლიყო, მესი დამარცხდა და ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, ეს ალბათ მისი საუკეთესო შანსი იყო, რომ მიზნისთვის მიეღწია, განსაკუთრებით მწარე გამოდგა, რადგან ფინალი "ბერნაბეუზე" იყო. 

სამაგიეროდ, ზამთარში პირველად მოიგო საკლუბო ჩემპიონატი, ფინალში გადამწყვეტი გოლი მკერდით შეაგდო. მატჩის მერე გვარდიოლა იტყვის, რომ მესიმ ეს გოლი გულით გაიტანა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. 

აქაც იყო ცრემლი, ესპანეთის თასზე "ბარსა" "სევილიასთან" გავარდა და ლეომ ცრემლები ვერ შეიკავა, სხვებისთვის ერთი მორიგი მატჩი იყო, მესისთვის კი ცხოვრების დასასრულს ჰგავდა, რადგან ზედიზედ სურდა ყველა ტიტულის მოგება, აქ გამოვლინდა მისი მაქსიმალიზმი, ყველა მატჩში, ყველა სეზონში, მესის ყველაფრის მოგება სურდა. 

აღნიშნული სეზონისთვის მესიმ მეორე ოქროს ბურთი დაიმსახურა. 

  • ითამაშა 53 მატჩი 
  • შეაგდო 47 გოლი
  • გააკეთა 12 საგოლე გადაცემა
  • მოიგო ლა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი; 

 

2010/11 - ოცნების გუნდი 

ბევრის აზრით ამ სეზონში გვარდიოლას "ბარსამ" პიკს მიაღწია და ლიონელ მესისაც კარიერის საუკეთესო მონაკვეთი ჰქონდა, რთულია ამის განსაზღვრა, მაგრამ თამაშის ხარისხი და შედეგები ყველაფერზე მეტყველებენ. "ბარსამ" იბრა გაუშვა და ვილია მოიყვანა, დავიდ ვილიას ტრანსფერი ჟოან ლაპორტას ბოლო საჩუქარი იყო, სულ მალე პრეზიდენტის პოსტის დატოვება მოუწევდა და სათავეში მოვიდოდა ის კაცი, რომელიც ყველაზე ცუდი ამბების საწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ მანამდე ლაპორტას მემკვიდრეობას ნაყოფი უნდა გამოეღო. 

მესიმ არც ამჯერად დათმო ცენტრი, ამაზე უკვე საუბარიც აღარ ყოფილა, ფლანგებიდან დავიდ ვილია და პედრი უტევდნენ, უკნიდან ჩავი და ინიესტა, ასე, იდეალურად აეწყო ყველაფერი, მოტივაცია კი წამით არ მოკლებია, რადგან "რეალში" გადმოსულ კრიშტიანუ რონალდუს, მისი თანამემამულე, ჟოზე მოურინიოც შეუერთდა და ის ცნობილი მატჩიც ვიხილეთ ნოემბერში - ჟოზე მოურინიოს მატჩის მერე სახეზე პიკეს აქნეული ხუთი თითი ეხატა, მესის გოლი არ შეუგდია, მაგრამ საუკეთესო იყო მოედანზე, ბოლოს რამოსმა მაგრად ამოსცხო, მაგრამ მესი წამოდგა და გამარჯვებული სახით ისმინა 98'000 კაცის ოვაციები. 

წინ კიდევ ბევრი კლასიკო გველოდა, რადგან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მაქსიმალისტები გადაეყარნენ ერთმანეთს, ჟოზე და პეპი, მესი და რონალდუ, ოთხივეს სურდა ყველაფერი და რაც შეიძლება სწრაფად! 

კლასიკო ვიხილეთ ესპანეთის თასის ფინალში, კლასიკო ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგისა და ელ კლასიკოების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო, თანაც "ბერნაბეუზე". დაიწყო ცენტრიდან და დაამთავრა მეტოქის საჯარიმოში - Wonderful, Wonderful, Wonderful, - როგორც მატჩის კომენტატორმა გვისახსოვრა. 

ლიგის ფინალი შედგა "იუნაიტედის" წინააღმდეგ, "ბარსამ" ისეთი დომინაციით დაიწყო რკინის შოტლანდიელს ხელები აუკანკალდა, პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში საყაიმო იყო, მაგრამ არავის ეჭვი არ შეპარვია, რომ "ბარსა" ამ თამაშს მოიგებდა, მესიმ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა, მსგავსი არაფერი მანამდე არავის უხილავს, ბურთის ყოველი მიღება, რაღაც განსაკუთრებულს იწვევდა, დრიბლინგები, პასები, გაბითურებული ნემანია ვიდიჩი და სადღაც ტრიბუნებთან დაკარგული ნანი. 

ალექს ფერგიუსონს დღემდე ჰგონია, რომ ჯი-სუნგ პარკი მესის დაჭერას შეძლებდა. ალბათ ხუმრობს. 

აღნიშნული სეზონისთვის ლიონელ მესიმ ზედიზედ მესამე ოქროს ბურთი დაისაკუთრა და გაუთანაბრდა იოჰან კრუიფს, მიშელ პლატინისა და მარკო ვან ბასტენს. სამზე მეტი ოქროს ბურთი არავის ჰქონდა მოგებული. 

  • ითამაშა 55 მატჩი 
  • შეაგდო 53 გოლი 
  • გააკეთა 27 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერ თასი; 

 

2011/12 - პეპის ბოლო 

სეზონი დაიწყო უეფას სუპერ თასით, სადაც მესიმ "პორტუს" შეუგდო და ესპანეთის სუპერ თასით, სადაც "ბარსა" "რეალის" მორიგი თრილერი გველოდა. მორიგი სკანდალი და წივილ-კივილი, მორიგი მესი-რონალდუს შეჯახება, მოულოდნელი რაღაცებიც ვიხილეთ, მაგალითად ჟოზეს თითი ტიტო ვილანოვას თვალში, კაკა მოედნის ცენტრში, რომელიც არაფრის დიდებით ჩხუბში არ ჩაერია და განრისხებული მეზუთ იოზილი, რომელიც მანამდე გაბრაზებულიც კი არავის უნახავს. თითქოს გუშინ იყო, არადა წლები გავიდა. 

მესი საუკეთესო იყო "ბერნაბეუზეც" და "კამპ ნოუზეც", განსაკუთრებით მაინც "კამპ ნოუს" შეხვედრა უნდა გამოვარჩიოთ, სადაც "რეალს" ბოლო წუთებზე შეუგდო და "ბარსას" სუპერ თასი მოაგებინა. ასე დაიწყო სეზონი და ბოლოს არანორმალური შედეგი დადო, მხოლოდ ლა ლიგაში 50 გოლი შეაგდო, რაც სრულიად წარმოუდგენელი რიცხვია, რაული და რივალდო 25-27 გოლით ხდებოდნენ ჩემპიონატის ბომბარდირები, ბრაზილიელმა რონალდომ ლა ლიგაში 33 გოლი შეაგდო "ბარსას" მაისურით და მთელი კარიერის განმავლობაში იმავეს გამეორებას ცდილობდა, ლიონელ მესიმ კი 50 გოლი გაიტანა! ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ რაიმე მსგავსი ვინმემ გაიმეოროს, ეგ კი არა, ისიც კი დაუჯერებელია, რომ რაღაც ამდაგვარი უკვე მოხდა. 

ლა ლიგის სასწაულს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 14 გოლი მიამატა, მათ შორის სარეკორდო ხუთი "ლევერკუზენს" შეუგდო, თანაც, პლეიოფში. მერე კი მოულოდნელი ამბავიც მოხდა, რომელიც სეზონის მთავარ ჰაილაითად იქცა, მესიმ ლიგის ნახევარფინალში გადამწყვეტ მომენტში პენალტი ვერ გამოიყენა, "ჩელსიმ" ანგარიში გაათანაბრა და დარჩა ლეო ფინალის გარეშე, მოიგო კოპა დელ რეი, მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი, გაიტანა უამრავი გოლი, მაგრამ დათმო მთავარი ტიტულები და რაც მთავარია, კლუბი დატოვა პეპ გვარდიოლამ, რომელიც სანდრო როსელთან კონფლიქტს არ მალავდა. პეპმა თქვა, რომ ძალიან დაიღალა და დასვენება სჭირდებოდა. 

აღნიშნული სეზონისთვის ლიონელ მესიმ ზედიზედ მეოთხე ოქროს ბურთი მოიპოვა და ყველა ლეგენდა უკან მოიტოვა. 

  • ითამაშა 60 მატჩი 
  • შეაგდო 73 გოლი 
  • გააკეთა 32 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერ თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ესპანეთის თასი; 

 

2012/13 - ტიტოს ტრაგედია 

მოდი ამჯერად ბოლოდან დავიწყოთ. მომაკვდავმა ტიტო ვილანოვამ ლიონელ მესის თხოვა, რომ "ბარსელონაში" დარჩენილიყო, სანდრო როსელის ხელში კლუბი უკან-უკან მიდიოდა, იოჰან კრუიფისა და გვარდიოლას გარეშე სისტემა ნელ-ნელა იშლებოდა და აღარც მესის ჰქონდა ისეთი მოტივაცია, როგორც ადრე, მაგრამ მომაკვდავი კაცის ბოლო სურვილი ასეთი იყო, მესიმ კი მისი თხოვნა გაითვალისწინა. 

სანამ ტიტო ვილანოვას მძიმე დაავადებას დაუდგენდნენ, მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, "ბარსას" თითქოს არც ეტყობოდა გვარდიოლას წასვლა. მესის ისევ ძალიან ბევრი გაჰქონდა და რომ არა სეზონის მიწურულს მიღებული ტრავმები, რომლის გამოც ლა ლიგის ექვსი თამაში გამოტოვა, აუცილებლად გაიმეორებდა წინა სეზონის შედეგს და ისევ 50 გოლს მოუყრიდა თავს, მაგრამ ამჯერად 46-ზე შეჩერდა. 

სეზონის მეორე მახევარში "ბარსა" უმწვრთნელოდ დარჩა, კლუბს ვილანოვას ასისტენტი თავკაცობდა, რომელიც ფიზმომზადებაზე იყო პასუხისმგებელი, საცოდავი სანახავი იყო "ბარსა" ამ კაცის ხელში, ტიტოც ახერხებდა ხანდახან დაბრუნებას, მაგრამ მალევე ინაცვლებდა ისევ სამკურნალოდ, საბოლოოდ, ის მოხდა, რაც უმწვრთნელოდ დარჩენილ გუნდებს ემართებათ, გერმანულმა მანქანამ "ბარსას" გადაუარა. 

მესი ტრავმით შეხვდა პსჟ-თან მეოთხედფინალებს და "ბაიერნთან" ნახევარფინალებს. ის ცნობილი სურათის პსჟ-სთან მატჩს უკავშირდება, ტრავმამოშუშებული მესი წამოდგება სათადარიგოთა სკამიდან და სტადიონზე ისეთი ღრიანცალი ატყდება გეგონება გამარჯვების გოლი შევარდაო.

მიუხედავად ასეთი სეზონისა "ბარსამ" მაინც შეძლო ლა ლიგის მოგება. 

  • ითამაშა 50 მატჩი 
  • შეაგდო 60 გოლი 
  • გააკეთა 17 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა

 

2013/14 - ვინ არის ტატა?! 

ალბათ სწორედ აქედან იწყება გაუთავებელი საუბრები მესის გავლენებზე. გავლენა გაიზარდა მაშინ, როცა გაიზარდა შიში იმისა, რომ მესი წავიდოდა, მთავარ მწვრთნელად ყველასთვის მოულოდნელად ტატა მარტინო დანიშნეს, ისიც კი დაიწერა მესის მამის ახლო მეგობარია და მამა-შვილმა ასე გადაწყვიტაო. ამ წნეხში უწევდა მესის თამაში და მეტად უცნაური სეზონი გამოდგა, ალბათ, ყველაზე ცუდი მის კარიერაში, მიუხედავად იმისა, რომ მაგარი მატჩებიც იყო. 

იოჰან კრუიფმა კომენტარი გააკეთა, წარმოდგენა არ მაქვს ტატა მარტინო ვინ არის, ან საიდან მოიყვანეს, მაგრამ წარმატებას ვუსურვებო. მესი კი ძალიან ცუდ ფიზიკურ ფორმაში იყო, ამ დროს დაეწყო უცნაური გულზიდვები, სპორტსმენებმა კი იციან რა დროს ხდება ეს ამბავი, როცა აღარ შეგიძლია, მაგრამ მაინც იხარჯები. 

აქ მოხდა მესის კიდევ ერთი გარდატეხა, სეზონის ბოლოს თითქოს აღიარა, აღარ ვარ ისეთი სწრაფი როგორიც ვიყავი, აღარ შემიძლია მოედნის ცენტრიდან დრიბლინგების კეთება, ჩემი თამაში ცვლილებას განიცდისო, ამის გაცნობიერებას ერთი სეზონი დასჭირდა, მერე კი ოდნავ შეცვლილი მესი ვიხილეთ, რომელიც უფრო სიღრმიდან თამაშობდა, უფრო კარგად ურტყამდა საჯარიმოებს, უფრო დიდ აქცენტს აკეთებდა დიაგონალურ პასებზე და ა.შ. 

სეზონი გამორჩეული მატჩი ტრადიციულად "ბერნაბეუზე" ჩაატარა, ამჯერად სტუმრადაც შეძლო მათთვის სამი გოლის გატანა და "ბარსამ" 4:3 იმარჯვა, მაგრამ სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა. იოჰან კრუიფმა ამ ყველაფრის მერე თქვა, ტატა მარტინომ იმაზე კარგად იმუშავა ვიდრე ველოდიო, დააჭირა წიხლი სანდრო როსელს, რომელსაც სხვა ხალხიც ერჩოდა და საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდა. 

  • ითამაშა 46 მატჩი 
  • შეაგდო 41 გოლი 
  • გააკეთა 14 საგოლე გადაცემა 
  • ტიტული არ მოუგია 

 

2014/15 - MSN  

ბევრი რამით იყო გამორჩეული სეზონი, ჯერ ერთი იმით, რომ "ბარსამ" ლუის სუარესი იყიდა, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო გვიან დაიწყო თამაში, განსაკუთრებული ის არის, რომ სუარესი ფლანგზე თამაშობდა, მესი კი ცენტრში, ასე იყო "ბერნაბეუზე", სუარესის პირველ ელ კლასიკოში, მესი ცენტრს ჯიუტად არ თმობდა. როგორ მოხდა მისი დაყოლიება ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, ერთ-ერთის თანახმად ჩავი ერნანდესმა დაითანხმა, კლუბისთვის ასე ჯობიაო, მესი ფლანგზე, სუარესი ცენტრში, ჩავი ბოლო სეზონს ატარებდა კლუბში და როგორც ჩანს, ლუის ენრიკეს მოთხოვნასთან ერთად,  ჩავის სურვილიც გაითვალისწინეს. თანაც, მესიმ სუარესი აღიარა, ეს კი იშვიათი ამბავია. აი, ასე შეიქმნა ლეგენდარული MSN-ი. 

ზამთარში პრეზიდენტის პოსტი ბართომეუმ გადაიბარა, კაცმა რომელიც არ იყო დიდი საქმეებისთვის დაბადებული და არც ცნობილი ყოფილა განსაკუთრებული უნარებით. ასე მოხდა, არჩევნებიც ჩაინიშნა და ლუის ენრიკე გუნდს მიუძღოდა უკანასკნელი ტრიუმფისაკენ ჩემპიონთა ლიგაზე, მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მესი "ბარსასთან" ერთად ლიგას ვეღარ მოიგებდა. 

გზა შთამბეჭდავი გამოდგა და სამი განსაკუთრებით მაგარი სურათი დაგვიტოვა, "ატლეტიკოსთან" გოლის ზეიმი, როცა MSN პირველად აღიბეჭდა ერთად მოზეიმე და ამ დღეს მიიჩნევენ დიდებული ტრიოს დაბადებად. გონებას შემორჩა პირქვედამხობილი ბოატენგი, რომელზეც ყველაზე მეტი მიმი შეიქმნა, რაც კი საფეხბურთო გასართობ გვერდებზე შექმნილა, შემტევს მცველი ასეთ დღეში ჩაეგდოს, თანაც, ასეთი ეგიდის მატჩში, მართლაც იშვიათია და ბოლოს, თასის ფინალში მესიმ გაიტანა ისეთი გოლი, როგორიც კარიერის პიკში გაჰქონდა, (მაგრამ, გაიგე ახლა პიკი როდის ჰქონდა) კი თქვა, რომ ასე თამაში აღარ შემიძლიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეძლებია. 

ლუის ენრიკეს "ბარსამ" ტრიპლეტი შეასრულა. აღნიშნული სეზონისთვის, მესიმ მეხუთე ოქროს ბურთი დაისაკუთრა, რომელიც პირველი გამოდგა გვარდიოლას წასვლის შემდეგ. 

  • ითამაშა 57 მატჩი 
  • შეაგდო 58 გოლი 
  • გააკეთა 31 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი

 

2015/16 - ნეიმარის ამბიციები 

კარიერის საწყისი წლების შემდეგ, ეს იყო პირველი სეზონი, როცა მესიმ სერიოზული დაზიანება მიიღო, ამჯერად მუხლის. არგენტინელმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა და "ბარსა" ისეთი ძლიერი იყო, რომ დიდად არაფერი დატყობია, ნეიმარი-სუარესის დუეტიც საკმარისი გამოდგა, მათ შორის "მადრიდის რეალთან", მესი რომ მოედანზე გამოვიდა ანგარიში უკვე 3:0 იყო "ბარსას" სასარგებლოდ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ბარსას" ჩემპიონობას ვერაფერი შეუშლიდა ხელს, მაგრამ არ მოხდა ასე, ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" ბარიერი ვერ გადალახეს, იმ "ატლეტიკოსი", რომელიც თასზე და ჩემპიონატში არაერთხელ დაამარცხეს. 

დღემდე გულშემატკივართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2015/16 წლების სეზონის "ბარსა" საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ტრიპლეტს ვერ შეწვდნენ, ეს იყო მესის მეორე ყველაზე კარგი შანსი იმისათვის, რომ ზედიზედ მეორედ მოეგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ არ გამოვიდა. თუ რამე დააკლდა "ბარსას", მხოლოდ ჯანმრთელი მესი იყო.  

სეზონის ბოლოსკენ ბომბარდირობა სუარესს დაუთმო, საგოლე პასებით დატვირთა და ურუგვაელი გახდა პირველი ვინც მესისა და რონალდუს ბომბარდირობაში ჩაერია. სუარესმა პიჩიჩი დაიმსახურა. 

  • ითამაშა 49 მატჩი 
  • შეაგდო 41 გოლი 
  • გააკეთა 24 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა, უეფას სუპერ თასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, კოპა დელ რეი

 

2016/2017 - ორი ფოტოს ამბავი 

ეს სეზონი კიდევ ერთი ეპოქის დასასრული გამოდგა, გვარდიოლასი არ იყოს, ლუის ენრიკემაც მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო თავის ბოლო სეზონში, მასთან ერთად კი გუნდი ნეიმარმაც დატოვა, მაგრამ მანამდე, დიდი ამბები იყო. ორი დიდი ფოტოს ისტორია შედგა ამ სეზონში, ორივეზე მესია გამოსახული, თუმცა, ორივე ფოტოს გმირი არ ყოფილა. 

ერთი მატჩი შედგა ლა ლიგაში, მეორე ჩემპიონტა ლიგაზე. ერთი მადრიდის "რეალთან", მეორე ფრანგულ პსჟ-თან. ჯერ კიდევ 18 წლის მესის ეტყობოდა "სტენფორდ ბრიჯზე", რომ დიდი უცნაური ვინმე იყო, რაც უფრო მეტს ურტყამდნენ, მით უფრო სახიფათო ხდებოდა, ასეა მთელი კარიერა. "რეალთან" სახეში ისე მოხვდა ტუჩი დაუსისხლიანდა და თვალი ჩაულურჯდა, ფეხებშიც მაგრად ურტყეს და სულ გადავიდა ჭკუიდან, ეს, შესაძლოა მესის საუკეთესო კლასიკოც კი იყო, ამის თქმა ძალიან რთულია, რადგან ბევრი კლასიკო აქვს მაღალ დონეზე ჩატარებული, მაგრამ ეს განსაკუთრებული გამოვიდა, ბოლო წუთებზე, უფრო სწორად ბოლო წამებზე "ბერნაბეუ" დაადუმა და თავისი მაისურიც ააფრიალა. 

მეორე ფოტო კი ყველაზე ცნობილი ქამბექის შემდეგ გადაიღეს, იქამდე არავის მოუტრიალებია 4:0-ის შემდეგ მატჩი, "ბარსამ" კი შეძლო, მატჩის წინ ნეიმარმა კარიერის ყველაზე ცნობილი ფრაზა თქვა - „1% შანსი, 99% რწმენა“, - მატჩის მთავარი გმირიც ის გამოდგა, მაგრამ ყველაზე ცნობილი ფოტო მაინც მესის ერგო და ბოროტი ხმები ამბობენ, ნეიმარს პირველად სწორედ ამ დროს გაუჩნდა გუნდიდან წასვლის სურვილიო. პატარა არგენტინელის ჩრდილი ძალიან დიდია. 

სეზონის ბოლოს, მწვრთნელთან ერთად, ნეიმარიც წავიდა. ბართომეუ კი ნელ-ნელა აგრძელებდა კლუბის ჩამოშლას, დაიწერა Financial Times-ზე, The Guardian-ზე და სხვა ჟურნალებში, რომ ბართომეუს ფეხბურთის არაფერი გაეგებოდა, მაგრამ დაიწერა ძალიან გვიან. 

  • ითამაშა 52 მატჩი 
  • შეაგდო 54 გოლი 
  • მიითვალა 20 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერ თასი 

 

2017/18 - დაცემა რომში 

"ბარსაში" მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა, მწვრთნელად პრაგმატულობით განთქმული ერნესტო ვალვერდე დანიშნეს, ნეიმარის წასვლის შემდეგ კი წარმოუდგენლად სულელური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. თუ უცხოურ გამოცემებს ვენდობით, მათ შორის პრესტიჟულ გამოცემებს, მათ შორის ისეთ ავტორებს, რომლებიც "ბარსაზე" წიგნებს წერენ, კლუბს კილიან მბაპეს შეძენა შესთავაზეს, ფრანგის აგენტი ხვდებოდა, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის იდეალური დრო და ადგილი იყო, უპრობლემოდ დაიკავებდა ნეიმარის ადგილს, მაგრამ პრეზიდენტმა უსმან დემბელე მოიყვანა, მერე კიდევ ბევრი გაუგებარი გადაწყვეტილებაც მიაყოლა და ამის შედეგად მესის გავლენა გუნდზე იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ოდესმე. 

გუნდში აღარ იყვნენ ჩავი და ინიესტა, აღარ იყო ნეიმარი, ვერ შეცვალეს ვერცერთი და დარჩა მხოლოდ ლიონელ მესი, განუსაზღვრელი გავლენით. 

ამ სეზონში იყო უნიკალური მაგალითი, როგორ უნდა ითამაშო რაციონალურად, ბარსამ 3:0 დაამარცხა "რეალი" "ბერნაბეუზე", მესი საუკეთესო იყო მოედანზე, თამაშის მერე კი აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცოტა კი არ ირბინა, უბრალოდ იარა. სიარულით მოუგო "რეალს" თამაში, ბოლო გოლის დროს კი პასი ფეხშიშველმა გააკეთა, ბუცი მარსელოს დაუტოვა საჩუქრად.

მაინც დიდი მარცხების სეზონი გამოდგა, მაგრამ უბრალოდ არ არსებობს, რომ მესიმ სეზონში დიდი ამბები არ დაატრიალოს, ამ სეზონში ერთი განსაკუთრებული სურათი შემორჩა მეხსიერებას, "ბარსელონა" "ჩელსის" დაწყების წინ გამოფენილი გიგანტური ბანერი - God Save The King! ლიონელ მესის გამოსახულებით, იმ თამაშშიც საოცრებები აკეთა, ლონდონის "ჩელსი" მარტივად გაიარა და ბევრად სუსტი "რომაც" უნდა მოეტოვებინა, მაგრამ რაღაც საოცრების შედეგად "ბარსა" გავარდა. მესი მაშინ გააქტიურდა, როცა უკვე 3:0-ს მარცხდებოდა, ეს რაღაც ახალი იყო, აქამდე ასეთი მარცხი არ ჰქონდა განცდილი, აქამდე ასეთი უპირატესობა არ ჰქონდა განიავებული. 

ორი ტიტული მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ძალიან მტკივნეული გამოდგა. "ბარსა" კი აგრძელებდა პრაგმატულ გზას ვალვერდესთან ერთად, ბართომეუ აგრძელებდა გუნდის ჩამოშლას და ვალებში ჩაძირვას. 

  • ითამაშა 54 მატჩი 
  • შეაგდო 45 გოლი 
  • გააკეთა 20 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა და კოპა დელ რეი 

 

2018/19 - დაცემა ლივერპულში 

ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი, რომელიც გვიანდელ მესის ჩაუტარებია, ან თუ გნებავთ, გვარდიოლას ეპოქის შემდგომ მესის. ასეთი სეზონები, როგორც წესი ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფით სრულდება, მაგრამ ასე არ მოხდა, არადა ყველა ელოდა, ყველაზე მეტად კი მესი, რომელიც მთელ "კამპ ნოუს" დაპირდა ლიგის თასი დაბრუნდებაო. უკვე მოგებული ჰქონდა 3:0, პირადად მისი დამსახურებით, მთელი მატჩი მაგრად ჩაატარა, ორი გოლი შეაგდო, მეორე გამაოგნებელი, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგის ისტორიის საკუთრებაა, გავიდა ეს გოლი და "ბარსას" ფანები არა მხოლოდ მესის გოლს, ან ლივერპულის დამარცხებას, არამედ, ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც ზეიმობდნენ, თითქოს დამთავრდა, მორჩა ყველაფერი.. მაგრამ..

არის გუნდი, რომელთანაც ასე მარტივად ვერასდროს დაამთავრებ საქმეს, "ლივერპულია" ეს გუნდი. უკვე კოშმარად ცოცხლდება მესის დრიბლინგი, ერთი-ერთზე დატოვებული დემბელე, რომელიც კაცმა არ იცის რას შვება, ფეხბურთელები როგორც წესი ასეთ რაღაცებს არ შვებიან, მესიმ თავში წაიშინა ხელები და თითქოს ყველა იმ ადამიანს იხსენიებდა, ვინც კილიან მბაპეს დემბელე ამჯობინა. 

"ენფილდზე" კი განმეორდა რომში დატრიალებული ტრაგედია. ალბას პანიკური შეტევა, მარტო დარჩენილი მესი და განადგურებული გუნდი. 

მიუხედავად ამ მარცხისა, ლიონელ მესიმ, აღნიშნული სეზონისათვის, მეექვსე ოქროს ბურთი დაიმსახურა. 

  • ჩაატარა 50 მატჩი 
  • შეაგდო 51 გოლი 
  • გააკეთა 22 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი 

 

2019/20 - დიდი კრიზისის დასაწყისი 

ეს სეზონი არა მხოლოდ მესისთვის, არამედ ყველა ფეხბურთელისთვის და ყველა ადამიანისთვის ძალიან მძიმე გამოდგა, რადგან პანდემია ამ სეზონიდან იწყება, ვირუსმა უამრავი რამ შეცვალა მსოფლიოში, მათ შორის ფეხბურთშიც. რომ არა კოვიდ-19, ლიონელ მესის წასვლის საკითხი, დიდი ალბათობით არ დადგებოდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით დადასტურდა, რომ "ბარსას" დავალიანების მხოლოდ 15% მოდის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისზე, დანარჩენი კი ბართომეუს არეულ-დარეული მენეჯმენტის კისერზეა. 

ფანები ერთხმად ითხოვდნენ ბართომეუსა და ვალვერდეს წასვლას, ერთიც დარჩა და მეორეც, მესიმ ვალვერდეს ნდობა გამოუცხადა, მარცხზე პასუხისმგებლობა კი ფეხბურთელებს დააკისრა. 

სეზონი დაიწყო ნორმალურად, მაგრამ პირველი მოულოდნელობის მერე ყველაფერი აირია, "ბარსელონაში" სახალხო გამოსვლები დაიწყო, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ქუჩაში ცეცხლი გააჩაღეს და ამ მიზეზით პირველი ელ კლასიკო გადაიდო, არადა, "ბარსა" ბევრად კარგ ფორმაში იყო, ვიდრე "რეალი". მატჩი გვიან ჩატარდა, საჭირო დრო ხელიდან იქნა გაშვებული - 0:0. 

მესი საუკეთესო იყო სუპერ თასის ნახევარფინალში, რომელიც არაბეთში გაიმართა, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მაგარი გოლიც შაგდო, მაგრამ "ბარსა" დამარცხდა და ერნესტო ვალვერდე ყველაზე შეუფერებელ დროს გაათავისუფლეს. მერე აღმოჩნდა, რომ არცერთი მწვრთნელი შეთანხმებული არ ჰყოლიათ, კუმანმა ნაკრებში დარჩენა ამჯობინა, ჩავი პირობებზე ვერ შეთანხმდა და საბოლოოდ მესის მწვრთნელად კიკე „ფერმერი“ სეტიენი მოიყვანეს, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მწვრთნელი აღმოჩნდა. 

მესიმ "ნაპოლისთან" ისე ითამაშა, თითქოს იმედიც გააჩინა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე "ბაიერნთან" 8:2 დამარცხდა, ეს ანგარიში იყო იმ ყველაფრის იდეალური ილუსტრაცია, რაც სანდრო როსელმა დაიწყო და ჟოზეპ ბართომეუმ გააგრძელა. 

  • ითამაშა 44 მატჩი 
  • შეაგდო 31 გოლი 
  • გააკეთა 27 საგოლე გადაცემა 
  • ტიტული არ მოუგია 

 

2020/21 - წასვლა, არ წასვლა - საკითხავი აი ეს არის 

სეზონი დაიწყო დიდი სკანდალით, მესი გუნდიდან გარბოდა, მაგრამ არ გაუშვეს, ბართომეუ თურმე წასვლას დაპირდა, მაგრამ გადააგდო. მესის შეეძლო ეჩივლა, მაგრამ არ იკადრა და დარჩენა ამჯობინა, ძალიან გულგატეხილი იყო იმის გამო, რომ კუმანმა ლუის სუარესზე უარი თქვა და ძალიან უხასიათოდ იყო საწყის თამაშებში. 

ზამთრის შესვენება წაადგა, თავად თქვა, ფსიქოლოგი მირჩიეს, მაგრამ მე მგონი არ მჭირდებაო, პაუზის მერე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და ამ გაუგებრობასთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ გუნდი ერქვა, ესპანეთის თასი მოიგო. 

ფაქტია, რომ ჟოან ლაპორტა ახალი გუნდის შენებას იწყებს, ყველას ეგონა, რომ შენება მესისთან ერთად დაიწყებოდა, ასე ეგონა თავად მესისაც, მაგრამ აღნიშნულ სეზონში კიდევ ერთი ამბავი გასკდა და დიდი აურზაური გამოიწვია, საქმე ეხება სუპერ ლიგას, რომელმაც მრავალი მხარე დააპირისპირა, მათ შორის, ლა ლიგის პრეზიდენტი ტებასი და "რეალისა" და "ბარსას" პრეზიდენტები, რომელთაც გაცილებით დიდი ლუკმი მიღება სურდათ ტელეტრანსლაციებიდან. 

დიდი ლუკმა პირდაპირ კავშირში იყო მესის ხელფასთან, რომლის გადახდაც მხოლოდ არაბებს შეეძლოთ, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ის მფლობელებს. მესიმ ბოლო სეზონში პსჟ-თან გოლი დაგვიტოვა, შორი მანძილიდან, პირდაპირ ცხრიანში! ეს მისი ბოლო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსას" მაისურით. მისთვის ალბათ კიდევ ერთი დარტყმა იყო, როცა პეპ გვარდიოლამ მასზე უარი თქვა - უკვე გრილიში ვიყიდეთ და მეტ ტრანსფერს ვეღარ გავაკეთებთო. ასე რომ, წავიდა მესი ნეიმართან, მაგრამ არც ბედნიერი ყოფილა და არც კარგი ფეხბურთი უთამაშია. თუმცა, რაღაცაში გამოდგა ფრანგული ტრანსფერი, ლიგა 1-ში თავი დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 

  • ითამაშა 47 მატჩი 
  • შეაგდო 38 გოლი 
  • გააკეთა 14 საგოლე გადაცემა 
  • მოიგო კოპა დელ რეი 

 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 ივნისი 2025 19:32
    2
    ლივერპულთან მესი მართლაც მარტო დარჩა და ლივერპულმა პირველივე წუთებზე აგრძნობინა ლეოს, რო არ გაახარებდნენ. გახსოვთ მატჩის დასაწყისში ლეო რო დრიბლინგით მიდიოდა ლივერპულის ორმა მცველმა დაბლოკეს და წააქციეს და მერე რობერტსონმა თავში ჩაარტყა წაქცეულ ლეოს, იმ თურქმა მსაჯმა რეალის მე-12 ფეხბურთელი რო იყო ყოველთვის ამ ეპიზოდს არც კი მიაქცია ყურადღება და არც მესის პროტესტს არ მოუსმინა მანდ მივხვდი, რო ბარსა განწირული იყო. არავინ არ მიეხმარა ლეოს რო მინიმუმი პროტესტი მაინც გამოეხატათ. იქით ალბა ტიროდა და დანარჩენებიც გაგებაში არ იყვნენ რა ხდებოდა მოედანზე. მოედანზე კი ბარსას ჩეხვა მიდიოდა და ეს ყველაზე მწარე დამარცხება იყო. კლოპიც კი ხელებს ასავსავებდა თამაშის შემდეგ და ჟურნალისტებს ეუბნებოდა არ მკითხოთ როგორ მოვიგეთო, ვერ გეტყვითო. და მაინც იმ დებილს დღეს რომ თურმე ოქროს ბურთის კანდიდატია, ბარსელონაში რო ბოლო წუთზე მესის დაღეჭილი და მიწოდებული ბურთი გაეტანა, არა მგონია 0-4-ზე ლივერპულს ასეთი ჟილკით ეთამაშა საპასუხო შეხვედრაში.
    მწერალი [?]
    #11 25 ივნისი 2025 13:57
    0
    alexx,

    სურათებზე წლის განმავლობაში აღებული ტიტულებია, ტექსტი სეზონებს მიუყვება. ეგ აცდენაა : )
    წევრი [?]
    #10 25 ივნისი 2025 12:53
    4
    ვინც ეს წაიკითხეთ ნამდვილი მესის და ბარსელონას ფანები ხართ.ტერ შტეგნმა ლივერპულთან 1 ასაღები დარტყმა გაუშვა,მეოთხე გოლი დაცვის უყურადღებობის ბრალია იყო და პირველ და მესამე გოლს არ ვადანაშაულებ აუღებელი იყო ორივე.რომასთან პენალტი 50/50-ზე იყო და დიდად მისი ბრალი არაა ეგეც დაცვის ბრალი იყო უაზრო და არაფრისგან დადებული პენალტი,მანოლასის დარტყმაც აუღებელი იყო მაგას ვერ აიღებდა ვერანაირად.მინიმუნ 2 ლიგა მეკარის და დაცვის უსუსურობის გამო გავანიავეთ მარტო მესი ვერაფერს იზამდა,საღოლ ფეოლა კარგი სტატია დაწერე როგორ ყოველთვის ❤️🙌👏
    ფანი [?]
    #9 25 ივნისი 2025 12:42
    1
    ციტატა: ☠️•Spooky•☠️
    ციტატა: MESSI 2017
    ლიონი გავარდა იდეალური შანსი აქ ბარსას რო ჟორჟი იაფად დაითრიოს მარა ვერ მოტვინავს მაგდენს ერთი <<ცენზურის დარღვევა>> დირექტორი

    საიდან გავარდა ლიონი?

    ლიგა ორში დააქვეითეს
    Culé [?]
    #8 25 ივნისი 2025 10:49
    3
    სურათები წინა წლის იყო თუ შემდეგის ვერ გავიგე joy
    გულშემატკივარი [?]
    #7 25 ივნისი 2025 10:47
    5
    სადაც ალბა ახსენეთ იქ შტეგენიც უნდა გეხსენებინა ავტორ, გერმანელმა ყლაპა ასაღები ბურთები და მაგან გატეხა გუნდი ფსიქოლოგიურად. მთელი ამ ხნის განმავლობაში შტეგენმა მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა გრანდის დონეზე, მაშინ როცა კონკურენტი ბრავო ყავდა. იმის მერე რეგრესირებს და ბოლოს სულ გაფარჩაკდა, ყველა დარტყმული გადიოდა. არ დამიიწყოთ ახლა დაცვა არ ყავდაო, კაშია გვყავდა დაცვაში ეროპაზე და მამარდაშვილმა 10 სეივზე მეტი შეასრულა, აქედან მინიმუმ 5 საოცრება იყო, ვალენსიას უკეთესი დაცვა ყაავს? მეკარეშია აქ პრობლემა. ალბამ თუ შეცდომა დაუშვა დაცვაში სამაგიეროდ შეტევაში ხუთმაგი სარგებელი მოქონდა, ფლანგის წიოკი, თამაშის წაკითხვა, მესის თვალდახუჭული ხედავდა, კიარადა გრძნობდა სად იყო და პასი როდის გაეკეთებინა. მაგ სეზონები ჩინური ნოიერის კისერზეა, ასევე არ დაგვავიწყდეს ღლემბელე.
    ახალბედა [?]
    #6 25 ივნისი 2025 06:37
    0
    მადლობა ვინც ეს წაიკითხა ბოლომდე 😉
    წევრი [?]
    #5 25 ივნისი 2025 06:24
    0
    ციტატა: MESSI 2017
    ლიონი გავარდა იდეალური შანსი აქ ბარსას რო ჟორჟი იაფად დაითრიოს მარა ვერ მოტვინავს მაგდენს ერთი <<ცენზურის დარღვევა>> დირექტორი

    საიდან გავარდა ლიონი?
    Culé [?]
    #4 25 ივნისი 2025 00:53
    5
    უდიადესი❤️❤️
    Culé [?]
    #3 25 ივნისი 2025 00:26
    5
    ლიონი გავარდა იდეალური შანსი აქ ბარსას რო ჟორჟი იაფად დაითრიოს მარა ვერ მოტვინავს მაგდენს ერთი <<ცენზურის დარღვევა>> დირექტორი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ივნისი 2025 22:59
    9
    აუუ ეს კაცი დააბრუნეგ კამპ ნოუზე და გააცილეთ როგორც საჭიროა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #1 24 ივნისი 2025 22:57
    7
    ბრავო სტატიის ავტორს💖👏❣️