სეზონის საუკეთესო - პასები, გოლები, მატჩები
კარგი სეზონი იყო და ასარჩევადაც გვაქვს საქმე, გინდა გოლები, გინდა პასები, გინდა მატჩები. იმდენი ლამაზი მომენტი შეიქმნა, რომ ახლა ამის ამორჩევა მართლა რთული საქმეა, ვეცდები კრიტერიუმებში მოვაქციო, მაგრამ სილამაზეს კრიტერიუმები არ გააჩნია, ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას ის. სილამაზის აღქმა სუბიექტურია.
პასებით დავიწყოთ. ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ლამინე იამალმა და რაფინიამ მიითვალეს. ლამინემ მართლა გაგვაოცა ამ სეზონში, მათ შორის, საგოლე გადაცემებითაც. ყველანაირი პასი გაახერხა - გარეთა ნაწილით, გრძელი, ე.წ "პარაშუტი", ზონებს შორის, მცველებს ზურგსუკან, მისი საფირმო ტირაჯირო, ლამინეს ყველაფერი შეუძლია.
ჰოდა, მივყვეთ ხუთეულს, რომელიც მართლა უცნაური გამოვიდა:
- ლამინე იამალის პასი ფერან ტორესზე. "ატლეტიკოსთან". მესის სტილში გააკეთა, გაჭრა მთელი დაცვის ხაზი და კიდევ კარგი შეირგო ფერანმა, თორემ მწარე სიტყვებს ვერ გადაურჩებოდა.
- იამალის პასი ლევანდოვსკიზე, "ვალიადოლიდთან". გაუშვა "პარაშუტი", ისე რბილად და ზუსტად რომ ნებისმიერი ფორვარდი ინატრებდა, პოლონელმაც კარგად შეასრულა.
- იამალი რაფინიაზე, "ვილიარეალთან", თითქმის მოედნის ცენტრიდან გარეთა ნაწილით აუჭრა და რაფინია ერთი-ერთზე დატოვა. ეს ალბათ სეზონის საუკეთესო ასისტია.
- ლამინე იამალი დანი ოლმოზე, "ესპანიოლთან", ისევ გარეთა ნაწილით, ამჯერად მოედნის ცენტრში, ზონებს შორის გაჭრა დაცვა და ოლმომ ერთი შეხებით შეაგდო. ულამაზესი კომბინაცია გამოვიდა.
- იამალი "მადრიდთან", ფინალში, პასი ისევ ფერან ტორესმა შეირგო, ჰგავდა ეს კომბინაცია "ატლეტიკოსთან" გათამაშებულს, ოღონდ, იამალმა ამჯერად მაღალი პასი გააკეთა, ისეთი ზუსტი, რომ მიუწვდომელი დარჩა რუდიგერისთვის, მეკარისთვისაც, მაგრამ არა ფერანისთვის. ესეც მესის პასს ჰგავდა.
რა ვიცი, ვიფიქრე ე მანდ ვინმე ხომ არ ჩავაკვეხო-მეთქი, მაგრამ არავის ერთი მსგავსი პასიც კი არ გაუკეთებია, არც პედრის მათ შორის. მხოლოდ გავიზე ღირდა დაფიქრება, მაგიურად რომ დატრიალდა და პედრის გაატანინა, მაგრამ ეგეც თავისთვის დატრიალდა და პასი გამოვიდა, ამიტომ, მიუხედავად დიდი ესთეტიკური სიამოვნებისა, ვერც გავი ჩავაკვეხე. იამალი კი სასწაულია. არავის მსგავსი ფეხბურთი არ უთამაშია მიმდინარე სეზონში, არ ვიცი ოქროს ბურთს ვის მიაჩეჩებენ, მაგრამ იამალზე მაგარი არავინ ყოფილა, 17 წლის ბავშვმა ყველა დაჩრდილა.
გოლებზე რაღა ვთქვათ?
იმდენი გავიდა.. დაიქოქა ფლიკის მანქანა და გადათხარეს ყველა და ყველაფერი. ბევრი მაგარი გოლი გავიდა და ხუთეულის ამორჩევა აქაც მაგრად გამიჭირდა. ეგებ, წამეშველოთ კომენტარებში და თქვენი ფავორიტიც წაამატოთ, ხუთეული კი ასეთია:
- კუნდეს გოლი "მადრიდთან", თავისი მნიშვნელობით, სილამაზითა და დრამატურგიით (დამატებით დროში გამარჯვების გოლი შეაგდო) მე მგონი, უკონკურენტოა. ხუთეულში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
- ლამინე იამალის გოლი "ინტერთან", აქ რონალდინიო გამახსენა, რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც საერთოდ არ ველოდი, მე კი არა, სასწაულმოქმედი ზომერიც კი გააშეშა კარში.
- რაფინიას გოლი "ინტერთან", გაუშვა რაკეტა შორიდან, ხარიხიდან კი ზომერს მოხვდა და მას ჩაუთვალეს, მაგრამ ჩვენთვის რაფინიას გოლია, თანაც, ძალიან ლამაზი.
- იამალი "მადრიდთან", მესის სტილში შეაგდო, სამი მცველი ჩამოიცილა ცენტრისკენ სვლაში და დაბალი დიაგონალური დარტყმით შეაგდო. ძალიან ლამაზი გამოვიდა ეს ოხერი.
- აი, მეხუთე ადგილისთვის რამდენიმე კანდიდატი იყო - იამალის ულამაზესი გოლი "ესპანიოლთან", პედრის გოლი "მადრიდთან", იამალის გოლი "ბენფიკასთან", მაგრამ რატომღაც მე პირადად რაფინიას გოლი ვარჩიე "ბაიერნთან", თითქოს რაღაც ისეთი გააკეთა, რასაც მხოლოდ მეგა-ვარსკვლავები აკეთებენ და გვამცნო, რომ თავადაც ამ გზაზეა.
აბა, აირჩიეთ.
მატჩებს რა ვუყოთ?
ძალიან რთულია საუკეთესო მატჩის არჩევა იმ სეზონში, სადაც "ბარსამ" ოთხი ელ კლასიკო გამართა და ოთხივე მოიგო, თანაც, ოთხივე ულამაზეს შეხვედრაში. ვცადოთ მაინც.. რა გამოვა. არაფერიც არ გამოვა, ელ კლასიკოებს ვერაფრით ამოვიღებთ, როგორ უნდა ამოიღო ფინალში მოგებული ელ კლასიკო? თანაც, 3:2, უდრამატულეს ბრძოლაში? ან, სუპერ თასის ფინალში 5:2 გამარჯვება? შეუძლებელია ამას გვერდი აუარო.
"ბერნაბეუზე" 4:0?? რა თქმა უნდა, სახსენებელია. რა თქმა უნდა, ხუთეულის მატჩია.
"მონჟუიკზე" 4:3?? ეს ხომ ფაქტობრივად საჩემპიონო მატჩი იყო? ბრწყინვალე მატჩი. ასე რომ, ოთხეული დაკომპლექტებულია. ბოლო მეხუთე ადგილისთვის კი "ბარსას" გამარჯვება "ბაიერნთან" და "ბენფიკასთან" არის სახსენებელი, ჰოდა, ამჯერად "ბენფიკასთან" 5:4-ს ავირჩევდი, რომელიც ალბათ სეზონის საუკეთესო მატჩია.
შეიძლებოდა ამ სიაში პირველი ადგილი "ინტერთან" მატჩს დაეკავებინა, მაგრამ მცირედი უყურადღებობა, ან, უიღბლობა (რომ არა ძელი ბოლო წუთებზე) ძალიან ძვირად დაუჯდა "ბარსას". არადა, ზღაპრული სეზონი იყო.
გადავხედე ამ სეზონის მომენტებს და მხოლოდ მომავალ სეზონზე მეფიქრება, ლამინე იამალი, ათი ნომრით, "კამპ ნოუზე", უხ, მაგარი ამბავია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]