მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დრო დროზე ჩქარა მიქრის
17 წლის ბიჭმა ულამაზესი გოლი შეაგდო და მისი მაისურის შემხედვარე პირველი ნიაზ დიასამიძის სიმღერა გამახსენდა, მერე ფეისბუქზე შევიხედე და ჩემი ლექტორის სტატუსი შემომხვდა, ბატონ გიგი ყუფარაძესაც იგივე გახსენებია. მესამე გოლი "ვისელ კობეს" კარში პედრო "დრო" ფერნანდესმა შეაგდო. ვწერდით კიდეც, მოსამზადებელ ეტაპზე ვიღაც უეჭველად გამოჩნდება ლა მასიადან ვინც ყურადღებას მიიქცევს, ვინც პირველ გუნდში ვარჯიშს დაიმსახურებს და მერე მთელი სეზონის განმავლობაში თავის შანსს მიიღებს. აქცენტი ფერნანდესებზე გავაკეთეთ და ერთ-ერთი ფერნანდესი დაწინაურდა კიდეც ლა მასიელთა კონკურენციაში.
"ბარსამ" 3:1 მოიგო, ვისი ნახვაც გვსურდა ყველა ვნახეთ, მათ შორის სამი ახალწვეულიც - ჟოან გარსია, მარკუს რაშფორდი და რუნი ბარდგჯი.
პირველი ტაიმი
ჰანსიმ ძირითადი შემადგენლობა დააყენა: მეკარე - ჟოან გარსია; მცველები - ერიკ გარსია, პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, ბალდე; ნახევარმცველები - გავი, პედრი, ფერმინი; თავდამსხმელები - ფერანი, რაფინია, იამალი;
მოსამზადებელი ეტაპის პირველი მატჩში ფეხბურთელებს ეტყობათ, რომ მათი ორგანიზმი ჯერ მზად არ არის მაღალ ტემპში სათამაშოდ, მით უმეტეს, მაღალი ტემპერატურის პირობებში, მაგალითად, ლამინე იამალს ვუყურებდი და დასვენებულის ნაცვლად გადაღლილი ჩანდა. თუმცა, სეზონის წინ ეს ჩვეულებრივი სურათია. სამაგიეროდ, რაფინია ჩანდა ნავარჯიშები და მოტივირებული, ვარცხნილობაც რონალდინიოს მსგავსი შეურჩევია. ეტყობოდათ მონდომება ერიკ გარსიას, გავისა და რაფინიას, იამალი პირიქით, უამრავი შეცდომით გამოირჩა, თითქოს ჯერ ვერ დაბრუნდა შვებულებიდან. "ბარსას" კარში გატანილი გოლი კი პაუ კუბარსის მძიმე შეცდომას მოჰყვა.
პირველ ტაიმში საუკეთესო ალბათ ერიკ გარსია იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლი შეაგდო, სიზუსტითაც გამოირჩა და რაღაც ახალიც შევნიშნეთ მის თამაშში, მარჯვენა ნახევარსფეროს ითვისებდა აქტიურად, სანამ იამალი უკიდურეს ფლანგზე იხსნებოდა, ორი სეზონის წინ პეპ გვარდიოლა ტესტავდა ამას "სიტიში" და კანსელუსა და უოლკერის პირობებში გამოვიდა კიდეც რაღაც, ასე რომ, ახალი სეზონიდან ერიკ გარსიას, ან კუნდეს მე მგონი, რომ ახალი როლი ექნებათ თამაშში. აი, მარცხენა ფლანგზე სავარაუდოდ პირიქით იქნება, რაშფორდიც და რაფინიაც უფრო ცენტრისკენ იწევენ ხოლმე, ბალდე კი ფლანგზე უკეთ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს, ამიტომ, არა მგონია, ბალდემ იგივე დავალება მიიღოს, რასაც მარჯვენა მცველები მიიღებენ.
გოლი კუთხურიდან გავიდა, მცირე არეულობა იყო მეტოქის საჯარიმოში, ჯერ გავიმ იჭიდავა, რითიც გარსიამ ისარგებლა. ახლო მანძილიდან შეაგდო. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ძირითადში ფერან ტორესი ვნახეთ, მომავალ სეზონში გაცილებით ბევრი მატჩი იქნება, სადაც ფერანი ძირითადიდან დაიწყებს თამაშს. ამ შეხვედრაში კი საერთოდ არ ჩანდა. თუმცა, ეს ერთი მატჩი დასკვნების გაკეთების საშუალებას, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს.
მეორე ტაიმი
ფლიკმა მთელი გუნდი შეცვალა. მოედანზე გამოვიდნენ - შესნი, არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ჟოფრე, დე იონგი, ოლმო, კასადო, რაშფორდი, ლევანდოვსკი, ბარდგჯი; მერე კი ორი შემოსული ფეხბურთელი ისევ შეიცვალა - რაშფორდის ნაცვლად პედრო ფერნანდესი გამოვიდა, ჟოფრეს ნაცვლად მარტინი.
შეიძლება იმის თქმა, რომ "ბარსა" კარგად დაკომპლექტებული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კრიზისის ფონზე სასურველ ტრანსფერებს ვერ ანხორციელებენ. მეორე ტაიმში ითამაშეს ფეხბურთელებმა, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ მეორე შემადგენლობის წევრები არიან, ვის მოუწევს ძირითადში თამაში ეს კიდევ საკითხავია, მაგალითად - დე იონგი, კუნდე, კასადო, ოლმო, ლევანდოვსკი, თუნდაც რაშფორდი. კონკურენცია დიდია, რაც კლუბს მხოლოდ წაადგება.
პირველი კარგი მომენტი დანი ოლმოს შეექმნა, კასადოს ძალიან კარგი პასის მერე ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოუვიდა კარგი, ააცილა. ალბათ ყველაფერი პირველი შეხების ბრალი იყო, გრძელი პასი კარგად ვერ დაამუშავა, მცველი წამოეპარა და დარტყმაც გააფუჭა. ოლმოს პასის შემდეგ კარგი მომენტი ჰქონდა მარკუს რაშფორდსაც, მაგრამ ვერც მან დაარტყა კარგად, შორეულ კუთხეში სურდა ბურთის გადაგზავნა და პირდაპირ მეკარეს მიუგორა ხელებში. არადა, რაშფორდი თუ რამით გამოირჩევა, ეს პირველ რიგში, დაყენებული დარტყმაა.
აი, მერე კი რუნის ჯერი მოვიდა, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა პირველი მატჩის კვალობაზე, ბურთს კარგად აკონტროლებს, არც პასი ეშლება და მარცხენათიც კარგად ურტყამს. პირველი მომენტი გააფუჭა, რაშფორდის პასის მერე ტრიბუნებზე დაარტყა. მეორე კი შეირგო. კომბინაცია რაშფორდმა დაიწო მარცხენა ფლანგიდან, კარგი პასით ლევანდოვსკი დატოვა მცველთან პირისპირ მეტოქის საჯარიმოსთან, პოლონელმა დროული და ზუსტი პასი გააკეთა მარჯვენა გარემარბისკენ და რუნიმაც თავისი პირველი გოლი შეაგდო "ბარსას" მაისურით - 2:1. კარგი გოლი გამოვიდა.
მატჩის მშვენებაზე კი უკვე დავწერეთ, 17 წლის "დრომ" საჯარიმოს მისადგომებიდან გადმოვარდნილ ბურთს ერთი შეხებით დასცხო და შორეულ დაბალ კუთხეში შეაგდო. დასაწყისიც ასეთი უნდა.
მომდევნო მატჩი
მომდევნო მატჩი "სეულთან" გაიმართება, 31 ივლისს, თბილისის დროით 15:00 ზე. რას ველით იმ შეხვედრაში? ველით პირველ რიგში ბერნალის გამოჩენას. ველით რომ "დრო" კიდევ უფრო მეტ დროს მიიღებს. ველით რაშფორდის სადებიუტო გოლს და იამალის გამოცოცხლებას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]