ერთი ჩვეულებრივი ოჯახი: მამა-შვილის დიალოგი

ერთი ჩვეულებრივი ოჯახი: მამა-შვილის დიალოგი

სიტუაცია ხდება ერთ-ერთ ფეხბურთის მოყვარულ ოჯახში. მამა თავის ოთახში კომპიუტერს უზის და მუშაობს, ხოლო ამ დროს მისი 12 წლის ვაჟიშვილი შემორბის. იგი ძალიან ბედნიერია და მშობელი უკვე ხვდება ამის მიზესს-"ბარსელონა". მისი შვილი, როგორც უმეტესობა ახალგაზრდობისა, გულშემატკივრობს კატალონიელებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" დღეისათვის საუკეთესოები არიან მსოფლიოში და მათი თამაშის შემყურე ფანები უდიდეს სიამოვნებას იღებენ. სწორედ ამ სიამოვნება გამოვლილი იყო პატარა ბიჭიც.

 

-მამა, მამა ნახე "ბარსელონას" თამაში? კიდევ 5:0 მოიგო. ხო ძალიან მაგრები არიან, ჰა?

 

-რა თქმა უნდა შვილო, ჯერჯერობით არ გამოჩენილა და მემგონი კიდევ დიდი ხანი არ აპირებს გამოჩენას ისეთი გუნდი, რომელიც მათ შეაჩერებს.

 

-მართლა ძალიან მაგრები არიან. ჯერ პირველი თავის კარში გაატანინეს, მერე პედრომ შეაგდო, შემდეგ მესიმ დაიწყო თავისი "ფოკუსების" ჩვენება და კიდევ ერთხელ ვიყავი ახლოს გაგიჟებასთან. განსაკუთრებით მეორე იცი როგორი ლამაზი დაარტყა? ბოლოს უკვე ვილამ ჩვეული ხუთიანი გააკეთა და ისედაც მოშლილი, სულ გაანადგურა ეს საცოდავი გუნდი. ლეო მართლა მსოფლიოში საუკეთესოა და დარწმუნებული ვარ წელსაც ეგ მოიგებს ოქროს ბურთს.

 

-მაგაში არც მე მეპარება ეჭვი, არც მაგის შემჩერებელი ჩანს ვინმე.

 

-როგორ უნდა შეაჩერონ, არ უყურებ რეებს აკეთებს? შეუძლია მარტომ მოატყუოს მთელი გუნდი და შეაგდოს. ან კიდევ ისეთი პასი გააკეთოს, ჩავისაც კი პირი ღია დარჩეს. ნამდვილად ყველა დროის საუკეთესოა.

 

-აი მაგას კი ნუ იტყვი. ნუ იქნები უგუნური და რაც არ იცი და არ გინახავს, იმაზე ნუ ილაპარაკებ.

 

-ვერ გავიგე რას გულისხმობ.

 

-რას და იმას, რომ შენ ხომ არ გინახავს და ხომ არ იცი როგორ თამაშობდნენ ადრე? უბრალოდ გაგიგია პელე და მარადონა. პელე-ფეხბურთის მეფეაო იცი და მარადონა კიდევ-"ღმერთი". ამის მიუხედავად არც კი დაგსიზმრებია რომელიმე მათგანის თამაში.

 

-რატომ, ვიდეოებს და არქივებს ხომ ვუყურებ?!

 

-კარგი რა შვილო, ეგ არაფერია. აბა წარმოიდგინე ეხლა შენ, შენს შვილიშვილს რომ აჩვენო მესის თამაშის ფრაგმენტები, სადაც ვერაფრით გამოიჩინა თავი, ის რას იფიქრებს?

 

-ვინ, ჩემი შვილიშვილი? (იცინის). მესიმ საერთოდ არ იცოდა თამაშიო იტყვის.

 

-ხოდა ზუსტად ეგაა, იმ ერთი-ორი ვიდეოთი, რომელიც შენ გაქვს ნანახი მარადონაზე, ვერ განსაზღვრავ როგორი დონის ფეხბურთელი იყო იგი.

 

-მესი მაინც საუკეთესოა. არ უცქერი როგორ იოლად ატყუებს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს? გოლსაც ისე ადვილად იტანს...ყველას მირჩევნია, ყველას. არ მომწონს, როცა ხალხი რონალდუს ადარებენ. კრიშტიანუს მარტო სუსტ გუნდებთან შეუძლია კარგი თამაში. სუსტ გუნდებს მეც კი გავუტან.

 

-(იცინის). მაგაში მართალი ხარ, რომ რონალდუ მესისგან ძალიან შორსაა. ახსნას აღარ დაგიწყებ რატომ, იმიტომ, რომ მემგონი თავადაც კარგად იცი. ლეო ამ დროისათვის მსოფლიოს საუკეთესოა და შეუძლია მართლა გახდეს ყველა დროის საუკეთესო, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ზედმეტია.

 

-კარგი რა მამა, ვისაც გინდა კითხე. ჩემს კლასში ყველა იძახის მესი მაგარიაო და ეგეთი ფეხბურთელი არ დაბადებულაო.

 

-"ჩემს კლასში", "ჩემს კლასში", 10 და 11 წლის ბავშვები, რომლებსაც ჯერ შენსავით არაფერი არ აქვთ ნანახი? ან მამები არ ჰყავთ, რომ დაისვან და ფეხბურთის წარსულზე ელაპარაკონ, როგორც ახლა მე შენ გელაპარაკები?!

 

-კარგი მამა, არ გაბრაზდე, წავალ მე. გუშინდელ თამაშში რომ ეცვა მესის შავი ფორმა, ძალიან მომეწონა და ეგ უნდა ვიყიდო.

 

-წადი, არსად დაგეკარგოს, თან სახელის ქვევით დააწერე: "მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი". გავგიჟდები რა. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ვისღა ახსოვს ძველი დრო. ვის ახსოვს "ფეხბურთის ღმერთი". ახლა მარტო მესი და რონალდუ იციან. ესაა საქმე? არ უნდა იცოდეს ახალგაზრდობამ რა ხდებოდა წარსულში და ვინ განაგებდა მსოფლიო ფეხბურთს? მაგრამ ამას არ თვლიან საჭიროდ. რაიმე შენიშვნა რომ მისცე, გეტყვიან რაში გვაინტერესებს თქვენი დიეგო არმანდო მარადონა, როცა "ჯადოქარი" თვალწინ გვიდგასო. ნუთუ შეიძლება ასე? საბოლოოდ გამოდის, რომ თუ გულშემატკივრობ "ბარსელონას" და იცი ვინ არის მესი, ესე იგი ფეხბურთი გესმის. არადა კატალონიელების თამაშით მაყურებელი სიამოვნებას იღებს და ბოლო დონის რეგვენიც მიხვდება მათ მსოფლიოში საუკეთესოობას... მარადონას რომ თავი დაანებო, ელემენტარული რივალდო და რომარიო არ იციან. ეეჰ, რა დრო იყო... მოატყუა ერთი, მეორე, მესამეც ზედ მიაყოლა და მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. რომ მახსენდება ბუსუსები მაყრის...

 

...ამ ყველაფრის შემდეგ "მკაცრმა მამიკომ" ვიდეო ჩართო, სადაც მარადონას უმღეროდნენ. კვლავ გაიტაცეს იგი ფიქრებმა და კვლავ ოცნებობდა ძველი დროის დაბრუნებაზე. უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა მარადონას ბრწყინვალება თავისი თვალით. უსმენდა სიმღერას და ცრემლები ჩამოსდიოდა. ისინი ხომ გენიოსზე მღეროდნენ; ფეხბურთის ნამდვილ "ღმერთზე"...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.