მესი: "ბარსელონაში" ძალიან ბედნიერი ვარ"
გუშინ ლიონელ მესიმ ინტერვიუ მისცა Radio Metro-ს გადაცემას Perros de la Calle-ს. "ბარსელონას" ფეხბურთელმა ისაუბრა "ბარსაზე", ეროვნულ ნაკრებზე, მუსიკაზე, facebook-ზე და კიდევ სხვა თემებზე.
შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ლადისლაო კუბალას გოლების რეკორდის გამეორებას, მესიმ უპასუხა, რომ იგი არასდროსაა კონცენტრირებული პირად რეკორდებზე, თუმცა კლუბის ისტორიაში ისეთი დიდებული ფეხბურთელის რეკორდის გამეორება, როგორიც კუბალაა, ნამდვილად აძლევს მას სიამაყის განცდის უფლებას.
არგენტინელმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა საკუთარი ოჯახის მნიშვნელობას. მან გაიხსენა პერიოდი, როცა ძალიან ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა ოჯახთან განშორებისას. "ამ წარმატებების უკან დგას ჩემი ოჯახი, დიდი თავგანწირვა, უამრავი შესანიშნავი წუთები. ჩვენ გადავიტანეთ ბევრი სირთულეები. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდში მედგა და ისინი ჩემით ამაყობენ. მათ გარეშე მე აქ არ ვიქნებოდი."
ერვნულ ნაკრებზე საუბრისას, მან ნათლად განმარტა, რომ ხალხი ცდება, როცა ნაკრებს და "ბარსელონას" ადარებს ერთმანეთს. "დღეს "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესოა. ნაკრებში სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ სასურველი შედეგების მიღწევას და ხშირად მე კლუბისგან განსხვავებულ პოზიციაზე თამაში მიხდება. ეს თამაშის გარემოებებია." მესიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი არ დარდობს იმ კრიტიკის გამო, რაც მის მიმართ ნაკრებში თამაშის გამო ისმის. "როცა თამაშობ, უნდა გაუმკლავდე კომენტარებს, კარგი იქნება ეს, თუ ცუდი. ჩემი ოცნებაა ნაკრებში კარგად თამაში." მან დაამატა: "მე ვერ მოვიგებ შეხვედრას მარტო. მატჩი და შედეგი ყველა ფეხბურთელზეა დამოკიდებული, ისე როგორც ეს "ბარსელონაშია"."
ლეომ განაცხადა, რომ, როდესაც "ბარსადან" წავა, მას არგენტინაში თამაში სურს, ისეთ კლუბში, როგორიც "როსარიო" ან "ნიუუელია". ჟურნალისტმა მესის შეკითხვა დაუსვა მის შესაძლო გადასვლაზე "ალ უალსში", რომლის მწვრთნელიც დიეგო მარადონაა, რაზეც ლეომ უპასუხა: "არ აქვს მნიშვნელობა კლუბი რა შემოთავაზებას გააკეთებს, გადაწყვეტილების მიღება ჩემზეა დამოკიდებული. მე ძალიან ბედნიერი ვარ "ბარსელონაში". არ ვფიქრობ აქედან სხვაგან წასვლაზე."
საკუთარ თავზე საუბრისას, მესიმ აღნიშნა, რომ მას არ აქვს საკუთარი პროფილი facebook-ში (მხოლოდ ფანკლუბი). "სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვგრძნობ გულშემატკივრების სიყვარულს. ვიცი, რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის გამაკრიტიკებენ და უკვე ვისწავლე ასეთ სიტუაციებთან გამკლავება. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან არგენტინაა და მე ფანებისგან ყოველთვის თბილი სიტყვები მესმის. სწორედ ეს მაბედნიერებს. კოპა ამერიკას დროსაც ვგრძნობდი გულშემატკივართა მხარდაჭერას."
შეკითხვაზე, თუ უფიქრია იმ დღეზე, როცა ის მამა გახდება, მესიმ გაიცინა: "არ ვჩქარობ!" "ჩემი საუკეთესო მეგობრები ფეხბურთში არიან მილიტო და მასკერანო. ძალიან ბევრი რამ გაგვიზიარებია "ბარსელონაში". და საერთოდ აქ, "ბარსელონაში", ყველანი კარგი მეგობრები ვართ." - განაცხადა ლეომ და დაამატა, რომ მას "კარგი დამოკიდებულება აქვს კუნთან და უსტრაისთან."
შეკითხვაზე, თუ რომელ მუსიკას უსმენს, მესიმ განაცხადა: 'ყველანაირ მუსიკას ვუსმენ, რაც კი გასახდელში ისმის."
ანატონელაზე (მესის მეგობარი გოგო) საუბრისას ლეომ აღნიშნა, რომ ის (ლეო) ეჭვიანია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]