ალექსისი ისტორიაში შედის
23 წლის ჩილელი თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი მესამე საუკეთესო დებიუტანტია ”ბლაუგრანაში” ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ალექსისის ”ბარსელონაში” გადასვლამ იმედები არავის გაუცრუა. თავად მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მას ნდობა გამოუცხადა და ახლა უკვე ის კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონე ფეხბურთელია. ჩილელი შესანიშნავად შეეწყო გუნდს, რომელიც უკვე წლებია უმჯობესდება და ხვეწავს საკუთარ სტილს.
გამოცემა ”La Tercera”-ს ცნობით ალექსის სანჩესი 15 მატჩში 7 გატანილი გოლით ”ბლაუგრანაში” ბოლო 10 წლის განმავლობაში დებიუტანტებს შორის მესამე ადგილზეა. ეს მაჩვენებელი სრულებით ამართლებს მასში გადახდილ თანხას. ”ბარსას” რიგებში ჩილელს გოლი საშუალოდ 133 წუთში ერთხელ გააქვს. ის თამაშობს ლა ლიგის, ესპანეთის სუპერთასის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის, სამეფო თასის და მსოფლიოს საკლუბო მუნდიალის მატჩებში. აღსანიშნია ისიც, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უკეთ გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეხბურთელს სეზონის სტარტი კუნთის ტრავმის გამო 2 თვით გაუცდა.
ამ მაჩვენებლებით ალექსის სანჩესი უსწრებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო და ტიერი ანრი არიან. ჩილელზე უკეთესი შედეგი ჰქონდა სამუელ ეტო’ოს, რომელმაც 18 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო, საშუალოდ 123 წუთში ერთი გოლი. ასევე უნდა ითქვას, რომ კამერუნელმა ყველა მატჩი სრულად ითამაშა.
მეორე საუკეთესო დებიუტანტი ისევე როგორც სანჩესი ”ბარსელონაში” წელს გადავიდა. სესკ ფაბრეგასი, რომელიც ”არსენალიდან” გადავიდა ”ბარსაში” 22 მატჩში 13 გოლით გამოირჩა. ის საშუალოდ გოლს 132 წუთში ერთხელ იტანს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]