ლაპორტას მემკვიდრეები (დასასრული)

ლაპორტას მემკვიდრეები (დასასრული)

ლაპორტას მემკვიდრეები (დასასრული)


ჟაუმე ფერერი


ჟაუმე ფერერი "ბარსელონას" დაარსების დღეს (და არა წელს) დაიბადა კატალონიელთა ოჯახში. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, კლუბის 79 935-ე წევრია. "ნოუ კამპზე" სტუმრობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც 10 წლის იყო. 9-ის გახლდათ, როდესაც ბლაუგრანას საფეხბურთო სკოლაში შეადგა ფეხი, მაგრამ უშედეგოდ.

46 წლის ფერერი გაერთიანება "მეგობრების ჯგუფთან" ასოცირდება, რომლებმაც 2003 წელს ბლაუგრანას საპრეზიდენტო არჩევნებზე ლაპორტას კანდიდატურა წარადგინეს. ფერერისა და მისი თანამოაზრეების მთავარი ამოცანა "ბარსელონასთვის" კატალონიური სულის დაბრუნება გახლდათ, რაც კარგად გამოუვიდათ. როგორც მოგეხსენებათ, ზემოთხსენებულ არჩევნებში ლაპორტამ გაიმარჯვა და უყურადღებოდ თანაგუნდელებიც არ დაუტოვებია.

დონ ჟაუმე თავდაპირველად კლუბის ხაზინადარი გახლდათ (2003-2007), შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის სავარძელი მოირგო (2007-2009), ამჟამად კი ჟუან ლაპორტას მთავარი მემკვიდრეა. ჰო, სულ დამავიწყდა, პარალელურად, "ბარსელონას" ხელბურთის გუნდის მენეჯერია.
ფერერს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში ბაკალავრის ხარისხი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობის მენეჯმენტში მაგისტრის წოდება.

რაც შეეხება ბიზნესს, სხვადასხვა დროს "ფარმჰაუსში", "ბიმბოში" და "სითიზენში" უმუშავია, მარკეტინგის დეპარტამენტში.


სანდრო როსელი


დაიბადა 1964 წლის 6 მარტს ბარსელონაში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. კლუბის წევრი ბავშვობიდანაა და რიგითი ნომერიც შესაბამისი აქვს, 12 556. ბლაუგრანასადმი მისი უზომო სიყვარული გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მამამისი ჟაუმე როსელი წლების წინ, აგუსტი მონტალის პრეზიდენტობისას, კატალონიური გრანდის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კატალონიურ კომპანია Myrurgia-ში დაიწყო მუშაობა. როსელს პარფიუმერიის შუააღმოსავლეთში გასაღება ევალებოდა.

1990 წელს, ბარსელონას ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში მოხვდა, სადაც მარკეტინგულ კვლევებს აწარმოებდა.
მისი, ასევთქვათ, სპორტული კარიერა აქედან დაიწყო. შემდეგ იყო მარკეტინგული კომპანია "ისლ" და "ნაიკი". თავდაპირველად, როსელი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი ესპანეთში გახლდათ, ხოლო შემდეგ ბრაზილიაში, სადაც სამი წელი ცხოვრობდა.
სამხრეთ ამერიკაში სანდრომ ბევრი მეგობარი გაიჩინა, რომელთაგან გამოსარჩევი ბრაზილიის ფეხბურთოს კონფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა, ლუიშ ფელიპე სკოლარი და რონალდინიო არიან.

2002 წელს, კატალონიაში დაბრუნებულმა როსელმა, საკუთარი კომპანია Bonus Sports Marketing (BSM) ჩამოაყალიბა, რომელიც სხვადასხვა სპორტული ღინისძიებების ორგანიზებას ახდენდა.

2003 წელს, ლაპორტას ბანაკში მოგვევლინა. დონ ჟუანის გაპრეზიდენტების შემდეგ, როსელი ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა სპორტული განხრით. 2005 წლის დეკემბერში კი, მათი გზები გაიყო. სანდრომ პრეზიდენტს კლუბის განვითარების საკუთარი, როგორც თვითონ აცხადებდა, ნოვატორული გეგმა წარუდგინა, რომელიც ლაპორტამ არ მოიწონა.

თავის დროზე, ბლაუგრანას რიგებში რონალდინიოს, დეკოსა და ედმილსონის გამოჩენა, სწორედ ამ პიროვნების დამსახურება გახლდათ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, როსელი გვარდიოლასთან 6 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.