ლა ლიგის ყველა გუნდთან მოგების 4 სეზონი
მას შემდეგ, რაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა გახდა, კატალონიელებმა ლა ლიგაში 4 სეზონი ჩაატარეს. ამ 4 სეზონიდან ყველაში, კატალონიელებმა ყველა გუნდს მინიმუმ ერთი თამაში მოუგეს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.
ლა ლიგის 37-ე ტურში, "ბარსელონამ" კატალონიურ დერბიში 4:0 იმარჯვა. "ესპანიოლი" იყო ბოლო გუნდი, რომელთანაც "ბარსას" მიმდინარე გათამაშებაში მოგება არ ჰქონდა.
გასულ სეზონში, "ბარსას" ყველა გუნდთან მინიმუმ 1 მოგება უკვე 25-ე ტურში ჰქონდა. 2009-10 წლების სეზონში, კატალონიელებს ლოდინი 35-ე ტურამდე მოუხდათ, როდესაც მათ "ვილიარეალი" დაამარცხეს. გუარდიოლას პირველ სეზონში, "ბლაუგრანამ" "ხეტაფე" 31-ე ტურში დაამარცხა და სწორედ ამ დროს აჩვენა ის შედეგი, რომელიც ჩვენი სტატიის საგანს წარმოადგენს.
პეპ გუარდიოლას ფორმაციის "ბარსელონასთან" თამაში ყველაზე მეტად "მალაგას" უჭირდა. ანდალუსიური გუნდი ერთადერთია, რომელმაც გასულ ოთხ სეზონში, კატალონიელებთან რვავე თამაში წააგო. მე-2 ადგილზეა "რასინგი", რომელთანაც, გუარდიოლას გუნდმა პირველი თამაში ფრედ ითამაშა, ხოლო დანარჩენი 7 მოიგო. კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც "ბარსა" ამ ოთხ სეზონში ყველა თამაში მოუგო "სარაგოსაა", მაგრამ "მალაგასგან" განსხვავებით, არაგონელებმა ერთი სეზონი პრიმერას მიღმა ჩაატარეს და შესაბამისად, მათ პასივში 6 წაგებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]