”ბეტისი” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ
დღეს პეპ გვარდიოლამ პრიმერა დივიზიონში უკანასკენლი მატჩის წინა პრეს-კონფერენცია გამართა. ამჯერად მწვრთნელმა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ცოტა ილაპარა მეტოქეზე. მან დიდი დრო დაუთმო საკუთარ მომავალზე, ტიტო ვილანოვას დანიშვნაზე და სამეფო თასის ფინალზე საუბარს.
მწვრთნელმა კვლავ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ის დაისვენებს და უარყო, რომ ტიტოსთონ ურთიერთობა გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც ის ”ბარსას” მომავალ მწვრთნელად დაასახელეს: ”მე ყველას უნდა მოვუყვე ჩვენი ურთიერთობის შესახებ? ამჟამად... მოდით ჩვენი ურთიერთობა ისეთი იყოს, როგორიც ახლა არის და არ გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთი გახდეს, როგორიც სხვებს სურთ. მე არ ვაპირებ ჩვენი ურთიერთობის შესახებ საუბარს”.
პეპმა განაცხადა, რომ ტიტოს დანიშვნის შესახებ იმ დღეს გაიგო, როცა კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა: ”ტიტოს ვუსურვებ, რომ ”ბარსაში” დიდხანს დარჩეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მან უკვე აჩვენა საკუთარი გამბედაობა. როცა ვიგრძნობ, რომ ძალები აღვიდგინე, მაშინ გადავწყვეტ რით დავკავდები”.
გვარდიოლამ განაცხადა, რომ სამუშაო არ მოენატრება და კმაყოფილია იმ გადაწყვეტილებებით, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში მიიღო: ”მე ვფიქრობ, რომ ეს 4 წელი წარმატებული იყო. დიახ, ყველაფერი არ გამომივიდა, თუმცა არაფერზე ვნანობ. შეცდომები გვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ”.
თასის ფინალში პინტო ითამაშებს
პეპმა განაცხადა, რომ თასის ფინალში პინტოს იმედი აქვს, რომელიც აუცილებლად იქნება ძირითად შემადგენლობაში, თუკი ტრავმა არ ექნება. რაც შეეხება ალექსის, მწვრთნელმა განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ ფინალისთვის ის სრულად მზად იქნება”.
მწვრთნელს მიაჩნია, რომ პინტოს და სანჩესის არყოფნის მიუხედავათ გუნდმა ”ბეტისთან” კარგი თამაში უნდა აჩვენოს, რათა თასის ფინალისთვის მომზადებულები იყვნენ: ”ჩვენ სევილიაში გამარჯვებისთვის მივემგზავრებით. ჩვენ მომზადება უნდა გავაგრძელოთ, რადგან ორი კვირის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის”.
ასევე მწვრთნელმა განაცხადა, რომ თასის ფინალამდე გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს არ გამართავს: ”თასის ფინალის წინ ამხანაგური შეხვედრების გამართვას არ ვაპირებთ. ამ დაპირისპირებისთვის უკეთ მომზადება გვსურს. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვითამაშოთ, რადგან ”ატლეტიკთან” შეხვედრა თავდადებას ითხოვს”.
ვილიას და პუიოლის შესახებ
გვარდიოლამ ასევე განაცხადა, რომ ვილია ძალიან ახლოსაა სრულ გამოჯანმრთელებასთან, თუმცა მან ზუსტი თარიღი არ თქვა, თუ როდის დაბრუნდება ფეხბურთელი: ”ვილიას აღდგენა ძალიან კარგად მიმდინარეობს. მან და ექიმებმა უკეთ იციან, შეძლებს თუ არა ის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. დელ ბოსკე გაესაუბრება მათ და თავად გადაწყვეტს, წაიყვანოს თუ არა დავიდი ჩემპიონატზე”.
პეპმა ასევე შეაქო პუიოლი და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე დაბრუნდება: ”ამ სეზონში ის ძალიან დიდ სამუშაოს აკეთებდა და ძალიან დაეხმარა გუნდს. ან ფეხბურთელს ყოველთვის სურს დახმარება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და ის მალე დაბრუნდება. ვფიქრობ, რომ პრე-სეზონისთვის ის საუკეთესო ფორმაში იქნება” - დაასრულა პეპმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]