"ბარსელონას" ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებს შეუერთდნენ

"ბარსელონას" ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრებს შეუერთდნენ

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელთან ერთად მუშაობის საშუალება მიეცა მას შემდეგ, რაც "ფურია როხას" "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელები შეუერთდნენ.

ესპანეთის სამეფო თასზე თამაშის გამო, "ბარსელონასა" და "ატლეტიკის" ფეხბურთელები ნაკრებს მოგვიანებით, დღეს შეუერთდნენ. კატალონიელთა მხრიდან, ნაკრებში 7 ფეხბურთელია გამოძახებული, რის წყალობითაც, "ბარსა" "ფურია როხაში" კვლავ ყველაზე წარმომადგენლობითი კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარლეს პუიოლი და დავიდ ვილია ვერ ითამაშებენ.

დღეს, ლას როზასის საწვრთნელ ბაზას ვიქტორ ვალდესი, ხერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი და პედრო როდრიგესი ეწვივნენ. მათთან ერთად, ბაზაზე მივიდნენ დავიდ ვილია და კარლეს პუიოლი, რომლებმაც თანაგუნდელები გაამხნევეს.

დღეს საღამოს, ვისენტე დელ ბოსკე უკვე სრულად შევსებულ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ, უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს ესპანელები სამ ივნისს, ჩინეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებენ, ხოლო თავად ჩემპიონატში ისინი 10 ივნისიდან ჩაერთვებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.