ალექს სონგის ინტერვიუ
"Barca TV": რას ფიქრობთ ბოლო 24 საათზე? როგორი გრძნობა დაგეუფლათ?
ალექს სონგი: თავს დიდებულად ვგრძნობ. ბოლო ორი დღე მართლაც ფანტასტიკური იყო, პატარა ბავშვივით ვარ ახლა. გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ცხოვრებაში ერთხელ გეძლება "ბარსელონაში" გადასვლის შანსი. მომწონს კატალონიელთა თამაშის სტილი და როცა ასეთ დროს გთავაზობენ ხსენებულ გუნდში გადასვლას, უარის თქმა შეუძლებელია.
ყველაზე მეტად რა მოგწონს "ბარსაში"? თამაშის სტილი... ფეხბურთელები... ტიტულები...
სიმართლე გითხრათ, ყველაფერი მომწონს. "ბარსას" სათამაშო სტილი ყველა ფეხბურთის მოყვარულს იზიდავს და ახლა მე მაქვს შესაძლებლობა ამ გუნდის წევრი გავხდე... ყველაფერს გავიღებ.
როდესაც ფეხბურთელი ახალ გუნდში გადადის, საჭიროებს ადაპტაციას ახალ სიტუაციასთან და შესაძლოა თამაშის სტილიც შეიცვალოს. თქვენ ითამაშებთ თქვენი მეგობრის, სესკ ფაბრეგასის გვერდით, დაგეხმარებათ თუ არა ეს ფაქტი?
ეს ჩემთვის კარგია. სესკი დიდებული პიროვნებაა. ამჟამად მე მის სახლში მძინავს და დარწმუნებული ვარ, ადაპტაციაში დამეხმარება. რჩევებს მომცემს და მიმითითებს სწორ მიმართულებას. ცუდია, როცა არავის იცნობ, მაგრამ მე მყავს სესკი და იმედი მაქვს, გამიადვილდება ადაპტაცია.
შეგიძლია აღწერო როგორი ფეხბურთელი ხარ?
მე ვარ იმ ტიპის ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს დადებს მოედანზე, თანაც ტექნიკასაც არ ვუჩივი. ერთი-ერთზე ორთაბრძოლებშიც არ ვარ სუსტი და ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე ბურთის მოსაპოვებლად. ჩემი აზრით, ინგლისური ფეხბურთი განსხვავდება ესპანურისგან. ინგლისში ყველაფერი ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული, აქ კი სხვაგვარადაა და იმედი მაქვს, მალე შევეჩვევი. არ მგონია, რომ ჩემი თამაშის სტილის ძირეულად შეცვლა მომიწევს აქ გადმობარგებით, მაგრამ უნდა გავუმჯობესდე.
ტიტო ვილანოვამ თქვა, რომ სამ პოზიციაზე შეგიძლიათ თამაში, მართალია?
დიახ, "არსენალში" ყოფნის დროს ვთამაშობდი, როგორც ჩამშლელ ნახევარმცველად, ისე ცენტრალურ მცველად, ნაკრებში კი ფორვარდებს ვამარაგებდი პასებით. მსურს სიამოვნება მივიღო აქ თამაშით და ყველაფერი გავიღო მოედანზე. არ მაქვს პრობლემა არც ერთ პოზიციასთან, სადაც მწვრთნელი მეტყვის, იქ ვითამაშებ.
რას ელით ამ სეზონისგან?
მსურს ყველაფრის მოგება. "ბარსელონა" გამარჯვებების გუნდია და ტიტულების მოსაგებად ყველაფერს ვიზამთ. არასდროს არაფერი მომიგია და დიდი იმედი მაქვს, მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოს უამრავ ტიტულს აღვმართავთ.
მასკერანო, რომელიც "ლივერპულიდან" გადავიდა "ბარსელონაში", აცხადებს, რომ არ ელოდა საწყის თერთმეტეულში თუ დაიმკვიდრებდა ადგილს, რადგან კატალონეილთა რიგებში უამრავი კარგი ფეხბურთელი ირიცხებოდა. თქვენ როგორი წინათგრძნობა გაქვთ?
წინ საკმაოდ გრძელი სეზონია და ხშირი იქნება ვარირება, ამიტომაც მე ჩემს შანსს ბოლომდე გამოვიყენებ ხოლმე და დავიხარჯები გუნდის წარმატებისთვის. მწვრთნელს იმედები უნდა გავუმართლო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ "ბარსაში" ირიცხებიან.
ვინ იყო ბავშვობაში, თუნდაც ახლა, თქვენი კერპი?
როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, რა თქმა უნდა, ჩემი კერპი გახლდათ რონალდო (ლუის ნაზარიო დე ლიმა), თუმცა ფეხბურთელობისას მაკელელეს ვაკვირდებოდი, რადგან მის პოზიციაზე ვთამაშობდი. მე მქონდა შესაძლებლობა პირისპირ მეთამაშა კლოდ მაკელელესთან. მატჩის შემდეგ მას გავესაუბრე და რამდენიმე კარგი რჩევაც მივიღე მისგან. მადლობა ღმერთს, ახლა "ბარსას" ფეხბურთელი ვარ და უდიდეს გამოცდილებას შევიძენ.
ბავშვობაში წარმოიდგენდით, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდით? თუ მხოლოდ ჰობი იყო თქვენთვის ეს სპორტი?
როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ნამდვილად არ მეგონა საქმე აქამდე თუ მივიდოდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა კორსიკაზე ვსწავლობდი. იქ ვიკენდებზე მოდიოდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ახლა "ბარსელონას" ღირსებას ვიცავ და ეს დიდებულია. ვიცი, რომ ყველას არ აქვს ამის სიამოვნება და თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]