ლიფტში...

ლიფტში...

იგი მაღალი და ლამაზი იყო. ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ არც ფულის ნაკლებობას უჩივოდა. მას ტანს უნიკალური იტალიური პიჯაკი უმშვენებდა, ხოლო ხელზე ბრილიანტის საათი ეკეთა. მისი თმა შესანიშნავ ვარცხნილობას ქმნიდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის ჩვენი დროის ჯეიმს ბონდი გახლდათ. ცივი გამოხედვა და გაკეთებული წარბები მის სახეს უფრო მეტ ელფერს სძენდა. "ჯეიმს ბონდის" გვერდით სხვა ხალხიც იდგა, თუმცა ისინი მასთან შედარებით მენაგვეებს გავდნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პიჯაკეპში იყვნენ და ნაირ-ნაირი საათებიც ეკეთათ. მან ჯიბიდან უმაღლესი დონის ტელეფონი ამოიღო და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ეშხიანი ქალბატონის ნომერი აკრიფა.

-პრივეტ ირინა, -თქვა მან გატეხილი რუსულით. მას აქცენტზე ეტყობოდა, რომ რუსულ ენაზე ამის მეტი არაფერი იცოდა და სწორედ ამიტომ მაშინვე ინგლისურზე გადავიდა, -მე უკვე ჩამოვედი...არა საყვარელო, ყველაფერი კარგადაა. შენ ისევ გადაღებები გაქვს? ძალიან გთხოვ 5 წუთი დამითმე...ახლა რა გაცვია?...

5 წუთის შემდეგ, ეს მეტად სექსუალური კაცი ლიფტს მიუახლოვდა. მის თავში კვლავ ირინა და მისი ბოლო სიტყვები, "მიყვარხარ, ძვირფასო" იყო. იმ მომენტისათვის იგი ყველაზე ბედნიერი მამაკაცი იყო მთელს პლანეტაზე.

იგი ლიფტში შევიდა და ის ის იყო ღილაკზე ხელი უნდა დაეჭირა, როდესაც გარედან ხმა შემოესმა, "გაჩერდით, არ წახვიდეთ". ლიფტში შემოვარდა საშუალო სიმაღლის, ასევე პიჯაკში გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელიც ამ ახოვანი კაცის შემყურე, თითქმის არც კი ჩანდა.

-უღრმესი მადლობა დალოდებისთვის, -თქვა ლიფტში ახლად შემოსულმა ყმაწვილმა და უცბად სიჩუმე ჩამოვარდა.

-როგორც ჩანს ერთი და იმავე სართულზე მივდივართ, ლეო, -თქვა ღიმილშეშრობილმა რონალდუმ, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ უზომოდ გახარებული იყო.

-გამარჯობა, რონ. აქ რას აკეთებ, რა ქარმა გადმოგაგდო ციურიხში? -მეგობრულად მიუგო ლეომ.

-მოდი შენი ხუმრობების გარეშე...შენც და მეც კარგად ვიცით, რომ ორივე ნომინანტები ვართ.

-რა იყო, დამშვიდდი, რატომ ხარ ასეთი დამწუხრებული? -სიცილით ჰკითხა ლეომ.

-რას ქვია რატომ? ნამდვილად არ მინდა ავიდე სცენაზე და კიდევ ერთხელ ვჭამო სირცხვილი. აშკარაა, რომ იმ ოქროს ჯანდაბას კიდევ შენ შემოგტენიან.

-ოქროს ჯანდაბა? ოთხი წლის წინათაც ჯანდაბა ერქვა?

-არა. მაშინ ეს იყო უმაღლესი დონის ინდივიდუალური ჯილდო, რომლის მოგებაც შეეძლო ფეხბურთელს. იმის მერე, რაც ყოველ წელს შენ გაძლევენ, ეს უბრალოდ ოქროს სისულელედ გადაიქცა.

-დაწყნარდი, რონი, ასე ნერვიულობაც არ შეიძლება, -კვლავ სიცილით უთხრა მესიმ.

კრიშტიანუს რაღაც უნდა ეთქვა, როდესაც ლიფტში შუქი ჩაქვრა და გაჩერდა.

-რა ჯანდაბა ხდება... გავიჭედეთ?

-ეს რა ჭკვიანი პორტუგალიელი ბიჭი ყოფილა. მე მეგონა მარტო ბურთის გორება შეგეძლო.

-ლეო, ტვინს ნუ წამლავ, თორემ იმ ოქროს ჯანდაბას შენს გარდაცვლილ სხეულს მისცემენ.

-დაწყნარდი, მეგობარო. ახლავე ვინმეს დავურეკავ და გამოგვიყვანენ, თორემ შენ თუ გადამეკიდე რა გაგიძლებს...თუ გადაკიდებებს "მანჩესტერის" დატოვების შემდეგ გადაეჩვიე?

-არგენტინელო, სანამ შენ ცდილობდი მაგ გაძვალტყავებულ ფეხზე ცოტა ხორცი დაგემატებინა, მე ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო მოდელებში "დავბორიალობდი". პლუს ინგლისური ენაც კარგად ვისწავლე.

-თვალების ლამაზად შეღებვაც მათგან ისწავლე?...კარგი, კარგი, მოვრჩი. დავრეკავ ახლა.

მესიმ საგანგაშო ღილაკს მიაწვა ხელი.

-დახმარების ცენტრი გისმენთ.

-მადმუაზელ, თუ შეიძლება ორი დიდი "ბიგ მაკი", ორი "კოლა" და კარტოფილი "ფრი".

-მაპატიეთ, რა?

-რა და ლიფტში გავიჭედეთ მეთქი. დროზე გამოგვიყვანეთ თორემ მისცეს ის ლამაზი ბურთი ანდრესს.

-ახლავე გამოვუშვებ ხალხს. 10 წუთში გამოგიყვანთ.

-გესმის, რონ? კიდევ 10 წუთი შენს წუწუნს უნდა ვუსმინო. რატომ გაჩუმდი, რონ, მოკვდი?

-მესიჯს ვწერ, უტვინო.

-უი ირინას გულთბილი მოკითხვა გადაეცი ჩემგან და უთხარი, რომ ჩემი "ოქროს ბურთის" შეხების უფლებას მოგცემ.

-წადი ანდრესის სხეულის რამე ნაწილს შეეხე. ტყუილად კი არ გამოგიმუშავა უკვე ზედიზედ მეოთხეჯერ ეს წყეული ჯილდო.

-ფუ, ეგ რამ გათქმევინა. ახლა გავბრაზდები და როდესაც "ოქროს ბურთს" მომცემენ აღარ ვიტყვი, რომ შენც იმსახურებდი ამ ჯილდოს და სხვა ათას სისულელეს.

კრიშტიანუ ხმას არ იღებდა.

-და ასე ძალიან რატომ არ მოგწონვარ? -მოულოდნელად ჰკითხა მას ლეომ.

-ეს კიდევ ერთი გეიური ხუმრობაა, ხომ?

-არა, სერიოზულად გეკითხები. რატომ ხარ ასეთი ბრაზიანი? შენ ხომ ყველაფერი გაქვს: ფული, ნაირ-ნაირი მანქანები, ყველა ზომის და წონის ლამაზმანები, ქომაგები. შენ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიგიჩნევენ...

-აი ეს კი მიზანში გაარტყი, ერთ-ერთ საუკეთესოდ. მე კი მინდა რომ საუკეთესოდ მთვლიდნენ.

-არა, საუკეთესო ვერავინ ვერასოდეს ვერ გახდება. ყველა თაობას თავისი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს. ზოგი პაპაჩემ პელეს მიიჩნევს პირველად, ზოგს ჩემი უსაყვარლესი მარადონა მოსწონს, ზოგსაც რონალდინიო, კრუიფი, ან ანრი. ყველა დროის საუკეთესო ვერასოდეს გახდები. ამას მეც კი ვერ მოვახერხებ.

-იცი რა, ლეო? მე რომ გუნდში ჩავი და ინიესტა მყავდეს, ისტორიაში საუკეთესოც გავხდებოდი და ფეხბურთში გადატრიალებასაც მოვახდენდი.

-ისე ლაპარაკობ, თითქოს არაფერი შემიძლია და "სარაგოსაში" უნდა ვთამაშობდე.

-არა, კარგი ფეხბურთელი ხარ, ნიჭიც დიდი გაქვს, მაგრამ სრულყოფილებას ვერც შენ მიაღწიე და ვერც მიაღწევ.

-რას მელაპარაკები, შენ ხომ მიაღწევდი უეჭველად ჩემს ადგილას. სიმართლე რომ გითხრა, შენ ჩავისთან და ინიესტასთან ვერც კი ითამაშებდი. მართალია ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი ხარ, გაქვს ჩინებული დარტყმა, თუმცა ტვინიც საჭიროა. ჩვენ შეტევას უკვე მაშინ ვიწყებთ, როდესაც ბურთს მცველები ათამაშებენ. ვმოძრაობთ და ყოველთვის გადავაადგილდებით. შენ დგახარ, ელოდები როდის მოგცემენ ბურთს რათა გაიქცე, გამოიყენო მთელი ენერგია და სიძლიერის ხარჯზე შექმნა მომენტი. "ტოჟე მნე" იდეალური ფეხბურთელი.

-ეს დაუსრულებელი კამათია, ლეო. ერთი კი ფაქტია, ჩვენ ორივე გამარჯვებას და წარმატებას ვაღწევთ და რა მხრივ ამას არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, ბურთს მაინც ყოველთვის შენ გაძლევენ, ღმერთმა იცის რატომ...

-ბურთი წყალსაც წაუღია, მთავარია გულშემატკივრებს ვუყვარვართ და პატივს გვცემენ.

-არ ხარ მართალი. კი, ბევრი გვცემს პატივს, მაგრამ მე ბევრიც ვერ მიტანს. ეს ზოგჯერ ძალიან ცუდ გუნებაზე მაყენებს. აბა როგორია, როდესაც 50 ათასზე მეტი ადამიანი შენი მისამართით "ლამაზ-ლამაზ" სიტყვებს ისვრის?

-რას იზამ რონი, ისინი ქომაგები არიან. ქომაგები ხალხია, ხოლო ხალხი-ბრბო. ისინი ხედავენ, რომ მდიდარი ხარ, ყველაფერი გაქვს, ქალები გარს გეხვევიან და სწორედ ამიტომ ვერ გიტანენ. არა და სინამდვილეში ყველაფერს გაიღებდნენ, რომ შენს ადგილზე იყვნენ.

-არაუშავს, მალე მათ ახალი კუმირები ეყოლებათ. აგერ ჩვენს მეზობლად რადამელი ბრწყინავს, ლონდონში კი "ჩელსიმ" ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა შეიძინა აზარის სახით.

-ეს აზარი ის არაა, რომ თქვა რონალდუზე და მესიზე უკეთესი მინდა ვიყოვო? ოპტიმისტი...

-ხო, მაგრამ "ჩელსის" მწვრთნელთა გარემოცვაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ მიაღწევს. აი "იუნაიტედში", სერ ალექსთან ნამდვილად დაიხატებოდა...

-ისიც იკეთებს ძილის წინ კიტრის ნიღაბს, როგორც შენ?

-არა, უბრალოდ ის ძალიან ნიჭიერია. და საერთოდ, ასეთი ხუმრობები სად მოაგროვე შენ?

-სულ ახლახანს თავად მოვიფიქრე. შენ რა, არ გეცინება? -გადაიხარხარა ლეომ.

-სიცილით ხოხიალს დავიწყებდი ადგილი რომ იყოს...ახლა ზემოთ უკვე ყველამ იცის, რომ გავიჭედეთ. დარწმუნებული ვარ უამრავი ჟურნალისტი გველის და აინტერესებს გააბრუა თუ არა რონალდუმ მესი თავისი სილამაზით.

-მოიცა, ერთი შესანიშნავი იდეა მაქვს. მოდი როგორც კი ლიფტის კარი გაიღება ისე დავდგეთ, როგორც იმ კლიპში, რა ქვია? ხო, "Gangnam Style".

-რა სისულელეებს ამბობ, შენ შემთხვევით მთვრალი ხომ არ ხარ?

-მოიცა რა, სასაცილო იქნება, ნუ გრცხვენია.

-ხო კარგი, ჯანდაბას შენი თავი...ოღონდ მე ზემოდან ვარ.

-ვა, ასე მალე მოახდინე კონცენტრაცია...როგორც ვატყობ მაგ ფრაზის თქმა ლიფტში ხშირად გიწევს ხოლმე.

-ტვინი წაიღე უკვე ამ უტვინური ხუმრობებით.

-კარგი, კარგი...ისე ხელები მაინც თუ დაიბანე?

-რატომ?

-გგონია მაგ ჭუჭყიანი ხელებით მოგაფერებინებ ჩემს მეოთხე "ოქროს ბურთს"?

...

შენიშვნა: სტატია დაწერილია მხოლოდ და მხოლოდ გუნება-განწყობილების ასამაღლებლად და მისი მიზანი არ არის გამოიწვიოს ზიზღი ან რაიმე სხვა ზემოთ ნახსენები პიროვნებების მიმართ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.