პიკე: „ახალ გამოწვევებს ვეძებთ“
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, ჟურნალისტებთან საუბრისას, არაერთ საკითხს შეეხო და საბოლოოდ, მადრიდულმა AS-მა საინტერესო მასალა შემოგვთავაზა.
არის "ბარსელონა" დაუმარცხებელი?: "არასდროს უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ დაუმარცხებელი ხარ. თუ ერთხელაც ასე იფიქრე, წააგებ. ასეთ დროს, მოედანზე მოგების სურვილის გარეშე გადიხარ. უნდა განვაგრძოთ იმავე სტრატეგიითა და დინამიკით მუშაობა."
სჯობს დღევანდელი გუნდი გუარდიოლას "ბარსელონას"?: "ვფიქრობ, ამის თქმა შეუძლებელია. ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ჩემის აზრით, კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ბოლო მატჩებში, იმ ფეხბურთს ვაჩვენებთ, რომლის დროსაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ. ყველაფერი ეს 3 ტიტულის მოსაგებად კეთდება. ეს პეპთან ერთად უკვე გავაკეთეთ და გვინდა, იგივე ტიტოსთან ერთად გავიმეოროთ."
არის "ბარსელონა" თავის საუკეთესო ფორმაში?: "როდესაც სამივე ტიტული მოვიგეთ, ჩანდა, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყავით, მაგრამ 2 წლის შემდეგ, თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ. 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "მანჩესტერის" წინააღმდეგ, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. შემდეგ, დაგვემატნენ ხორდი ალბა და სხვა ფეხბურთელები. განვითარებას, ზრდას განვაგრძობთ და ახალ გამოწვევებს ვეძებთ."
"რეალი" "ბარსას" უკვე 18 ქულით ჩამორჩება: "რეალის" ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენტად მანამ განვიხილავ, სანამ მადრიდელებს ჩემპიონობის მათემატიკური შანსი ექნებათ. ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს. "რეალი" ზედმეტად კარგი გუნდია იმისათვის, რომ ასე ნაადრევად ჩამოვწეროთ. თუ მადრიდელებმა საკუთარი ძალების კვლავ ირწმუნეს, მათ დაუჯერებელი ჩამორჩენის აღმოფხვრაც კი შეუძლიათ."
ქება პრესის მხრიდან: "ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში. პეპი გვეუბნებოდა, რომ ქებას შეუძლია უფრო გავნოს, ვიდრე სარგებელი მოგიტანოს და ის მართალი იყო. საკუთარი თამაშით კმაყოფილნი უნდა ვიყოთ, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ."
რა მოსდის "რეალს"?: "მეცინება, რადგან მახსოვს, რომ როდესაც "რეალი" იგებდა, მოურინიო თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა. მან ისიც გაბედა, რომ ვილანოვასთავის თვალში თითი ჩაერტყა. და რამდენი თამაში გამოტოვა მან ამის გამო? არცერთი. ახლა, მოურინიო კასილიასს მიადგა, შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს და ხალხი მას აკრიტიკებს. მოურინიო ყოველთვის ასე იქცეოდა. ვფიქრობ, პრესას ისეთი რეაქციები არ უნდა ჰქონდეს, როგორიც ახლა აქვს. ეს ეხება როგორც მადრიდულ, ასევე კატალონიურ პრესას. როდესაც "ბარსა" ყველაფერს იდეალურად არ აკეთებს, El Mundo Deportivo-სა და Sport-ის გარეკანზე ვკითხულობთ, რომ კლუბმა ყვეალფერი იდეალურად გააკეთა. ასეთ რამეს ვხედავ ორივე მხარეს."
როგორ ემზადება გუნდი მოახლოებული, დიდი რაოდენობის თამაშებისთვის?: "გუნდი ყველაფრისგან სწავლობს. ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში დაგვეხმარება. წინ სათასო თამაში გველის, შემდეგ ჩემპიონატი, შემდეგ ისევ თასი და ასე დაუსრულებლად. ყოველ სამ დღეში თამაში უკეთესია, ვიდრე მოედანზე კვირაში ერთხელ გამოსვლა. ასეთ სიტუაციაში, გუნდი უფრო კონკურენტუნარიანია."
ალტერნატიული ტაქტიკა: "ჩვენს გუნდს სხვადასხვაგვარად თამაში შეუძლია. ბოლო თამაშებში, ტიტომ აქცენტი ცენტრალურ ნახევარმცველებზე გააკეთა. იმ სეზონში, როდესაც სამივე ტიტული მოვიგეთ, უფრო მკაცრად ჩამოყალიბებული გუნდი გვყავდა, მაგრამ ახლა, ჩვენ ძალიან კარგი და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს."
"მალაგას" ფეხბურთელებმა თქვეს, რომ "ბარსელონამ" აპლოდისმენტები დაიმსახურა: "ეს დიდი პატივია. რამდენიმე დღეში, ერთმანეთს კვლავ შევხვდებით და იმედი მაქვს, მათ იგივე განცდა ექნებათ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]