1982 - მარადონას წელი
კატალონიური Mundo Deportivo საინტერესო რუბრიკას გვთავაზობს. პოპულარული გამოცემის ჟურნალისტები, 1982 წლიდან დღემდე, "ბარსელონას" მიერ ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს განხორციელებულ ტრანსფერებს განიხილავენ. პირველი მასალა ეძღვნება წელს, როდესაც "ბარსელონაში" სათამაშოდ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, დიეგო არმანდო მარადონა მივიდა.
1982 წლის ზაფხული, "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ დროს, კლუბის ოფისს მიაკითხა არგენტინელმა ვარსკვლავმა, რომელიც იმ დროისთვის, უკონკურენტოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მარადონასთან ერთად, გუნდს კიდევ 5 ფეხბურთელი შეუერთდა. ესენი იყვნენ: ხულიო ალბერტო, ურბანო, პიჩი ალონსო, მარკოს ალონსო და პერიკო ალონსო (ჩაბი ალონსოს მამა).
1982-83 წლების სეზონში, "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, უდო ლატეკი სესარ ლუის მენოტიმ ჩაანაცვლა. იმ სეზონში, "ბარსამ" ესპანეთის თასი და ლიგის თასი მოიგო. ორივე ტურნირის ფინალში, კატალონიელებმა მადრიდის "რეალი" დაამარცხეს.
1982 წელს გუნდში მივიდნენ:
| დიეგო მარადონა | 1 200 მლნ. პესეტი | ბოკა ხუნიორსი |
| მარკოს ალონსო | 120 მლნ. პესეტი | ატლეტიკო |
| ხულიო ალბერტო | 80 მლნ. პესეტი | ატლეტიკო |
| ურბანო | 70 მლნ. პესეტი | ესპანიოლი |
| პიჩი ალონსო | 70 მლნ. პესეტი | სარაგოსა |
| პერიკო ალონსო | 70 მლნ. პესეტი | სოსიედადი |
1982 წელს გუნდი დატოვეს:
| ალან სიმონსენი | ჩარლტონი |
| ხოსე რამოსი | კარტახენა |
| რაფაელ ზუვირია | მალიორკა |
| ხესუს ლანდაბურუ | ატლეტიკო |
| ანდრეს განდულიო | სარაგოსა |
ახდენილი ოცნება
1982 წლის 4 ივლისს, "ბარსელონამ", როგორც იქნა, დიეგო მარადონას ტრანსფერთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია. ჯერ კიდევ 1978 წელს, როდესაც პრეზიდენტის პოსტი ხოსეპ ლუის ნუნიესმა დაიკავა, ნიკოლას კასაუსმა, მას მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაბრწყინებული არაგენტინელის შეძენა ურჩია. თუმცა, ამ ტრანსფერს არ ეთანხმებოდა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუსიენ მიულერი. 2 წლის შემდეგ, როდესაც მარადონა უკვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი იყო, "ბარსელონა" მისი ტრანსფერის საკითხს კვლავ მიუბრუნდა, მაგრამ მარადონას ქვეყნიდან გაშვება არც არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას და არც სამხედრო ხელისუფლებას არ სურდა.
საბოლოოდ, მარადონამ "ბარსელონას" მაინც მიაშურა. კატალონიელების მიერ მის სანაცვლოდ გადახდილმა თანხამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა. 21 წლის ფეხბურთელთან გაფორმებული 6-წლიანი კონტრაქტი "ბარსას" 120 მილიონი ესპანური პესეტა დაუჯდა.
არგენტინელის დებიუტი 26 აგვისტოს შედგა, როდესაც "ბარსამ", გამპერის თასზე, "ინტერნასიონალის" დამარცხება ვერ მოახერხა.
სეზონის დასაწყისმა მოლოდინი ვერ გაამართლა. კლუბის გაძლიერებაში ჩადებულ დიდძალ ფულს შედეგი ვერ მოჰქონდა. მარტის თვეში, გუნდის მთავარი მწვრთნელი უდო ლატეკი იძულებული გახდა დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბერნდ შუსტერთან უთანხმოება იყო. მარადონას რჩევით, ლატეკი სესარ ლუის მენოტიმ შეცვალა, რომელიც გუნდს სეზონის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში წვრთნიდა. საბოლოოდ, "ბარსამ" ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, ხოლო ეპსანეთის სამეფო თასი და ლიგის თასი კატალონიელებმა მოიგეს. ლიგის თასის ფინალში, "რეალის" წინააღმდეგ, მარადონამ საქვეყნოდ ცნობილი გოლის გატანა მოახერხა.
"ბარსელონა" 1982-83 წლების სეზონში:

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]