მესი: "ეს ის ფეხბურთი იყო, რომელსაც ჩვენგან ელიან"
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც "მილანთან" 4:0 მოგებული შეხვედრის გმირად იქცა, თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში, ლეო მესიმ თავი დუბლით გამოიჩინა და გუნდს პირველი ტაიმი 2:0 მოაგებინა. არგენტინელი ვარსკვლავის თქმით, "ბარსამ" ის ფეხბურთი აჩვენა, რომელსაც მისგან ელიან.
"სწორედ ეს გვჭირდებოდა დღეს. ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, არამედ მილანში წაგებული თამაშის დასავიწყებლადაც. ყველაფერი ისე გამოვიდა, რომ უკეთესს ვერც ინატრებდი.
დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებმა იცოდნენ, როგორი რეაქცია გვექნებოდა ბოლოდროინდელ პრობლემებზე. ჩვენ კი ვიცოდით, რომ მთავარი ჩვეული სათამაშო სტილის დაბრუნება იყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ.
მე-5 წუთიდან, როდესაც გოლი გავიტანეთ, ბოლო მომემტამდე, "მილანს" ამოსუნთქვის საშუალება არ მივეცით. სწრაფი გოლის გატანა მხოლოდ ანგარიშის შესამცირებლად კი არა, გულშემატკივართა დასამშვიდებლადაც გვინდოდა. იმ ეპიზოდში, ბურთი ჩემთან ელვისებურად გაჩნდა და საბედნიეროდ, მისი კარში გადაგზავნა მოვახერხე.
ასეთი დონის ფეხბურთს წლების განმავლობაში ვაჩვენებთ. შესაძლოა, ბოლო თამაშებში, ცუდად გამოვიყურებოდით, მაგრამ ვიცოდით, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უბრალოდ ჩვენი თამაშის ჩვენება იყო საჭირო. ვიცოდით, რა იყო ჩვენი მხრიდან საჭირო და როგორ უნდა მიგვეღწია მიზნისთვის. ეს იმ "ბარსელონას" ფეხბურთი იყო, რომელსაც მატჩიდან მატჩამდე ჩვენ და გულშემატკივრები ველით.
დაუჯერებელია, რომ ამ გოლების წყალობით, ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე გადავედი. ეს უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ უმთავრესი, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" წარმატებაა. დღეს ჩვენ ხომ სწორედ ამისკენ ვისწრაფოდით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]