ვალდესი 2014 წლამდე რჩება

ვალდესი 2014 წლამდე რჩება

ვიქტორ ვალდესმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც განაცხადა, რომ ის კლუბს არა უახლოეს ზაფხულში, არამედ 2014 წელს, მას შემდეგ დატოვებს, რაც კონტრაქტის ვადა ამოიწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბს ვიქტორის შემცვლელის მოსაძებნად კიდევ ერთი წელი აქვს.

"ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვდუმდი. ვიცი, ვალდებული ვარ გულშემატკივრებს ავუხსნა, რატომ არ ვაგრძელებ კონტრაქტს. "ბარსა" ჩემი სახლია, რომელშიც 20 წელი გავატარე, მაგრამ ამ კლუბში მეკარეზე დიდი ზეწოლა მოდის. ფსიქოლოგიურად, დაცარიელებული ვარ. ვგრძნობ, რომ კლუბში ჩემი დრო კონტრაქტის ვადის ამოწურვისას, 2014 წელს სრულდება. ეს კლუბის წარმომადგენლებს ვუთხარი. წასვლის მიზეზი ფული არ არის.

ჩემთვის პატივია, რომ "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოოა. ვფიქრობ, კლუბს შემცვლელის მოსაძებნად საკმარისი დრო აქვს. "ბარსელონას" ფორმასა და ლოგოს, უკანასკნელ დღემდე, დიდი პატივით ვატარებ. ამას ვაკეთებდი პირველივე დღიდან.

ჩემს თავს სხვა ჩემპიონატში ვხედავ. ახალი მოტივაცია მჭირდება.

50 სიცოცხლე რომ მქონდეს, "ბარსელონას" იმას ვერ დავუბრუნებ, რაც ამ კლუბისგან მივიღე.

ხვალინდელ თამაშს ისე არ აღვიქვამ, როგორც უკანასკნელს. ასეთი გრძნობა არ მაქვს.

საუკეთესო მოგონება? 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი პარიზში. ყველაზე ცუდი? წაგებები, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის ჯანმრთელობის პრობლემები, დამშვიდობება.

პასის გარდა, "ბარსელონას" მეკარე საუკეთესო უნდა იყოს ერთი-ერთზე თამაშის დროსაც. სეზონში ასეთი შემთხვევა 25-30 არის ხოლმე. გადამწყვეტი ეს თვისებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.