პრიმერას ახალი სეზონის მთავარი კითხვები
დაფარავენ თუ არა ნეიმარი და ბეილი მესისა და რონალდუს?
ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი წლები ასოცირდებოდა არა მხოლოდ კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებასთან, არამედ მათი ლიდერების – ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებასთანაც. წინა სეზონში ამ ორმა ფეხბურთელმა საერთო ჯამში 80-ზე მეტი გოლი გაიტანა – რაც იმაზე მეტია, ვიდრე, მაგალითად, ერთად აღებული "ოსასუნასა" და "ატლეტიკის" მიერ გატანილი ბურთების რაოდენობა. თუმცა 2013/2014 წლების სეზონი დისპოზიციების შეცვლას გვპირდება – სანამ პრიმერა დივიზიონის სხვა გუნდები ვარსკვლავებს კარგავდნენ, "ბარსა" და "რეალი" პირიქით, მათ იძენდნენ (და იძენენ) და თავიანთ შემადგენლობას კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელებით ავსებდნენ. კატალონიელებმა მოახერხეს ნეიმარისთვის ბრძოლის მოგება. ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშით მსოფლიოს ალაპარაკება შესძლო. "რეალმა" წასული ჟოზე მოურინიოს ადგილი კარლო ანჩელოტის დააკავებინა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არ არის – მადრიდელებს ტოტენჰემის მთავარი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის ყიდვაც სურთ. ნეიმარი და ბეილი თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ახალი ვარსკვლავები არიან. მათ ელ-კლასიკოს ახალი ელფერი უნდა შესძინონ – ამ ორი ფეხბურთელიდან პირველმა ბრაზილიის ჩემპიონატში წინა სეზონში 20 გოლის გატანა მოახერხა, მეორემ კი – ინგლისის პრემიერლიგაში 26 ბურთი შეაგდო. საერთო ჯამში, ეს იმაზე მეტია, ვიდრე 2012/2013 წლების სეზონზე "ესპანიოლმა" გაიტანა.

როგორი იქნება ახალი ბარსელონა?
"ბარსელონაში" ულმობლად იწყება ახალი ერა – ჩავი და კარლეს პუიოლი ბერდებაინ, ვიქტორ ვალდესმა კი გუნდიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება; გუნდში მათი შემცვლელის მოძებნაა საჭირო. გარდა ამისა, "ბარსელონადან" წასვლა მოუწია ტიტო ვილანოვასაც, უკანასკნელ წლებში "ბლაუგრანას" წარმატებების თანაავტორს, და მწვრთნელის ადგილი დაიკავა ხერარდო მარტინომ, რომელიც ევროპისთვის პრაქტიკულად უცნობია. ლურჯ-ბროწეულისფერები ყველაზე მარტივად გამოსაცნობი გუნდიდან გადაიქცნენ იდუმალ გუნდად, რომელსაც გაურკვეველი მწვრთნელი ჰყავს და მოედნის ცენტრში გაურკვეველი პერსპექტივები აქვს. ესპანეთის შიგნით "ბარსა", რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად რჩება, მის ამ სტატუსს ვერანაირი ფიასკო ევროპის არენაზე და ვერანაირი პრობლემები მწვრთნელთან დაკავშირებით ვერ შეცვლის.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]