”ბარსელონა” - ”ლევანტე”. ტატა მარტინო მატჩის წინ
კვირას ”ბარსელონა” ლა ლიგაში ”ლევანტეს” წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა ტატა მარტინომ, სადაც მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება გუნდი პრიმერას სტარტს: ”ყველაზე მეტად მაღელვებს კარგი თამაში და გამარჯვება. ეს აუცილებელია, რათა მოვიპოვოთ თვითრწმენა და გულშემატკივრებს ჩვენი გეგმები გავაცნოთ... მე მსურს, რომ ”ბარსამ” ითამაშოს კარგად რაც შეიძლება მალე. ჩვენ თავიდანვე ყველაფრის კარგად გაკეთებას შევეცდებით, ეს ჩვენი ამოსავალი პუნქტი იქნება” - განაცხადა მარტინომ.
არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით მატჩის განაცხადი შეხვედრის წინა დღეს გამოქვეყნდება. ფაბრეგასის და მესის შესახებ მან შემდეგი განაცხადა: ”როგორც სესკი, ასევე ლეო ტკივილს განიცდიდნენ, თუმცა უკვე ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობენ. ისინი სათამაშოდ მზად არიან”.
ელოდება პუიოლს
მარტინო ცენტრალური მცველის შესაძლო შეძენის საკითხსაც შეეხო. მან კატეგორიულად განაცხადა: ”მე პუიოლის დაბრუნებას ველოდები. ამ დღეებში ის უკვე მოედანზე ვარჯიშობს და დიდ დატვირთვებს იღებს. შესაძლოა მან გუნდთან ერთად უკვე სექტემბრის დასაწყისში ივარჯიშოს... მე ვიცი კლუბის მოსაზრება ამ საკითხზე. მე კი ვთვლი, რომ თუ პუიოლი ფორმაში იქნება, ასევე მყავს პიკე, მასკერანო, ბარტა და თუ ასევე ცენტრში თამაში შეუძლიათ ადრიანოს და ბუსკეტსს ყველაფერს გავუმკლავდებით. იმ შემთხვევაში, თუკი რამე მოხდება, მაშინ 3 თვეში სატრანსფერო ფანჯარა ისევ გახსნილი იქნება”.
ამას გარდა მარტინომ შეგვახსენა: ”გასული სეზონის პრობლემები მხოლოდ ტრავმებთან იყო დაკავშირებული. თუ ყველა მწყობრშია, მაშინ ალტერნატივები გვყავს”.
მზად დებიუტისთვის
რაც შეეხება პირად მხარეს, ტატამ აღიარა: ”მე ევროპულ ფეხბურთში ახალწვეული ვარ, მაგრამ არა როგორც მწვრთნელი. ნებისმიერი დებიუტი მღელვარებასთანაა დაკავშირებული”. მისი ადაპტაცია კლუბში კარგად მიდის და ის ამბობს: ”მე ჯერ კიდევ ვიცნობ ახალ ადამიანებს. ”ბარსას” მსოფლიო ძალიან დიდია, თუმცა მოედანზე გასვლის დროს ყველაფერი მარტივდება. ზუსტად ეს ატმოსფეროა ახლოს ჩემთან”.
არგენტინელმა ასევე ნეიმარის შესახებ ისაუბრა: ”მას მოთმონება და სიმშვიდე ვთხოვე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას დიდი უპირატესობა აქვს ერთი ერთზე თამაშისას. ვარჯიშებზე კომფორტულად გრძნობს თავს. მოედანზე მისი შეშვების დროს ლოგიკას უნდა გავყვეთ, რადგან მისი ტრანსფერი ჩვეულებრივი არ იყო. ადრე ის ცოტას მუშაობდა ფიზიკურ დატვირთვებზე”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]