"ატლეტიკი" - "ბარსელონა". მატჩის პრევიუ
"ბარსელონა" უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ დამარცხების შემდეგ, პირველ მატჩს პრიმერა დივიზიონის ეგიდით ბილბაოს "ატლეტიკთან" ჩაატარებს.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც კატალონიელთა მთავარ მწვრთნელად ხერარდო მარტინო დაინიშნა, გუნდმა პირველი მარცხი ჰოლანდიაში განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე ამსტერდამელები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ და ჩავი ერნანდესმა თერთმეტმეტრიანით ისარგებლა, "ბარსამ" ქულის მოპოვებაც ვერ მოახერხა.
სეკს ფაბრეგასმა კი განაცხადა, რომ ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონებმა უფრო მეტი ინტენსიურობით უნდა ითამაშონ, რათა არ შეწყდეს ეს განსაცვიფრებელი სერია, რომელსაც შესაძლო 42-დან, 40 ქულის მოპოვება ჰქვია.
"მწვრთნელთან გუნდური საუბარი გვქონდა. ყოველთვის არსებობს თვითკრიტიკა, მაგრამ ეს სეზონის პირველი მარცხი იყო და რეაგირება უნდა მოვახდინოთ", - აცხადებს "ბლაუგრანას" მეოთხე ნომერი.
"ბურთით უფრო მეტი უნდა ვიმოძრაოთ, გამოვავლინოთ მოტივაცია, შევუტიოთ ბურთთან ერთად და ვიყოთ ინტენსიურები, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში".
"ბარსელონა" მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით 14 მატჩია, არ დამარცხებულა. მოიგო 13, ხოლო ერთი ფრედ ითამაშა. კატალონიელები მადრიდის "ატლეტიკოს" სამი ქულით უსწრებენ. "ბარსას" ყველაზე სასტიკი კონკურენტი, მადრიდის "რეალი", კი მესამე პოზიციას 34 ქულით იკავებს და პირველ ადგილოსანს ექვი ქულით ჩამორჩება.
ლაზარეთში არსებული სიმრავლე შედარებით ნაკლებად საყურადღებო იქნებოდა, რომ არა ლიონელ მესის ბარძაყის ტრავმა. არგენტინელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში 46 ბურთის გატანა შეძლო. ათი ნოემბრის შემდეგ კი იგი მოედანზე აღარ გასულა. მესის, ისევე როგორც ვიქტორ ვალდესის მოედანზე ახალ წლამდე გასვლა, ნაკლებად სავარაუდოა.
დანიელ ალვესმა გუნდის ბოლო ორი შეხვედრა დაზიანების გამო გამოტოვა. რაც შეეხებათ ხორდი ალბას და ჯონათან დოს სანტოსს, მათ საკმაოდ გრძელვადიანი მკურნალობა დასჭირდათ და კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან.
თუმცა, არსებობს კარგი ინფორმაციაც: გუნდს ალექსის სანჩესი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო რვა შეხვედრაში მეტოქის კარი რვაჯერ აიღო. ხერარდო მარტინო მისი დაბრუნებით აღფრთოვანებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მესი ტრავმირებულია.
"ატლეტიკს" "ბარსა" 2006 წლის მაისის შემდეგ არ დაუმარცხებია, როდესაც ბასკებმა ანგარიშით 3-1 იმარჯვეს. დღეს კი ისინი სამი ქულის მოპოვებას აუცილებლად ეცდებიან, რათა მეოთხეადგილოსან "ვილიარეალს" ძალიან არ ჩამორჩნენ.
აღსანიშნავია, რომ "ატლეტიკი" ლა ლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში არ დამარცხებულა. ახლა კი მათ "ბარსელონასთან" სერიოზული გამოცდა ელით.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]