მონტოიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დღეს, პარასკევს, კლუბის ოფისში, მარტინ მონტოიამ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტში ჩადებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, მონტოიას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს. მოთამაშესა და მის აგენტთან ერთად, კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი ჟოსეპ მარია ბართომეუ, გენერალური დირექტორი ანტონი როსიჩი, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და საფეხბურთო დირექტორი რაულ სალიეჰი.
მარტინ მონტოია "ბარსაში" მაშინ გაწევრიანდა, როდესაც მხოლოდ 8 წლის იყო. ახლა, ის თითქმის 23 წლის არის და მეორე სეზონს ატარებს პირველ გუნდთან ერთად. მონტოიას დებიუტი, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შედგა 2008 წლის 9 სექტემბერს, კოპა კატალონიას ნახევარფინალში, "სანტ ანდრეუს" წინააღმდეგ.
2012 წლის 25 მაისს, როდესაც ჯერ კიდევ ოფიციალურად "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი იყო, მან თავისი მე-12 მატჩი ჩაატარა პირველ გუნდში, ესპანეთის თასის ფინალში, "ატლეტიკის" წინააღმდეგ მატჩში, რომელიც "ბარსამ" 3-0 მოიგო და მონტოაიმ სრული 90 წუთი ითამაშა. 2012/13 სეზონი მარტინმა "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრად ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო რა 23 მატჩში. მიმდინარე სეზონში, მას ჩატარებული აქვს 18 მატჩი, რომელთაგან 12 ლა ლიგაზე ითამაშა, ორი ჩემპიონთა ლიგაზე და ოთხი ესპანეთის თასზე. ამ მატჩებიდან, მან 11 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, ხოლო 10 მათგანში სრული 90 წუთი ითამაშა.
კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მონტოიამ კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. მოლაპარაკებები დიდი ხანი მიმდინარეობდა, იყო დაბრკოლებები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვარ. "ბარსელონაში" რვა წლიდან გამოვდივარ და იმედი მაქვს, აქ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში ვითამაშებ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 30 ]