25 წელი პეპისა და ტიტოს დებიუტიდან
ხვალ, პირველ მაისს, ზუსტად 25 წელი გავა მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლამ და ტიტო ვილანოვამ "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს.
1989 წლის 1 მაისს, "ბარსელონა" "ბანიოლესს" ეწვია და ამხანაგური თამაში ჩაატარა. იმ შეხვედრაში, კატალონიური გუნდის მაისური პირველად მოირგეს გვარდიოლამ და ვილანოვამ, მაგრამ ისინი მოედანზე ერთდროულად არ ყოფილან. საინტერესოა, რომ ის შეხვედრა "ბარსამ" 6:2 მოიგო. მომდევნო 20 წლის განმავლობაში, "ბარსელონას" არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ თამაშში ეს ანგარიში არ განმეორებულა. 2009 წელს, "ბარსამ" იმავე ანგარიშით მადრიდის "რეალი" დაამარცხა. ამ დროს, პეპი და ტიტო ისევ ერთად იყვნენ - ისინი, მთავარი მწვრთნელისა და მისი დამხმარის რანგში, "ბარსელონას" ისტორიულ გუნდს ქმნიდნენ.
1989 წელს, "ბარსელონა" "ბანიოლესს" ამ უკანასკნელის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეხვდა. ეს თამაში "ოვიედოსთან" 7:1 მოგებიდან 24 საათში გაიმართა, ხოლო ამ მატჩიდან 9 დღის შემდეგ, იოჰან კრუიფის გუნდმა, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, "სამპდორია" 2:0 დაამარცხა. დატვირთული კალენდრის გამო, მწვრთნელმა პირველი გუნდიდან მხოლოდ კარასკო და სოლერი ათამაშა. დანარჩენი გუნდი "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელებმა დააკომპლექტეს.
ახალგაზრდული გუნდიდან გამოძახებული ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, ხოსეპ გვარდიოლა ი სალა იყო. თამაშის შემდეგ, კრუიფმა მას შემდეგი რამ უთხრა: "შენ ბებიაჩემზე ნელა თამაშობდი."
გვარდიოლამ პირველი 45 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც, ის ტიტო ვილანოვამ შეცვალა, რომელსაც პირველ გუნდში ასევე დებიუტი ჰქონდა. ამ ორ ფეხბურთელს, ერთი გუნდის მაისურით, ერთდროულად არასდროს უთამაშია.
თამაშის ოქმი

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]