ჟირონაში, ტიტულის დასაცავად

ჟირონაში, ტიტულის დასაცავად

იმ დროს, როდესაც "ბარსელონას" წამყვანი ფეხბურთელები "ატლეტიკოსთან" გასამართი უმნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის ემზადებიან, კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეები კატალონიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას გამართავენ.

თამაში დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე, ჟირონაში, ამავე სახელწოდების გუნდთან გაიმართება. ამ დროისთვის, ერთი ნახევარფინალი უკვე დასრულებული იქნება და ცნობილი იქნება, ფინალში "ესპანიოლი" ითამაშებს თუ "საბადელი".

კატალონიის თასი, რომელსაც თავიდან კოპა ხენერალიტატი ეწოდებოდა, სათავეს 1984 წლიდან იღებს, მაგრამ პირველი 5 წლის განმავლობაში ტურნირი არაოფიციალურ სახეს ატარებდა. პირველი გათამაშება "ბარსელონა ც"-მ მოიგო და ვინაიდან ტურნირი არაოფიციალური იყო, ეს ტიტული "ბარსელონას" არ ეთვლება. 1989 წლიდან, კოპა ხენერალიტატმა ოფიციალური სახე მიიღო, ხოლო 1993 წლიდან მას კატალონიის თასი ეწოდება.

ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ "ბარსელონას" აქვს მოგებული. მე-2 ადგილზე, 6 ტიტულით, "ესპანიოლია". გასული გათამაშების ფინალში ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ და "ბარსელონამ" თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო. ასე რომ, წელს "ბარსა" ტიტულის დაცვას შეეცდება.

ნახევარფინალში "ბარსელონას" მეტოქე ტურნირის მასპინძელი, ესპანეთის მე-2 დივიზიონში მოთამაშე "ჟირონა" იქნება. შარშანდელის მსგავსად, "ბარსელონა" ნახევარფინალს სრულად გადახალისებული ითამაშებს. პირველი გუნდის ერთადერთ ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა ისააკ კუენკაა.

თუ ტატა მარტინოს გუნდმა მოიგო, 21 მაისს ფინალში ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.