ბოლო ტურში მეათედ გაჩემპიონების მოლოდინში

ბოლო ტურში მეათედ გაჩემპიონების მოლოდინში

თუ "ბარსელონამ" 17 მაისს "ატლეტიკო" დაამარცხა, კლუბის ისტორიაში მეათედ მოხდება, რომ კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონობას ბოლო ტურში მოიპოვებენ.

უკანასკნელ ტურში გაჩემპიონება "ბარსამ" პირველად 1929 წელს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მოახერხა. "ბარსამ", ბოლო ტურში, "არენას დე გეჩო" 2:0 დაამარცხა, 25 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ "რეალს" 2 ქულით აჯობა.

მორიგი ასეთი შემთხვევა 1947-48 წლების სეზონში მოხდა. "ბარსელონა" "ბილბაოს" მასპინძლობდა. კატალონიელებმა სეგუერის, ბადენესისა და ვალეს გოლებით 3:0 იმარჯვეს, 37 ქულა მოაგროვეს "ვალენსიას" 3 ქულით გაუსწრეს.

ერთი წლის შემდეგ იგივე განმეორდა. "ბარსა" ბოლო ტურში უკვე "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და სეზარის დუბლის წყალობით 2:1 მოიგო. მე-2 ადგილზე, 35 ქულით, კვლავ "ვალენსია" გავიდა, რომელსაც "ბარსამ" 2 ქულით აჯობა.

გავიდა 2 წელი და "ბარსელონამ" ჩემპიონობა კვლავ ბოლო ტურში იზეიმა. კატალონიელებმა "ბილბაო" მორენოს, კუბალასა და ბოშის გოლებით 3:2 დაამარცხეს და 42 ქულა მოაგროვეს. მე-2 ადგილზე ისევ "ვალენსია" იყო, რომელსაც 40 ქულა ჰქონდა.

1959-60 წლების სეზონის ბოლო ტურში, "ბარსელონამ" "სარაგოსა" 5:0 გაანადგურა. კატალონიელებმა "რეალის" მსგავსად 46 ქულა დააგროვეს, მაგრამ კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლების წყალობით აჯობეს.

"სარაგოსასთან" გამართული თამაშის შემდეგ გავიდა 32 წელი და "ბარსამ" ჩემპიონატი კვლავ ბოლო ტურში მოიგო, თან ზედიზედ 3-ჯერ. 1992 წელს, "ბარსელონამ" "ბილბაო" 2:0 დაამარცხა, ხოლო "რეალი" "ტენერიფესთან" დამარცხდა. კატალონიელებმა 55 ქულა დააგროვეს და მადრიდელებს 1 ქულით გაუსწრეს.

1993 წელს, ლა ლიგის ბოლო ტურში, წინ მყოფი "რეალი" კვლავ "ტენერიფესთან" აგებს, ხოლო "ბარსა" "სოსიედადს" უგებს (1:0) და 58 ქულით ჩემპიონი ხდება.

დრამატული გამოდგა 1993-94 წლების სეზონის ბოლო ტურიც. "დეპორტივოსა" და "ვალენსიას" შორის გამართული თამაშის ბოლო წუთებზე, ლა კორუნიელთა ფეხბურთელმა, ჯუკიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რამაც "ბარსელონას" შანსი მისცა. კატალონიელებმა "სევილია" 5:2 გაანადგურეს და "დეპორტივოს" მსგავსად 56 ქულა მოაგროვეს, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი გამოდგა.

ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონობა ბოლო ტურში მოიპოვა, 2010 წელს დაფიქსირდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა "ვალიადოლიდს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=pFTiNJwUT4g]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 74 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.