მატჩის ანალიზი: "ლევანტე" – "ბარსელონა"

მატჩის ანალიზი: "ლევანტე" – "ბარსელონა"

"ლევანტე" – "ბარსელონა" – 0:5 (0:2)

შემადგენლობები:

"ლევანტე": ხესუსი, პედრო ლოპესი, ექტორ როდასი, ვინტრა, ტონიო, კამარასა, სიმაო, პაპე დიოპი (სისოკო 61'), მორალესი (ივანშიცი 58'), კასადესუსი, დავიდ ბარალი (რუბენ გარსია 72').

"ბარსელონა": ბრავო, ალვესი, მასკერანო, მატიე, ალბა, ბუსკეტსი (ჩავი 61'), რაკიტიჩი, ინიესტა (სერხი რობერტო 71'), პედრო, ნეიმარი (სანდრო 50'), მესი.

გოლები: ნეიმარი (34) 0–1, რაკიტიჩი (44) 0–2, სანდრო (57) 0–3, პედრო (63) 0–4, მესი (77) 0–5.

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მესი (42).

 

სტადიონი: "სუედად დე ვალენსია", 22177 მაყურებელი.

 

ბარათები:

"ლევანტე" – მორალესი (39, ყვითელი) ვინტრა (41, წითელი)

"ბარსელონა" – მასკერანო (36, ყვითელი), ბუსკეტსი (43, ყვითელი)

 

მთავარი მსაჯი – ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი.

 

მატჩის შეფასება "ბარსამანიის" ვერსიით:

"ლევანტე" – 5.5, სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდისგან არავინ ელოდა სერიოზულ წინააღმდეგობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მატჩის პირველ ნახევარში მენდილიბარის შეგირდებს თითქმის გამოუვიდათ ამის გაკეთება და ვინ იცის, პირველი ტაიმის მიწურულს კაცნაკლული, რომ არ დარჩენილიყვნენ მასპინძლები, შეიძლება სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები.

"ბარსელონა" – 7.0, კატალონიელები ახალი მწვრთნელის ხელში ეძებენ ახალ სათამაშო სტილს და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ძებნაში დამაჯერებლად აგრძელებენ ქულების დაგროვებას. "სუედად დე ვალენსიაზე" გასვლითი მატჩები იშვიათად გამოდის ადვილი გასეირნება, ამიტომ შეუძლებელია არ გაგახაროს ტაბლოზე დაფიქსირებულმა შედეგმა.

მატჩის სანახაობა – 7.0, არასაფეხბურთო ამინდისა (ყოველშემთხვევაში ესპანეთისთვის არასაფეხბურთო) და ჯიუტი მოწინააღმდეგის მიუხედავად, მატჩი გამოდგა საკმაოდ საინტერესო. მასპინძები კი თამაშობდნენ დაცვიდან, მაგრამ მუდამ ფიქრობდნენ კონტრშეტევებზე, ხოლო "ბარსა" თამაშობდა სურვილით და კარგი ხასიათით. მატჩის ბედის გადაწყვეტის შემდეგაც კი სანახაობრივად მიმდინარეობდა შეხვედრა, რადგან კატალონიელებს უფრო მეტი გოლის გატანა სურდათ.

მსაჯის შეფასება – 6.0, პრინციპში, მსაჯს მხოლოდ 1, მაგრამ სერიოზული პრეტენზია შეგვიძლია წავუყენოთ – წითელი ბარათი ლუკას ვინტრას. პროტოკოლში ეწერა, რომ ბარათი ნაჩვენები იყო ბოლო იმედის ჯარიმის გამო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, ზედმეტად მკაცრი იყო. მითუმეტეს, გამეორებაზეც რთული გასარჩევი იყო რომელმა ფეხბურთელმა დაარღვია, ვინტრამ თუ მის გვერდით მყოფმა ტონიომ.

 

ცნობილია, რომ "ბარსელონა" საკუთარი ხარისხის დემონსტრირებას ახდენს კარგი ამინდისა და სათანადოდ მომზადებული მოედნის საფარის პირობებში, "ლევანტეს" მოედანი კი ამ კონკრეტულ დღეს არცერთ პირობას არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა მაინც შეძლეს კარგი ფეხბურთის ჩვენება.

ლუის ენრიკე ხშირად მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს ძირითადი შემადგენლობის არჩევისას. მაგალითად, "აპოელთან" მან შეცვალა 9 ფეხბურთელი პრიმერას წინა თამაშთან შედარებით, ამიტომ საინტერესო იყო ამჯერად ვის დააყენებდა სასტარტო თერთმეტეულში. კარებში დაბრუნდა ბრავო, დაცვის ცენტრში პიკე–ბარტრას ნაცვლად მასკერანო–მატიე გამოჩნდნენ, მარცხენა ფლანგზე ადრიანო ალბამ შეცვალა და მხოლოდ დანი ალვესი დარჩა შეუცვლელი. ნახევარდაცვაში მოსალოდნელი ტრიო ვიხილეთ: ბუსკეტსი, რაკიტიჩი და ინიესტა. შეტევაში კი პირველად არ ვიხილეთ წლის აღმოჩენა – მუნირი, მის ნაცვლად მესი–ნეიმარს დუეტს პედრო ეხმარებოდა, რომელსაც ბევრი დასამტკიცებელი აქვს ახალი მწვრთნელისთვის.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად დაიწყო და პირველი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კატალონიელთა კართან შეიქმნა, როდესაც მე–14 წუთზე რაკიტიჩმა დაკარგა ბურთი, გაკეთდა მომენტალური გადაცემა მორალესზე, რომელიც გაექცა მატიეს ვარდნას და საჯარიმოში შესულმა ცარიელ კართან მყოფ პარტნიორს უპასა, თუმცა ბოლო მომენტში ივანმა მოასწრო გადაცემის ჩაჭრა, რაც კინაღამ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. "ბარსას" შეტევები ძირითადად მარცხენა ფლანგიდან მიმდინარეობდა ალბა–ინიესტა–ნეიმარის მონაწილეობით, რომელთაც, რა თქმა უნდა, მესი ეხმარებოდა. "ლევანტე" რამდენიმე კონტრშეტევის შემდეგ გათამამდა და სწორედ ამ დროს დაისაჯნენ, მათ დაკარგეს კონცენტრაცია, რითაც ისარგებლა მესიმ და შესანიშნავი გადაცემით მოჭრა მასპინძლების ორ ეშელონიანი დაცვა, გაიყვანა რა ნეიმარი მეკარესთან პირისპირ და მანაც გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს მესიმ საჯარიმოში თითქოსდა ცუდად მიიღო ბურთი, მაგრამ მესი რისი მესია, თუ არ უხმო ზებუნებრივ ძალებს, გააძვრინა რა ბურთი 2 მცველს შორის, რომელთაც ერთობლივად წააქციეს მეკარის პირისპირ გასული ჯადოქარი. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი და ვინტრასაც დროზე ადრე დაასრულებინა მატჩი. პენალტის შედეგზე არ გავამახვილებ ყურადღებას და პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში მხოლოდ რაკიტიჩის ყუმბარისებურ დარტყმას აღვნიშნავ, რომელმაც ანგარიში 0–2–მდე გაზარდა (ბურთის სიჩქარე იყო 91 კმ/სთ).

მეორე ტაიმს ფორმალური სახე მიეცა, ერთადერთი ინტრიგა იყო რამდენი გოლის გატანას და საგოლე გადაცემის გაკეთებას შეძლებდა მესი. საწყის წუთებშივე ნეიმარმა მიიღო მცირე დაზიანება, ლუის ენრიკემაც არ გარისკა და მის ნაცვლად მოედანზე გამოიყვანა სანდრო, რომელიც მაშინვე აქტიურად ჩაერთო მატჩში და 7 წუთში კვლავ მესის პასით შეძლო ანგარიშის 0–3–მდე გაზრდა. სტუმრები აგრძელებდნენ შეტევას და ერთერთ ეპიზოდში ტიპიური "ბარსელონური" კომბინაციის შემდეგ ალბა შეიჭრა საჯარიმოში და უპასა კატალონიელთა 7 ნომერს, რომელსაც ისღა დარჩენოდა დაემტკიცებინა, რომ ცარიელ კარებში მადრიდელთა 7 ნომერზე არანაკლებ შედეგიანია. ტაბლოზე გამანადგურებელი შედეგი ფიქსირდებოდა, თუმცა გოლის ავტორთა სიაში არ იყო მთავარი გმირის გვარი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. მესიმ, როგორც მაგნიტმა, მიიზიდა ბურთი ხესუს ფერნანდესის ხელებიდან, წაიღო მარცხნივ, მერე მარჯვნივ, მოატყუა მცველი და თავის სტილში თავზე გადაგდებით დაუსვა მატჩს წერტილი. "მანიტა" შედგა.

 

ფეხბურთელთა შეფასებები:

მატიე – 6.5, ამჯერად არ იყო ისეთივე საიმედო და უშეცდომო, როგორც წინა მატჩებში, ერთერთ ეპიზოდში მის შეცდომას კინაღამ გოლი მოჰყვა კატალონიელთა კარში, მაგრამ რაკიტიჩმა იხსნა. მეორე ტაიმში ტრავმირებული ალბას შეცვლა მოუწია დროებით, სადაც კარგად წარმოაჩინა თავი.

ინიესტა – 7.0, "ბარსელონას" ერთერთი ლიდერი ნელნელა იბრუნებს ფორმას. კარგად კომბინირებდა თანაგუნდელებთან მარცხენა ფლანგზე, მარტივად ატყუებდა "ლევანტეს" მცველებს და გააკეთა რამდენიმე კარგი გადაცემაც, რომელთაგან ერთს პენალტი და მატჩის ბედის გადამწყვეტი წითელი ბარათი მოჰყვა.

ბრავო – 7.0, წინა შეხვედრების მსგავსად, თანაგუნდელებმა ამ მატჩშიც უსაქმოდ დატოვეს. შეცდომები არ დაუშვია, თუმცა მან აშკარად მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფეხით თამაშს, რადგან მისი ბურთის მოგერიებები არ ემსახურება ბურთის შენარჩუნებას გუნდისთვის.

ალბა – 7.5, შეუძლებელია მიმდინარე სეზონში მისმა თამაშმა არ გაგახაროს, აღარ აქვს დაბნეულობა და უაზრო სიმულაციები, დარჩა მხოლოდ წარმოუდგენელი შრომისუნარიანობა, ზებგერითი სიჩქარე და დროული ჩართვები შეტევებში, რომელთაგან ერთერთში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

პედრო – 6.0, სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა გოლიც არაა საკმარისი მაღალი შეფასებისთვის. დიდიხნის მანძილზე გაურკვეველი იყო, თუ რას აკეთებდა მოედანზე, არ ჩანდა არც შეტევებში, არც დაცვაში... დაველოდოთ პედროს საუკეთესო ვერსიას.

ბუსკეტსი – 7.0, შეცდომები არ დაუშვია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებულიც არ გაუკეთებია, უბრალოდ კარგად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.

მესი – 8.5, როგორც ყოველთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვლავ მესი გახდა. გასახარებელია, რომ ლეო კვლავ იღებს სიამოვნებას ფეხბურთისგან და მთელ გულს დებს თამაშში. ახლა მხოლოდ ისღა შეგვიძლია ვისურვოთ, რომ თანაგუნდელებმაც მის მსგავსად ითამაშონ.

მასკერანო – 7.0, საკმაოდ სოლიდური მატჩი ჩაატარა, დაცვაში მოქმედებდა საიმედოდ და თავდაჯერებულად, ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას იმყოფებოდა.

რაკიტიჩი – 6.5, უცნაური მატჩი ჩაატარა, ერთი მხრივ გაიტანა ულამაზესი სადებიუტო გოლი, მაგრამ მეორე მხრივ დაუშვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა, რომელსაც სახიფათო კონტრშეტევები მოჰვა მასპინძლებისგან.

ალვესი – 5.5, დანის ამ მატჩში არაფერი გამოსდიოდა და პედროს მსგავსად, იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ვიხილავთ მის საუკეთესო ვერსიას.

ნეიმარი – 7.5, ჩაატარა მორიგი კარგი მატჩი. ძალიან ცდილობდა, მუდამ სახიფათოდ უტევდა, იხსნებოდა, ეძებდა ბურთს და გაიტანაც კიდეც შეხვედრის სადებიუტო გოლი. ასევე აღსანიშნავია მისი და მესის კომბინაციები და დამოკიდებულება.

სანდრო – 7.0, შესანიშნავად შევიდა თამაშში, გაიტანა გოლი, მიიღო მონაწილეობა პედროს გოლში. ამართლებს მწვრთნელის ნდობას.

ჩავი – 6.5, მაესტო ჩვეულ სტილში იჭერდა ბურთს, აკონტროლებდა მატჩის ტემპს და შეტევებს აძლევდა მიმართულებებს.

სერხი რობერტო – შ/გ.

 

Highlights

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.