მატჩის ანალიზი: "ბარსელონა" – "გრანადა"
"ბარსელონა" – "გრანადა" 6:0 (3:0)
გოლები: 1:0 ნეიმარი (26'), 2:0 რაკიტიჩი (43'), 3:0 ნეიმარი (45'), 4:0 მესი (61'), 5:0 ნეიმარი (65'), 6:0 მესი (82')
შემადგენლობები:
"ბარსელონა": ბრავო, ალვესი, მასკერანო, მატიე, ადრიანო, ბუსკეტსი (ბარტრა 63'), რაკიტიჩი (ს. რობერტო 57'), ჩავი, მუნირი (სანდრო 72'), ნეიმარი, მესი.
"გრანადა": რობერტო, ნიომი, ბაბინი, მურილიო, ფოლკიე, ფრან რიკო, იუსტე (ედი 46'), იტურა, ხავი მარკესი, ელ არაბი (ლუის მარტინესი 66') საკსესი.
ყვითელი ბარათები:
"ბარსელონა" – ალვესი (81')
"გრანადა" – ფრან რიკო (34'), ფოლკიე (84'), ედი (89')
მთავარი მსაჯი – მარტინეს მუნიერა
"ნოუ კამპი" – 72596 მაყურებელი.
მატჩის შეფასება "ბარსამანიის" ვერსიით:
"ბარსელონა" – 7.5 "მალაგასთან" უფერული ფრის შემდეგ "ბარსამ" რეაბილიტაცია მოახდინა და გოლების ფეერვერკით გაახარა საკუთარი გულშემატკივარი. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის 3 ბურთიანი სხვაობით მოგების მიუხედავად მეორე ტაიმიც იგივე ტემპში გააგრძელა და უბრალოდ ბურთის კონტროლით არ შემოიფარგლა.
"გრანადა" – 5.5, გრანადამ ღირსეულად ჩაატარა პირველი ტაიმის ნახევარი, რამდენიმეჯერ სახიფათო კონტრშეტევაც გამოუვიდა ბრავოს კართან, მაგრამ იუსტეს შეცდომის შემდეგ გაშვებულმა გოლმა მთლიანად მოშალა გუნდი.
მატჩის სანახაობა – 7.0, გუნდებმა მაყურებელს არ მისცეს მოწყენის საშუალება 90 წუთის მანძილზე. მატჩი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარმა კი აღნიშნული მატჩის ყურება ანტიდეპრესანტის სახით უნდა მიიღოს.
მსაჯის შეფასება – 7.5, არბიტრმა სათანადო დონეზე ჩაატარა მატჩი. ბოლო წუთებზე არ წამოეგო "გრანადას" ფორვარდის სიმულაციას.
ლუის ენრიკემ ტრადიციულად როტაციას მიმართა და ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩის წინ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, კერძოდ, ცენტრალური მცველების პიკე–ბარტრას ნაცვლად გამოვიდნენ მასკერანო–მატიე, ალბას ნაცვლად – ადრიანო, პედროს ნაცვლად – მუნირი, ხოლო ინიესტას ნაცვლად – ჩავი.
მატჩი კურიოზულად დაიწყო, "ბარსამ" საწყისს წუთებში ბურთზე კონტროლი ვერ დაამყარა და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევად მიიღო, რომელთაგან ერთერთში ელ არაბის ჰქონდა შანსი 4 მეტრიდან აეღო ბრავოს კარი, თუმცა მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია. ამ ეპიზოდმა კატალონიელები გამოაფხიზლა და მატჩის დასრულებამდე სახიფათო მომენტები მხოლოდ სტუმრების კართან იქმნებოდა.
"პეპ–თიმის" ტრიუმფალური თამაშის უმნიშვნელოვანეს ელემენტს – პრესინგი მოწინააღმდეგის ნახევარზე, როგორც ჩანს ლუის ენრიკეს ტაქტიკური მონახაზიც მოიცავს. სწორედ აღნიშნულ მოქმედებას მოჰყვა 2 გოლი "გრანადას" კარში, პირველ შემთხვევაში რაკიტიჩმა აიძულა იუსტეს დაეშვა შეცდომა, რომლის პასი ნეიმარმა ჩაჭრა და გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე შემთხვევაში მესიმ აართვა ბურთი მცველს, გავიდა მეკარესთან პირისპირ და მატჩს წერტილი დაუსვა.
"ბარსა" ბევრს უტევდა და მრავალფეროვნად, ძირითადად ფლანგების გამოყენებით. მე–10 წუთზე ალვესის ჩაწოდების შემდეგ მატიემ ცარიელ კართან მყოფ მუნირს დაუგდო ბურთი, მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდს წამიერად ბენზემას სული დაეუფლა და ვერ მოახერხა გოლის გატანა. ალვესის ჩაწოდების შემდეგ ნეიმარსაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მცველებმა შეუშალეს ხელი ზუსტი დარტყმის განხორციელებაში. მეორე გოლიც მარჯვენა ფლანგის აქტიურობას მოჰყვა, მესიმ მიიღო ბურთი, ჩვეულ სტილში აუარა სტუმართა 2 მცველს და ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც რაკიტიჩმა დაასწრო მცველს და გაგზავნა ბურთი მეკარისგან მარჯვენა შორეულ კუთხეში. ზუსტად 3 წუთში, ისევ მესის შესანიშნავი პასის შემდემ მუნირს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მეკარემ დაასწრო და 2 წამით გადადო გარდაუვალი შედეგი, იქვე იმყოფებოდა ნეიმარი და გამოგდებული ბურთი გადაგზავნა ცარიელ კარში. მე–4 გოლს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საფეხბურთო შედევრი, ალვესმა შეირბინა საჯარიმოში, რაც, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა ჩავის მხრიდან და გაუკეთა შესანიშნავი დიაგონალური გადაცემა, დანიმ ბევრი არ იფიქრა და ბურთი ერთი შეხებით მიწაზე დაუშვებლად გადააწოდა საპირისპირო მხარეს შემომრბენ მესის, რომელმაც შეტევა თავური დარტყმით დააგვირგვინა. მე–5 გოლიც, რასაკვირველია, მესის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგა, მარცხენა ფლანგიდან შესულმა უპასა კარიდან 3 მეტრში მყოფ ნეიმარს, მანაც არ გაუშვა შანსი ხელიდან, გაიტანა გოლი და 2001 წლის შემდეგ გახდა პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ნოუ კამპზე" შეძლო ჰეთრიკის შესრულება, ბოლოს ანალოგიური შედეგი ლეგენდარულმა რივალდომ აჩვენა "ვალენსიას" წინააღმდეგ და მატჩის ბოლო წუთზე შესრულებული მაკრატელათი გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა:
ფეხბურთელთა შეფასებები:
ბრავო – 6.0, ძნელია შეაფასო ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთის მანძილზე საქმე არ ჰქონია.
ალვესი – 7.5, ძალიან აქტიური იყო ბრაზილიელი და ამავდროულად სასარგებლოც, ბევრს იბრძოდა და გააკეთა საგოლე გადაცემაც.
მატიე – 6.5, ფრანგმა მცველმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რამდენიმეჯერ ვარდნებით "გრანადას" სახიფათო კონტრშეტევები ჩაშალა, რისთვისაც მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურა.
მასკერანო – 6.5, ხავიერი ბოლო წუთებამდე შეუცდომოდ თამაშობდა, თუმცა ბოლოს მაინც დაუშვა შეცდომა, რასაც სახიფათო კონტრშეტევა მოჰყვა, მაგრამ "გრანადას" თავდამსხმელმა არაზუსტად დაარტყა.
ადრიანო – 6.5, ალვესის მსგავსად, მანაც მატჩის უდიდესი ნაწილი მეტოქის ნახევარზე გაატარა, გაუკეთა საგოლე გადაცემა მესის, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ბუსკეტსი – 6.5, სერხიო, როგორც ყოველთვის, შეუმჩნევლად ასრულებდა შავ სამუშაოს და მატჩის გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ლუის ენრიკემ მისი დასვენება გადაწყვიტა.
რაკიტიჩი – 7.0, გაიტანა მეორე გოლი და აქტიურად იღებდა მონაწილეობას გუნდის შეტევებში. ბუსკეტსის მსგავსად, ლუის ენრიკემ იგიც დაასვენა და ნახევარი საათით ადრე გამოიყვანა მოედნიდან.
ჩავი – 8.0, მაესტომს ისევ დაანახა ყველას, თუ როგორ უნდა ფეხბურთის თამაში მოედნის ცენტრში. დირიჟორობდა "ბარსას" შეტევებს და გუნდის ყველა კომბინაციურ გოლში მიიღო მონაწილეობა. ასევე დაგვამახსოვრა თავი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, რომელიც, სამწუხაროდ, მეკარემ მოიგერია.
მუნირი – 6.5, შეეძლო ჰეთრიკი შეესრულებინა მეტი იღბალი და სიზუსტე რომ ჰქონოდა. ორჯერ მესიმ გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ერთხელაც 2 მეტრიდან ვერ შეძლო ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა. იმედი ვიქონიოთ ბენზემას სინდრომი მომდევნო მატჩებშიც არ იჩენს თავს.
ნეიმარი – 8.0, მუნირისგან განსხვავებით მან არ გაუშვა ხელიდან გოლის გატანის შანსები და 3–ჯერ დაამწუხრა "გრანადას" ფეხბურთელები. სამივე გოლის შემთხვევაში იგი საჭირო დროს საჭირო ადგილზე იმყოფებოდა, რაც მის კარგ საგოლზე ალღოზე მეტყველებს.
მესი – 9.5, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. გაიტანა 3 გოლი, რომელთაგან ერთი გაუუქმეს თამაშგარის გამო, მისცა 2 საგოლე პასი რაკიტიჩსა და ნეიმარს, მაგრამ მუნირს რომ გამოეყენებინა მეკარესთან პირისპირ ორივე გასვლა, შეეძლო 4 საგოლე პასიც მიეთვალა აქტივში.
ს. რობერტო – 6.0, მისთვის მინიჭებულ ნახევარ საათში არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია.
ბარტრა – შ/გ.
სანდრო – შ/გ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 55 ]