ფეხბურთიდან წასული 4 ლეგენდა
2014 წელი "ბარსელონას" 4 ლეგენდისთვის აღმოჩნდა პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელი. ესენი არიან რივალდო, კარლეს პუიოლი, ტიერი ანრი და ერიკ აბიდალი. მათგან კარიერა "ბარსელონაში" მხოლოდ კარლეს პუიოლმა დაასრულა.
ვიტორ ბორბა ფერეირა "რივალდო"
რივალდომ კარიერა მიმდინარე წლის მარტში, 41 წლის ასაკში დაასრულა. ბრაზილიელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" 1997-2002 წლებში თამაშობდა და ის კატალონიური კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მომაკვდინებელი მარცხენა ფეხის მქონე ფეხბურთელმა "ბარსელონაში" 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო. 1999 წელს რივალდო "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. "ბარსელონას" მაისურით 136 გოლის გატანის შემდეგ მან იტალიაში, საბერძნეთში, ანგოლაში, უზბეკეთსა და ბრაზილიაში ითამაშა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=RTyeCPLiMp8]
[media=http://www.youtube.com/watch?v=lWg167lwYac]
კარლეს პუიოლი
ლეგენდარულმა მცველმა კარიერა 2013/14 წლების სეზონის ბოლოს, 36 წლის ასაკში დაასრულა. არაერთი ტრავმის მიუხედავად, პუიოლმა "ბარსელონას" პირველ გუნდში 15 სეზონი გაატარა. აქედან 10 წლის განმავლობაში ის გუნდს კაპიტნობდა. თავისი ლიდერობის, პოზიციურად კარგად თამაშის, ფიზიკური სიძლიერისა და სისწრაფის წყალობით, პუიოლი, თავისი კარიერის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო.
ტიერი ანრი
ტიერი ანრიმ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება 16 დეკემბერს, 37 წლის ასაკში გადაწყვიტა. "არსენალში" თამაშის დროს ანრიმ სახელი გაითქვა როგორც ელეგანტური გოლების გამტანმა თავდამსხმელმა. 2004 და 2005 წლებში ის "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. 2007 წელს "ბარსელონაში" გადასულ ანრის პირველი სეზონი რთული ჰქონდა, მაგრამ მალევე, ის გუნდს ისტორიული ტრებლის მოგებაში დაეხმარა. ფრანგი თავდამსხმელი, ლიონელ მესისა და სამუელ ეტოოსთან ერთად, "ბარსელონას" მრისხანე თავდასხმის ტრიოს ქმნიდა. "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, ის "ნიუ იორკ რედ ბულზის" ღირსებას იცავდა.
ერიკ აბიდალი
ანრის მიერ პენსიაზე გასვლიდან 3 დღის შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ერიკ აბიდალმაც გააკეთა. აბიდალი "ბარსელონაში" 2007 წელს, "ლიონიდან" გადმოვიდა. ის დაგვამახსოვრდა, როგორც ტექნიკური მცველი. 2011 წელს, კარიერის პიკზე მყოფ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს, მაგრამ ის ავადმყოფობასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, როდესაც მოედანზე დაბრუნება მოახერხა. აბიდალმა კლუბი 2013 წელს დატოვა. მას შემდეგ, მან "მონაკოსა" და "ოლიმპიაკოსში" ითამაშა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]