მშვიდობით, პედრო!

მშვიდობით, პედრო!

2004 წელს "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდს კლუბ "სან ისიდროდან" შეუერთდა 17 წლის პედრო როდრიგესი, რომელმაც შემდეგ დიდი როლი ითამაშა კატალონიური კლუბის ისტორიის უდიდეს და დაუვიწყარ ეპოქაში. მან "ბარსასთან" ერთად 20 ტიტული მოიგო, მათ შორის 2-ჯერ ტრებლი.

კანარის კუნძულელის დებიუტი "ბარსელონას" პირველ გუნდში, როგორც პედრიტო, 2007/08 სეზონში ფრანკ რაიკაარდის მწვრთნელობის დროს შედგა. მან ჰოლანდიელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მალევე სპეციალისტმა მას ესპანეთის ჩემპიონატში "კამპ ნოუზე" "მურსიასთან" გამართულ შეხვედრაში პირველი შანსიც მისცა.

პედროს როლი კიდევ უფრო გაიზარდა 2008/09 სეზონში, "ბარსელონას" პირველ გუნდში პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ. თავდამსხმელი თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა კატალონიური კლუბის შეტევის ხაზში მაშინ, როდესაც გუნდმა, 2009 წელს, 6-ივე ტიტული მოიგო, პედრო კი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა ტურნირზე გაიტანა.

პედროს "ბარსაში" რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანია, რომელთაგან აღსანიშნავია 2009 წლის ევროპის სუპერ თასზე დონეცკის "შახტართან" გატანილი გამარჯვების გოლი, 2009 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ესტუდიანტესთან" ბოლო წუთზე გატანილი გოლი. გარდა ამისა, თავდამსხმელმა პირველი გოლი გაიტანა 2011 წელს "უემბლიზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან". აღსანიშნავია, რომ პედრომ თავისი ბოლო და გამარჯვების გოლი გაიტანა თბილისში, "დინამო არენაზე", ევროპის სუპერ თასის "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში.

პედრო როდრიგესმა "ბარსელონას" პირველ გუნდში, 321 ოფიციალურ თამაშში, სულ 99 გოლი გაიტანა და კლუბი 20 მოგებული ტიტულით დატოვა: 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 3 ევროპის სუპერ თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო თასი.

ამასთან ერთად, პედრო რეგულარული წევრია ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა, რომელსაც ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.