ხავიერ მასკერანოს ექსკლიუზიური ინტერვიუ BarcaTV–სთვის
გთავაზობთ "ბარსელონას" ახალწვეულის, ხავიერ მასკერანოს ექსკლიუზიურ ინტერვიუს. მას ინტერვიუ ჩამოართვა კლუბის ოფიციალურმა ტელეარხმა BarcaTV–მ პირველი გუნდური ვარჯიშის შემდეგ.
–რაზე იყავით წამსვლელი "ბარსაში" თამაშისათვის?
–შენ უნდა იბრძოლო მიზნის მისაღწევად, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც კლუბზეა. როდესაც მომეცა შანსი, იმწამსვე გამოვიყენე და შევუერთდი მსოფლიოში საუკეთესო გუნდს. "ბარსელონას" ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში ერთგვარი სიამოვნებაა.
–ეს შეკითხვა იმიტომ დაგისვით, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაგიხადათ "ბარსაში" მოსახვედრად ბრძოლისათვის...
–მეც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ხელმძღვანელობას. მათ დახარჯეს ბევრი ფული ჩემი ყიდვისათვის და რაც ყველაზე მთავარია, აქვთ ჩემი იმედი. "ბარსელონაში" გადმოსვლით ოცნება ამიხდა.
–"ლივერპულში" გატარებული ბოლო დღეები მძიმე იყო?
–დიახ. როდესაც "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ ამ საქმეში ჩარია ჩემი ოჯახი და კიდევ ვიღაც ვიღაცეები ძალიან გავბრაზდი. 1 წლის წინ ისინი რაღაცას დამპირდნენ, თუმცა ეს დაპირება არ შეასრულეს. და საერთოდ, ჩემს ოჯახზე საუბრის უფლება მერსესაიდელებს ნამდვილად არ აქვთ. როდესაც გესმის ასეთი უაზრო საუბარი, ნამდვილად ნერვებზე იშლები.
–პრემიერ–ლიგაში თამაშისას რაფაელ ბენიტესისგან ისწავლეთ ისეთი რამ, რაც აქ გამოგადგებათ?
–პრემიერ–ლიგის რიტმი, დინამიკა და ფიზიკური კონტაქტი სრულიად განსხვავდება სხვა ჩემპიონატებისგან. ბენიტესისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის ერთ–ერთი იმათგანია, ვისაც უდიდეს პატივს ვცემ. რაფამ შანსი მომცა გავმხდარიყავი "ლივერპულის" ნაწილი. სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები.
–გახსოვთ ის დღე, როდესაც კლუბ "ბარსაზე" რაღაც გაიგეთ?
–არგენტინელები ევროპულ ფეხბურთს დიდ პატივს სცემენ. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობაში საღაამოობით მიწევდა მეყურებინა იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატებს. ძალიან კარგად მახსოვს "ბარსას" რობი რობსონი. ასევე რონალდო. რონალდოს უდიდეს პატივს ვცემ. მისი კატალონიურ კლუბში თამაშისას, არცერთი მატჩი არ მაქვს გამოტოვებული.
–გახსოვთ გვარდიოლა, როგორც ფეხბურთელი?
–იგი "ბარსას" ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. პეპი მართლაც შესანიშნავი იყო. შემდეგ იყვნენ ხავი ინიესტა, ფაბრეგასი, ბუსკეთსი და კიდევ ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კატალონიურ გრანდში გაიზარდნენ და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. "ბარსელონას" გაზრდილი აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი მშვენივრად თამაშობს. ამას საფუძველი გვარდიოლამ ჩაუყარა. მან ხომ ფეხბურთში თავისი კვალი დატოვა, როგორც ბრწყინვალე ნახევარმცველმა.
–და რას ფიქრობთ მასზე, როგორც გუნდის მწვრთნელზე?
–უბრალოდ უნდა უყურო და დატკბე მისი გუნდის მოგებული ტიტულებით. იგი ძალიან მშვიდი და ჭკვიანი მწვრთნელია. მას ეს არაერთხელ დაუმტკიცებია როგორც პრესკონფერენციებზე ისე მოედანზე. ის ნამდვილი პროფესიონალია და მთელი გულით და სულით ჩართულია ფეხბურთში. პეპს ამ სპორტის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. მიხარია მისნაირი დამრიგებელი რომ მყავს. პლიუს ამას, ახალგაზრდობაში ჩემს პოზიციაზე თამაშობდა და ამიტომ ბევრ რამეს მასწავლის. ვამაყობ გვარდიოლათი და უდიდეს პატივს ვცემ მას.
–"ბარსაში" გადმოსვლის შემდეგ, მესი და გაბი მილიტო ერთი წამითაც არ გშორდებიან. როგორ მოქმედებს ეს თქვენს ადაპტაციაზე?
–ისინი ჩემს ადაპტაციაში დიდ როლს თამაშობენ. სხვა თანაგუნდელებთანაც სწორედ მათ წარმადგინეს და დამაახლოვეს. სიმართლე რომ გითხრათ მე ყველა გუნდს იოლად ვეჩვევი. სადაც მითამაშია, ყველგან ადვილად და სწრაფად გავიარე ადაპტაცია. მითუმეტეს "ბარსელონაში" ყველა ძალიან კარგი ადამიანები არიან. მათთან რაიმე პრობლემების ქონა უბრალოდ წარმოუდგენელია.
–ხალხი ამბობს, რომ თქვენ და მესი ძალიან ახლოს ხართ ერთმანეთთან. საიდან და როდის დაიწყო მეგობრობა?
–ჩვენი მეგობრობა არგენტინის ნაკრების დამსახურებაა. უკვე რამდენიმე წელია ერთად ვთამაშობთ და მძიმე მომენტების გადატანაც მოგვიხდა. ძალიან მიხარია ასეთი მეგობარი რომ მყავს. ვიმედოვნებ, "ბარსელონაში" ჩვენი ეს ურთიერთობა კიდევ ბევრი წელი გაგრძელდება.
–ყველაზე მეტად რა მოგწონთ ლეოში?
–თავმდაბლობა. იგი ვერ ხვდება, თუ რამდენს მიაღწია და არ უყვარს თავისი თავის ქება. ეს ძალიან მომწონს და მახარებს. ყველა თვისება, რრომელიც საუკეთესო ფეხბურთელს სჭირდება მესიშია გაერთიანებული. ის მართლაც ერთ–ერთი საუკეთესოა და მსოფლიოს ჩემპიონობას ნამდვილად იმსახურებს. ლეო ჯერ შედარებით ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ მუნდიალის მოგებასაც მოასწრებს და ჩემპიონთა ლიგის თასის კიდევ რამდენიმეჯერ აღმართვასაც.
–თქვენ ძალიან კარგი რეპუტაცია გაქვთ. ხალხი ამბობს, რომ მასკერანო ნამდვილი ლიდერია და, რომ იგი შესანიშნავია. ეს მართალია?
–მე ზოგჯერ მოედანზე ვუხეშობ, თუმცა ფსიქოპატი არ გეგონოთ. მერწმუნეთ, ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ. "ბარსელონას" ლიდერი რამდენად გავხდები ეს არ ვიცი, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ გუნდთან ერთად ბევრი ტიტული მოვიპოვო.
–"ბარსელონა" შემტევ ფეხბურთს თამაშობს. როგორ ფიქრობთ, თქვენ შეძლებთ ასეთი ტაქტიკით თამაშს?
–დარწმუნებული ვარ შევძლებ. ვეცდები ძალიან სწრაფად გავიარო ადაპტაცია. ზევით მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ გეტყვით: როდესაც გუნდში ასეთი ბრწყინვალე ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა გყავს, რთული არაფერია.
–უყურეთ "ბარსას" თამაშს კვირას? რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
–საერთოდ გუნდი ან იგებს ან აგებს, მაგრამ "ბარსა" მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის, რაც ძალიან მომწონს. ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და აქვთ ამბიციები. თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა. კატალონიელებიც ინდომებენ და სწორედ ამიტომ ყველაფერი გამოსდით.
–აკვირდებოდით სერხიო ბუსკეთსს?
–დიახ. იგი შესანიშნავია. ასაკის მიუხედავად უკვე ბრწყინვალედ თამაშობს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მთლიან მატჩში რომ მიიღებ მონაწილეობას და დაეხმარები გუნდს გამარჯვების მოპოვებაში, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. სერხიოს ყურებით სიამოვნებას ვიღებ. არ არის არანაირი კონკურენცია ბუსკეთსსა და მასკერანოს შორის. სეზონი გრძელია და ნებისმიერ დროს ორივე მზად უნდა ვიყოთ სათამაშოდ.
–არგენტინის ნაკრებში თქვენ თამაშობთ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელთან. მაინტერესებს როგორი გრძნობაა "ბარსაში" ჩავისთან, ინიესტასთან, პუიოლთან და ვილასთან ერთად თამაში?
–ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა. ისინი რთულ მატჩს იოლად აქცევენ. ყველაზე მეტად მათი მონდომება მომწონს. "ბარსელონაში" იმიტომ გადმოვედი, რომ კიდევ ბევრი რამ ვისწავლო. მინდა 2–3 წლის შემდეგ ვთქვა: "მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე აქამდე ვიყავი".
–ელოდებით "რეალთან" შეხვედრას?
–ეს ისეთი მატჩია, რომელშიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს მონაწილეობის მიღების სურვილი, თუმცა "ელ–კლასიკომდე" ჯერ კიდევ დიდი დროა. ახლა მთავარია გუნდთან ერთად ვარჯიში განვაგრძო და რაც შეიძლება მალე გავიარო ადაპტაცია.
–თქვენ დიდი როლი ითამაშეთ ემფილდზე "რეალის" განადგურებაში (4:0). იყო ეს თქვენი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი "ლივერპულის" მაისურით?
–ეს მატჩი მარტო ჩემთვის კი არა, "ლივერპულისთვისაც" ერთ–ერთი საუკეთესო იყო. ისეთი ისტორიის მქონე გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "რეალია" შესანიშნავი გრძნობაა. ამ შეხვედრაში ყველაფერი გამოგვივიდა.
–ნომერი "14" თქვენთვის ნიშნავს რაიმეს?
–ნამდვილად არა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა 3–4 ნომერში. მე "14" ავირჩიე იმიტომ, რომ არგენტინის ნაკრებშიც სწორედ 14 ნომრიანი მაისურით ვასპარეზობ.
–ახლა "კამპ–ნოუ" თქვენი სახლია. რას გრძნობთ, როდესაც ფიქრობთ ამაზე?
–ეს შესანიშნავი გრძნობაა. "კამპ–ნოუ" ულამაზესია. როდესაც მოედანზე გადიხარ და იცი, რომ 98 ათასი გულშემატკივარი შენთვისაა შეკრებილი, ნამდვილად გიხარია. ვეცდები ამისგან სრული სიამოვნება მივიღო და შეკრებილ ხალხსაც ჩემი თამაშით მივანიჭო იგივე გრძნობა.
–დიდი მადლობა ხავიერ. წარმატებებს გისურვებთ "ბარსელონაში" და რა თქმა უნდა ბევრი ტიტული მოგეპოვებინოთ ამ კლუბთან ერთად.
–დიდი მადლობა.
წყარო: fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]