სუარესი vs რონალდუ - ვინ უფრო გამოსადეგია მნიშვნელოვან თამაშებში?
დავა იმის შესახებ, კრიშტიანუ რონალდუ უფრო იმსახურებდა "ოქროს ბურთის" სამეულში მოხვედრას, თუ ლუის სუარესი, არ წყდება. ცოტა ხნის უკან, 2015 წელს ამ ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები სტატისტიკა შემოგთავაზეთ, რომლითაც ირკვეოდა, რომ ურუგვაელი სამეულში მოხვედრას პორტუგალიელზე ნაკლებად არ იმსახურებდა. ახლა კი, ვებგვერდ GRUP14-ის ანალიზს შემოგთავაზებთ.
სტატისტიკოსებმა გამოიკვლიეს, 2015 წლის განმავლობაში, რონალდუ უფრო პროდუქტიული იყო ძლიერ გუნდებთან მატჩებში, თუ სუარესი. ძლიერ გუნდებში იგულისხმება ის გუნდები, რომლებმაც, 2014/15 წლების სეზონში, ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში 1-4 ადგილები დაიკავეს.
კვლევის შედეგები ასეთია:
სუარესს, ძლიერ გუნდებთან გამართულ თითო თამაშში გაჰქონდა 0.86 გოლი და ის აკეთებდა 0.40 საგოლე გადაცემას. ეს ნიშნავს, რომ ძლიერ გუნდებთან მისი შედეგი 1.26 იყო. სუსტ გუნდებთან ნაჩვენები შედეგი ასეთია: 0.77 გოლი, 0.46 საგოლე პასი, 1.23 საერთო ჯამში.
რონალდუს, ძლიერ გუნდებთან, თამაშში, საშუალოდ, 0.40 გოლი გაჰქონდა. ის 0.08 საგოლე გადაცემას აკეთებდა. საერთო შედეგი 0.48 არის. სუსტ გუნდებთან რონალდუ: 1.19 გოლი, 0.39 საგოლე პასი, 1.58 საბოლოო ჯამში.
ეს ნიშნავს, რომ ძლიერ გუნდებთან სუარესის საშუალო შედეგი (გოლს+პასი) 1.26 იყო, რონალდუსი კი - მხოლოდ 0.48.
კვლევის დროს შესწავლილია 2015 წლის განმავლობაში რონალდუსა და სუარესის მიერ კლუბებში ჩატარებული თამაშები. პორტუგალიელს, 47 შეხვედრაში, 45 გოლი და 14 საგოლე პასი დაუგროვდა, ურუგვაელს კი - 52 თამაშში 40 გოლი და 22 საგოლე პასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]