"ბარსას" თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება სურს
"ბარსელონაში" ეჭვი არავის ეპარება, რომ "ვალენსიასთან" ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში 7:0 მოგების შემდეგ, გუნდი ფინალში ითამაშებს. აქედან გამომდინარე, კატალონიელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რომელ სტადიონზე უნდა გაიმართოს ტურნირის დასკვნითი შეხვედრა.
მადრიდული AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სამეფო თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება სურს.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კატალონიელებს ფინალის "რეალის" სტადიონზე გამართვა სურთ, მაგრამ აქამდე, მადრიდული კლუბი ამას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, გასულ სეზონში, "რეალის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფინალის დროს, მათ არენაზე გარკვეული სამუშაოები იყო დაგეგმილი. საბოლოოდ, ფინალი "კამპ ნოუზე" ჩატარდა და "ბარსამ" "ბილბაო" 3:1 დაამარცხა.
ამჯერად, "ბარსელონას" მეტოქე, დიდი ალბათობით, "სევილია" იქნება, რომელმაც ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "სელტა" 4:0 გაანადგურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]