ესპანეთის თასის ფინალის დაწყების დრო არ შეიცვლება
ცნობილი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება.
მოგეხსენებათ, 22 მაისს, მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე", ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "სევილია" და "ბარსელონა" უნდა დაუპირისპირდნენ.
თავდაპირველად, ფედერაციის მიერ მატჩის დაწყების დროდ 21:30 წუთი (ადგილობრივი დროით) შეირჩა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ფინალში მონაწილე ორივე გუნდის ხელმძღვანელობამ უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი ქომაგები სამშობლოში დროულად დაბრუნებას ვერ მოასწრებენ.
თუმცა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების თხოვნა არ გაითვალისწინა.
"ბარსელონას" პრეს-სპიკერის, ხოსეპ ვივესის განცხადებით, კლუბი ძალიან განაწყენებულია ფედერაციის გადაწყვეტილებით, რადგან ეს არასახარბიელო დროა ისევე როგორც მათი გულშემატკივრებისთვის, ასევე აზიელებისთვის, რომლებსაც მატჩის ყურება საკმაოდ გვიან მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის თასის ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]