4 შემთხვევა, რომლებმაც უმტიტის წარმატება განაპირობა
მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" გადმოდიოდა, კატალონიური კლუბის გულშემატკივრებმა ამ მცველის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებამ 22 წლის ფეხბურთელისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
თუმცა, ალბათ, უმტიტის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი არ მიეცემოდა, რომ არა 4 შემთხვევა.
1. მამადუ საკო
"ლივერპულის" ფრანგ მცველს, დოპინგის მიღების ბრალდებით, UEFA-მ ფეხბურთთან შეხება 30 დღით აუკრძალა, რის გამოც, 26 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა. 8 ივლისს კი გაირკვა, რომ საკო უსამართლოდ დაისაჯა.
2. რაფაელ ვარანი
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ტრავმა მიიღო, რომელიც მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვებად დაუჯდა. 23 წლის ფეხბურთელი განაცხადში ადილ რამიმ შეცვალა.
3. ჟერემი მატიე
"ბარსელონას" ვეტერანმა მცველმა მენისკის ტრავმაზე დაჩქარებული წესებით იმკურნალა, რასაც რეციდივი და ევრო 2016-ის გამოტოვება მოჰყვა. სწორედ მის ნაცვლად უხმეს განაცხადში უმტიტის.
4. ადილ რამი
ევროპის ჩემპიონატის სტარტზე, ლორან კოშელნისთან ერთად, საფრანგეთის ნაკრების დაცვის ცენტრში ადილ რამი თამაშობდა. თუმცა, ისლანდიასთან მატჩის წინ, მან დისკვალიფიკაცია მიიღო, რის წყალობითაც სამუელ უმტიტის შანსი მიეცა. "ბარსელონას" 22 წლის ახალწვეულმა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა, ტურნირის დარჩენილ სამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და თავისი მაღალი კლასი მთელ მსოფლიოს ანახა.
რა ელის უმტიტის "ბარსელონაში"? მარკ ბარტრას ტრანსფერისა და ტომას ვერმალენის შესაძლო წასვლის გათვალისწინებით, ივარაუდება, რომ უმტიტის ჟერემი მატიესთან კონკურენცია მოუწევს, კატალონიელთა დაცვის ცენტრს კი კვლავ ხერარდ პიკე და ხავიერ მასკერანო შეადგენენ. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასკერანოს ნახევარდაცვაში უფრო ხშირად თამაში სურს და ლუის ენრიკეც მზადაა ფეხბურთელის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ასეთ შემთხვევაში, უმტიტის მეტი შანსი მიეცემა და თუ როგორ იცის მან მიღებული შანსის გამოყენება, ეს ყველამ უკვე ვნახეთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]