გვარდიოლა: ჩემი ვალი ინიესტას წინაშე და როგორ ამიხილა მან თვალი
2008 წლის ზაფხულის მიწურული. "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი თამაში მოკრძალებულ გუნდთან, "ნუმანსიასთან" 0:1 წააგო. პეპ გვარდიოლასთვის, როგორც მწვრთნელისთვის, კარგი დასაწყისი ნამდვილად არაა, მაგრამ გაგრძელება უარესი იყო - მე-2 ტურში, კატალონიელებმა, საკუთარ კედლებში, "რასინგთან" 1:1 ითამაშეს. 2 კვირა და ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობით ვერცერთი მოგებული თამაში. ზეწოლა იზრდება, იწყება კრიტიკა... თუმცა, გვარდიოლა მაინც თავდაჯერებულია. პედრო როდრიგესი და სერხიო ბუსკეტსი, მანამდე ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში მოთამაშეები, პირველი გუნდის წევრები არიან. იბადება კითხვები, ჩნდება ეჭვები...
მთელ მედიასივრცეში გვარდიოლას მხარდამჭერი ერთადერთი ხმა ისმის და ეს ხმა იოჰან კრუიფს ეკუთვნის. ეს, შექმნილ ნეგატიურ ფონს, გარკვეულწილად, ანეიტრალებს. ჰოლანდიელს საკმარისი ავტორიტეტი აქვს იმისათვის, რომ კრიტიკოსები შეაჩეროს, მაგრამ ეჭვები მაინც ჩნდება. "დღევანდელი "ბარსა" ძალიან, ძალიან კარგად გამოიყურება." - წერს კრუიფი El Periodico-ში თავის ყოველკვირეულ სვეტში. "არ ვიცი, რა თამაშს უყურეს კრიტიკოსებმა. როგორი თამაშიც მე "კამპ ნოუზე" ვიხილე, ამ სტადიონს დიდი ხანია არ უნახავს." კრუიფი კატალონიური კლუბის იდეოლოგი, მისი ფილოსოფიის შემქმნელია. მან გვარდიოლა "ბარსა ბ"-ში მუშაობის დროს იხილა და თავისი ყოფილი შეგირდით მოიხიბლა. ახლა, ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და პეპის გვერდით დგება. "დიახ, თუ სტატისტიკას შევხედავთ, თუ დაგროვებულ ქულებს მივაქცევთ ყურადღებას, ეს, ბოლო სეზონებში, ყველაზე ცუდი სტარტია. ერთადერთი გატანილი გოლი და ისიც თერთმეტმეტრიანით. თუმცა, სუფთა საფეხბურთო მხრივ, სხვაგვარად უნდა შევხედოთ. და გვარდიოლა პირველია, რომელსაც ფეხბურთისთვის ასე შეხედვა შეუძლია. ის დამწყები არაა. მას გამოცდილება აქვს და ის არც საკუთარ თავზეა შეყვარებული. ის უყურებს, ხედავს, აანალიზებს და გადაწყვეტილებას იღებს."
გვარდიოლა თავადაც იტანჯებოდა. ის გამუდმებით მარტო რჩებოდა საკუთარ კაბინეტში, "კამპ ნოუზე", ჩამოშვებული ჟალუზებით და კიდევ და კიდევ აანალიზებდა ყოველ ნაბიჯს, ყოველ სიტუაციას, თავიდან უყურებდა ვიდეოჩანაწერებს, ფიქრობდა შესაძლო ცვლილებებზე და მას კარგად ესმოდა: იდეები, მისი იდეები, კრუიფის იდეები, უნდა განხორციელებულიყო. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო, პეპს საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა. და, ამ დროს, მხარდაჭერა იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდა.
გვარდიოლა თავის კაბინეტში მუშაობდა, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
- მობრძანდით!
- გამარჯობა, მისტერ.
კარში პატარა ტანის ფიგურა გამოჩნდა და ჩუმი ხმა გაისმა: "არ ინერვიულოთ, მისტერ. ჩვენ ყველაფერს მოვიგებთ. სწორ გზაზე ვდგავართ. გთხოვთ, ასევე განაგრძეთ. შესანიშნავად ვთამაშობთ. ვარჯიშებისგან სიამოვნებას ვიღებთ. გთხოვთ, არაფერი შეცვალოთ." - ეს ანდრეს ინიესტა იყო. პეპი მომხდარს ვერ იჯერებდა. თხოვნა მოკლე, მაგრამ ემოციური და გულიდან წამოსული იყო. ნათქვამი ხომ სიურპრიზი იყო და კიდევ უფრო დიდ მოულოდნელობას ის წარმოადგენდა, რომ ეს სიტყვები ინიესტას ეკუთვნოდა, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე წყნარ წევრს. შოკისმომგვრელი კი ბოლო სიტყვები იყო: "¡Vamos de puta madre!” ("წინ, ამის დედაც!"). სიტყვებში "ამის დედაც" კი ჩადებული იყო აზრი: "ჩვენ ბრწყინვალე ფორმაში ვართ, ძალიან კარგად ვთამაშობთ. ამ სეზონში ყველას გავაჩუმებთ!" ამის შემდეგ, ის გავიდა და კარი მიიხურა.
სწორედ ასეთია ინიესტა. ის ლაპარაკობს ცოტას, მაგრამ ამბობს იმას, რაც საჭიროა. ასეთივეა ის გოლების გატანაშიც - გააქვს ცოტა, მაგრამ როცა საჭიროა.
გვარიოლა არასდროს დაივიწყებს იმ რთულ პერიოდში კრუიფის მხარდაჭერას. ის ასევე არასდროს დაივიწყებს ინიესტას, რომელმაც მას გასამხნევებლად კაბინეტში მიაკითხა. და არც იმას, რომ ორივე მათგანი მართალი იყო. 2008/09 წლების სეზონში, "ბარსელონამ" ყველა ტიტული მოიგო.
"ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ მწვრთნელები ფეხბურთელების მოტივირებას ახდენენ, რომ მათ მხარი მოთამაშეებს უნდა დაუჭირონ, რომ მათი ფუნქცია ლიდერობაა. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება. "კამპ ნოუზე" სხვაგვარი სიტუაცია იყო. ასეთი რამ ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ ხდება, შემდეგ, საქმე ნორმალურად იშვიათად მიდის. ხალხს ჰგონია, რომ მწვრთნელი გუნდში ყველაზე ძლიერი პიროვნებაა, ის ბოსია. თუმცა, სინამდვილეში, ის გუნდის უსუსტესი წევრია. ჩვენ მოწყვლადი პროფესიის წარმომადგენლები ვართ. გვაკრიტიკებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ თამაშობენ. ამას აკეთებენ გულშემატკივრები და დანარჩენებიც. მათ ერთი მიზანი აქვთ: მწვრთნელზე ზეწოლა მოახდინონ. გუნდი იწყებს "ნუმანსიასთან" წაგებით, რასაც "რასინგთან" ფრე მოჰყვება. თავს მარტოსულად გრძნობ. ამ დროს ჩნდება ინიესტა და გთხოვს, არ ინერვიულო. ამის წარმოდგენა რთულია, რადგან ასეთი რამ თითქმის არ ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ ინიესტაზე, რომელსაც გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა უჭირს. ოთახიდან მისი გასვლის შემდეგ ვიფიქრე, როგორ შეიძლება მწვრთნელმა გადაწყეტილება ცივ გონებაზე მიიღოს? როგორ შეიძლება ის იყოს უემოციო? ეს სასაცილოა! როგორ შემეძლო ვყოფილიყავი ცივი და ინიესტასთან დისტანცია დამეცვა? მაპატიეთ, მაგრამ არ შემეძლო. გამოკითხულთა 86% ჩემი წინააღმდეგი იყო. ეს გამოკითხვა ინტერნეტით ჩატარდა. ბევრ გულშემატკივარს მაურინიო სურდა. ჩვენ ვერ ვიგებდით, ქულების აღებას ვერ ვახერხებდით. ამის შემდეგ კი მოდის ინიესტა და ამბობს იმას, რაც თქვა. შემეძლო ამის შემდეგ უემოციო ვყოფილიყავი? ეს შეუძლებელი იყო. ინიესტამ ყოველთვის უნდა ითამაშოს, რადგან ის საუკეთესოა. და იმიტომაც, რომ ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია. რატომ მოვიდა ის ჩემ ოფისში? არ ვიცი." - აცხადებს გვარდიოლა.
ლორენსო ბონავენტურა გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის წევრია. ის ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე აგებს პასუხს. ის, პეპთან ერთად, "ბარსელონასა" და "ბაიერნში" მუშაობდა, ახლა კი, მასთან ერთად "მანჩესტერ სიტიშია". ბონავენტურა გვარდიოლასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს და ცდილობს, კითხვებს პასუხები გასცეს.
"რატომ მოვიდა ის? ვფიქრობ, ის გრძნობდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავდა. ის არასდროს აკეთებს იმას, რისიც არ სჯერა. ის რამეს აკეთებს იმიტომ, რომ ეს მართებულად მიაჩნია. ის ყოველთვის გულწრფელია."
პეპი ამბობს: "შესაძლოა, ანდრესმა ეს იმიტომ მითხრა, რომ მან დაინახა ჩვენი მუშაობის მოდელი. მან ნახა, რას ვხსნიდით და ის მიხვდა, რომ ჩვენ იდეას უნდა ემუშავა. და იმიტომაც, რომ ჩვენ ვთამაშობდით ფეხბურთს, რომელიც კლუბში იყო ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ინიესტა პატარა იყო."
"მცირე ტექსტებით სხვა ფეხბურთელებმაც მოგვმართეს." - ამბობს ბონავენტურა.
"ეს სიმართლეა." - აცხადებს პეპი - "მაგრამ ინიესტას სიტყვებმა უფრო იმოქმედა. ეს როგორ უნდა დავივიწყო? ეს სურათი ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას: კართან მდგომი ანდრესი, რომელიც მე მიყურებს და ამბობს: "De puta madre". შემდეგ კი მიდის. ამ დროს ვიფიქრე: "ნუ, თუ ანდრესი ასე ამბობს..."
ინიესტა და კრუიფი მართლები იყვნენ. მწვრთნელის გადაწყვეტილება, გაეგრძელებინა იმავე ფილოსოფიით თამაში, წარმატებული გამოდგა. მე-3 თამაშში, გუნდმა "ხიხონს" 6 გოლი გაუტანა და ამის შემდეგ უკან აღარც მოუხედავს: ყველაფერი ნორმალურად და უმტკივნეულოდ წავიდა. რამდენიმე თვეში, გვარდიოლას გუნდი შთაგონების წყარო გახდა. და ეს არა მხოლოდ შედეგების გამო, - არადა, "ბარსა" პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელმაც ტრიპლეტი მოიგო, შემდეგ კი, 6 შესაძლო ტიტულიდან ექვსივე, - არამედ თამაშის სტილის, ბურთის კონტროლის გამო. ეს საქმისადმი ახალი მიდგომა იყო - გესმოდეს, აჩვენო ის ფეხბურთი, რომელსაც, მაგალითად, ინიესტა განასახიერებს.
- ჩვენ ვერასდროს მოვექცევით ანდრესს ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. ის დაუეჯრებელი ადამიანია. ის საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობს და არასდროს არაფერს ითხოვს. თუმცა, ცდებიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის მხოლოდ თამაშით კმაყოფილდება. თუ ანდრესი იფიქრებდა, რომ მას "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია, მას ეს მოუნდებოდა.
- ვფიქრობ, პაკო სეირულომ ის ძალიან კარგად დაახასიათა.
პაკო ფიზმომზადების მწვრთნელი იყო. სწორედ მისი მოწაფეა ბონავენტურა.
"ანდრესი ერთ-ერთი უდიდესია. რატომ? რადგან ის დროისა და სივრცის შერწყმის ოსტატია. მან იცის, თუ სად უნდა იყოს კონკრეტულ მომენტში. მოედნის ცენტრშიც კი, სადაც ბევრი მეტოქითაა გარემოცული, ის ყოველთვის სწორი პოზიციის შერჩევას ახერხებს. მან იცის: როგორ, როდის და სად - ყოველთვის იცის. მას თამაშის ტემპის, წინ წასვლისა და საჭირო დროს შეჩერების უნიკალური თვისება აქვს. ამის შემდეგ, ის კვლავ წინ მიდის, შემდეგ კვლავ პაუზა. მსოფლიოში ასეთი ფეხბურთელი ძალიან ცოტაა.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულნი, მაგრამ მათ სათანადო აზროვნება არ აქვთ. ან პირიქით. ინიესტას კი ყველაფერი აქვს. როდესაც გვერდითა ხაზთან ახლოს თამაშობ, როგორც გარემარბი, მოქმედება შედარებით ადვილია. ასეთ დროს, ყველაფერი ჩანს - მოთამაშეების განლაგება, მოძრაობა და ა.შ. ხოლო როდესაც ცენტრში, ბევრი ფეხბურთელის გარემოცვაში თამაშობ, შესაძლოა, ბევრი დეტალი გამოგეპაროს, რადგან არა ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ შენ გარშემო, მცირე მონაკვეთზე ხდება. ასეთ დროს, არ იცი, საიდან და რამდენი მეტოქე მოვა შენთან. დიდ ფეხბურთელებს როგორც მეტოქის გარემოცვაში, ასევე მოვლენების ეპიცენტრიდან შორს თამაში შეუძლიათ. ინიესტას არა მხოლოდ შეუძლია ყველაფერი დაინახოს, მან ასევე იცის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ეს. მას შეუძლია ერთი პასით მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვოს. მან იცის როგორ და აკეთებს კიდეც ამას." - აცხადებს სეირული.
"რამდენიმე წელია, რაც მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ კარგი ფეხბურთელი ყოველთვის კარგ ფეხბურთელად რჩება. რთულია ასწავლო ფეხბურთელს, რომელიც ცუდად თამაშობს, როგორ უნდა ითამაშოს კარგად. დრიბლინგს ვერავის ასწავლი. ეს არც სისწრაფეა და არც ფიზიკა, ეს ხელოვნებაა. ტიტო ვილანოვა ანდრესს ასე ახასიათებს: "ის არ დარბის, ის დასრიალებს. როგორც ჰოკეის მოთამაშე, მაგრამ ციგურების გარეშე." ეს ძალიან ზუსტი და ნათელი შედარებაა. ის მიდის, მისრიალებს რომელიმე მიმართულებით და ყველაფერს ხედავს, რაც მის გარშემო ხდება. შემდეგ, თვალის დახამხამებაში, ის ვექტორს ისე უმტკივნეულოდ იცვლის, როგორც მხოლოდ მას შეუძლია. დიახ, ის არ დადის, ის დასრიალებს. ზოგჯერ, პირველი შთაბეჭდილება ყველაზე ნამდვილია. ანდრესზე პირველი შთაბეჭდილება შემექმნა, როდესაც ჩემი ძმა პერე, იმ დროს "ნაიკში" მომუშავე, მოვიდა და ინიესტაზე მომიყვა. იმ დროს, თავად "ბარსელონაში" ვთამაშობდი, პერემ კი მითხრა: "შენ უნდა წამოხვიდე და ამ ბიჭის თამაში ნახო." ეს "ნაიკის თასის" ფინალის წინ მოხდა."
"მახსოვს, რომ ვარჯიშის შემდეგ სასწრაფოდ გამოვიცვალე და თამაშის სანახავად წავედი. და ვნახე, თუ რამდენად კარგი იყო ანდრესი. საკუთარ თავს ვუთხარი: "ეს ბიჭი "ბარსელონაში" ითამაშებს." ჩემ ძმას იგივე ჩურჩულით გავუმეორე. ფინალის შემდეგ, რომელშიც ანდრესი საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, დავინახე სანტიაგო სეგუროლი, საფეხბურთო დამკვირვებელი. მას ვუთხარი: "ახლახანს რაღაც დაუჯერებელი, უნიკალური ვნახე." ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება ანდრესზე.
მოგვიანებით, უკვე სხვა რამის დაფასება დავიწყე. ანდრესი აკეთებს იმას, რაც მე მასწავლა: ის ცენტრალურ მცველზე შეტევის მნიშვნელობას ხვდება. ამას სხვა არავინ აკეთებს. თუ ცენტრალური მცველი თავის ადგილზე არაა, მთელი დაცვა მოშლილია, ის არაორგანიზებული ხდება. ჩნდება თავისუფალი სივრცეები. გაიხსენი, შემდეგ კი მოძებნე. მაგალითად, ჩვენ შეტევას ისე ვაწყობდით, რომ მესი ცენტრალურ მცველს უტევდა. თამაში ისე უნდა აგვეგო, რომ ბურთ მესიმდე, ან ანდრესამდე მიგვეტანა და ისინი ცენტრალურ მცველებს შეუტევდნენ. როდესაც ეს გამოგვდიოდა, ვიცოდით, რომ თამაშს მოვიგებდით. ლეოს გოლები გაჰქონდა, ანდრესი კი ყველაფერ დანარჩენს აკეთებდა: დრიბლინგი, რიცხობრივი უპირატესობა, თამაშის დაბალანსება, დამაგვირგვინებელი პასი. ის ყველაფერს ხედავს და მას დრიბლინგის ნიჭი აქვს. დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მან ამიხილა თვალი და მიმახვედრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თავდამსხმელისთვის ან შემტევი ნახევარმცველისთვის კარგ დრიბლინგს. დროთა განმავლობაში, მე ამას მივხვდი." - პეპ გვარდიოლა.
წყარო: barcamania.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]