ნეიმარი ფუტზალსა და ქუჩის ფეხბურთზე
- გამარჯობა, ნეიმარ. რა გავლენა იქონია ქუჩის ფეხბურთმა თქვენზე, როგორც ფეხბურთელზე?
- ქუჩის ფეხბურთის წყალობით ვისწავლე სწრაფად და მოხერხებულად თამაში. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და მახსოვს, რომ ყოველ დილას ვიღვიძებდი თამაშის სურვილით მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში უნდა წავსულიყავი. სახლში დაბრუნების მერე ვიღებდი ბურთს და საღამომდე მეგობრებთან ერთად ვაგორავებდი. ჩვენთვის მეტს არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
- მწვრთნელები არ გიშლიდნენ ქუჩაში თამაშს?
- დიახ, გვიშლიდნენ. ეშინოდათ, რომ ტრავმას მივიღებდი და ვარჯიშს ან მატჩს გამოვტოვებდი, მაგრამ ამან ხელი ვერ შემიშალა.
- რომელ მწვრთნელს ჰქონდა ყველაზე ძლიერი გავლენა თქვენზე და თქვენს კარიერაზე?
- გამიმართლა და დიდებული მწვრთნელების ხელმძღვანელობის ქვეშ მომიხდა თამაში. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პროგრესში, მაგრამ მაინც გამოვარჩევ ანტონიო დოს სანტოს ლიმას. ის მწვრთნიდა, როდესაც მოზარდი ვიყავი. მასთან ერთად მუშაობა მსიამოვნებდა.
- გახსოვთ "სანტოსში" თქვენი დებიუტი 17 წლის ასაკში? რას გრძნობდით მოედანზე გასვლისას, როცა გულშემატკივრები თქვენს სახელს სკანდირებდნენ?
- არ ვიცოდი, რა უნდა მექნა - გამეღიმა, ტაში დამეკრა, ხელები მექნია თუ სერიოზული ვყოფილიყავი. ძალიან რთულია, როდესაც ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოვახერხე ბოლომდე თამაში და ის შეხვედრა ისტორიას დარჩა.
- ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი ხართ. ასეთი როგორ გახდით?
- ფუტზალმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ძალიან მომთხოვნი სპორტია, რომელმაც მომცა სწრაფად აზროვნების უნარი, ტექნიკა და მასწავლა მოედნის მცირე ნაწილზე გადაადგილება. ჩემი აზრით, ფუტზალი უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელისთვის.
- რატომ?
- ფუტზალში აუცილებელია სწრაფად მოძრაობა და ფიქრი. თუ ოდნავ მაინც შენელდები, ბურთს დაკარგავ. სპორტის ეს სახეობა ბევრად უფრო დინამიურია, რაც ძალიან გამომადგა "ბარსელონაში". ჩვენ მოედნის მცირე ნაწილს გვიტოვებენ შემობრუნებისა და მოძრაობისთვის, ამიტომ საჭიროა ჩქარა რეაგირება. ეჭვგარეშეა, რომ ფუტზალი დამეხმარა კარიერაში და ის რჩება ჩემს გატაცებად. მიყვარდა ფუტზალი, მაგრამ 14 წლის ასაკში თავი დავანებე, რათა განვითარებულიყავი, როგორც ფეხბურთელი.
- იმ პერიოდიდან რა გახსენდებათ ყველაზე ტკბილად?
- როდესაც 7 წლის ვიყავი, მოვიგე პირველი ინდივიდუალური ჯილდო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ქალაქ სანტოსის გუნდ "პორტუგესაში" მქონდა დებიუტი და შეჯიბრი მესამე ადგილზე დავასრულეთ. 23 გოლი გავიტანე.
- გაგიჭირდათ ფუტზალიდან ფეხბურთში გადასვლა?
- არც ისე. 11 წლიდან დავიწყე მონაწილეობის მიღება როგორც ფეხბურთის, ისე ფუტზალის ტურნირებში. ასე გაგრძელდა 14 წლამდე, შემდეგ კი ვეღარ ვახერხებდი მათ შეთავსებას და მომიწია გადაწყვეტილების მიღება. ფეხბურთი ავირჩიე, მაგრამ დღემდე მახსოვს, თუ როგორ მიყურებდა მამაჩენი ფუტზალის თამაშისას და შენიშვნებს მაძლევდა. ის ყოველთვის მადევნებდა თვალყურს.
- ვინ არის თქვენი გმირი ფუტზალში?
- რა თქმა უნდა, ფალკაო. ის ერთერთია მათ შორის, ვინც შთამაგონებდა. კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფალკაო მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან შენს ცხოვრებაში და აღარ გინდა, რომ წავიდნენ. იგი ჩემი მეგობარი და საუკეთესო მოთამაშეა.
- რას ურჩევდით მას, ვინც ქუჩის ფეხბურთს თამაშობს და პროფესიონალად ჩამოყალიბება სურს?
- რთულია რჩევის მიცემა. ბევრი ახალგაზრდაა დიდი პოტენციალით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მიზნებს ვერ აღწევენ. ეს ძალიან საწყენია, მაგრამ თუ მათ იგივე ოცნება ამოძრავებთ, რომელიც მე მქონდა, მაშინ რამდენიმე წესი უნდა დაიცვან: არასდროს არ დაკარგოთ კონცენტრაცია. ახლოს გყავდეთ ოჯახის წევრები და ენდეთ მათ. ასევე ახლოს იყავით მეგობრებთან. აუცილებელია მაქსიმუმის გაღება ვარჯიშის და თამაშის დროს. თუ ამ წესებს დაიცავთ, მაშინ შესაძლოა შანსიც მოგეცეთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]