"მანჩესტერ სიტი" 3:1 "ბარსელონა" - ანალიზი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, "სიტი" "კამპ ნოუზე" ანგარიშით, 0:4 დამარცხდა. მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ არ მოელოდა.
გუშინ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა რევანში აიღეს. კატალონიელი სტუმრები მათ საშინაო არენაზე, 3:1 დაამარცხეს.
რევანშის სურვილით აღსავსე მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ მომენტის შექმნა ვერ მოახერხეს. 21-ე წუთზე "ბარსელონამ" წარმატებული კონტრ-შეტევის შემდეგ კაბალიეროს კარი აიღო, რომელმაც დისკვალიფიცირებული კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლა. ნეიმარი მარცხენა ფლანგზე გაიხსნა, ბურთით მოძრაობა განაგრძო და საჯარიმოს მიდამოებში პასი ლიონელ მესის გაუკეთა, მან კი "ქალაქელთა" კიპერი უშანსოდ დატოვა.
"სიტის" ანგარიშის გათანაბრება რამდენიმე წუთში შეეძლო, მაგრამ ილქაი გიუნდოგანის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია.
გატანილი გოლის შემდეგ, სტუმრების მიერ ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. ნეიმარი მეტოქის კარის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ კაბალიერომ ბრაზილიელი თავდამსხმელის დარტყმა მოიგერია.
პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთებში "სიტი" დომინირებდა. კატალონიელებმა საჯარიმოს მახლობლად უხეში შეცდომა დაუშვეს, რამაც ელვისებური კომბინაცია გამოიწვია სერხიო აგუეროს, სტერლინგისა და გიუნდოგანის შესრულებით. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ბურთი კარში გადაგზავნა.
"სიტის" პირველივე ტაიმში შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ სერხიო აგუერომ, რომელმაც დავიდ სილვას დარტყმულს ფეხი დაუხვედრა, ტერ შტეგენის კარი ვერ აიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისში "სიტიმ" დაწინაურება მაინც შეძლო. კევინ დე ბრუინმა სტანდარტული სიტუაციიდან ტერ შტეგენის კარი აიღო. გერმანელ მეკარეს უფრო საიმედოდ შეეძლო თამაში.
მასპინძელი გუნდი უფრო გამბედავი გახდა. "სიტიმ" რამდენიმე მომენტი შექმნა. გოლის გატანის შანსი ნიკოლას ოტამენდიმ, აგუერომ და კევინ დე ბრუინმა ვერ გამოიყენეს.
შეხვედრის 65-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა უხეში შეცდომა დაუშვა. ლუის სუარესმა მისი გადაცემის ჩაჭრა მოახერხა, მცველს თავგზა აუბნია და ანდრე გომეშს პასი გაუკეთა. პორტუგალიელმა კარის მიმართულებით ძალიან ძლიერი დარტყმა განახორციელა, "სიტი" ძელმა გადაარჩინა.
9 წუთის შემდეგ აგუერომ დასწრებაზე თამაში სცადა, არგენტინელმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და დავარდა, ბურთი გიუნდოგანს მიუვიდა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა "ბარსელონას" კარში დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე "სიტისთვის" ხელსაყრელი ანგარიში დააფიქსირა.
კატალონიელებმა საბოლოო შტურმის მოწყობა სცადეს. ინგლისელები თავს ძალიან კარგად იცავდნენ, შესაბამისად "ბლაუგრანამ" ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. საბოლოო ჯამში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა, მაგრამ მაინც C ჯგუფის ლიდერია.
დე ბრუინმა შესანიშნავი გოლი გაიტანა, სტერლინგმა დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ილქაი გიუნდოგანი გახდა, რომელიც მოედნის ცენტრში იდეალურად მოქმედებდა. გერმანელმა სერხიო ბუსკეტსს ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.
გიუნდოგანი ორჯერ აღმოჩნდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, რითაც "სიტის" გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი "სიტის" კარში გავიდა, "ქალაქელებმა" მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება. 1 ნოემბრამდე, ინგლისურმა გუნდმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებული უკანასკნელი 5 მატჩიდან ხუთივე დათმო.
როგორც იქნა, პეპ გვარდიოლამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
"ბარსელონას" რიგებში საუკეთესო ლიონელ მესი იყო, რომლის ანგარიშზეც სტუმართა მიერ გატანილი ერთადერთი გოლია.
არგენტინელისთვის გუშინდელი მატჩი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მესი ფეხბურთის ისტორიაში, მეორე არაევროპელი მოთამაშე გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე, კლუბის სასტარტო შემადგენლობაში 100-ჯერ მოხვდა. "ალბისელესტეს" თავდამსხმელმა, ნახსენებ ტურნირზე, საიუბილეო 90-ე გოლის გატანა შეძლო და უშუალო კონკურენტ, კრიშტიანუ რონალდუს მიუახლოვდა.
ლეო მესიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 54 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელმა ლეგენდამ, რაულ გონსალესის რეკორდი მოხსნა. ჯერ-ჯერობით "ბლაუგრანას" ათიანი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე 14 ჩატარებულ მატჩში, 16 გოლია.
სამწუხაროდ, ეს "მანჩესტერ სიტის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხოსეპ გვარდიოლამ "ეტიჰადზე" რევანში აიღო.
C ჯგუფში სიტუაცია ასეთია.
1. "ბარსელონა" - 9 ქულა
2. "მანჩესტერ სიტი" - 7 ქულა
3. "გლადბახი" - 4 ქულა
4. "სელტიკი" - 2 ქულა
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]