აბიდალი: "უმტიტი ნიჭიერი და იღბლიანია"
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა, ერიკ ადბიდალმა, ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროსაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ პრესკონფერენციის იმ ნაწილს, რომელიც "ბარსელონას" ეხება.
- რას გრძნობდი, როდესაც 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს პუიოლმა კაპიტნის სამკლავური გადმოგცა?
- ეს ფანტასტიკური მომენტი იყო. ვფიქრობ, ყველამ იცის, რა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი და როგორ გამიჭირდა მოედანზე დაბრუნება. პუიოლის და მთლიანად გუნდის ჟესტი, ჩემთვის, რაღაც დაუჯერებელი იყო. თასის თავს ზემოთ აღმართვით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს თასი ჩემი პირადი ჯილდო არ ყოფილა. ის გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს მივუძღვენი, რომლებიც რთულ წუთებში გვერდით მედგნენ. მათ გამო უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე საკუთარი თავის გამო.
- შენი კარიერიდან რომელ მომენტს მიიჩნევ საუკეთესოდ?
- საუკეთესო მომენტი? არ ვიცი. შესაძლოა, "უემბლიზე" მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ასევე მინდა აღვნიშნო პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება. მაშინ 19 ან 20 წლის ვიყავი და ჩემი ოცნება, გავმხდარიყავი ფეხბურთელი, ახდა. იოლი არ ყოფილა, მაგრამ ყოველდღიურად ვშრომობდი, რათა ამ მიზნისთვის მიმეღწია.
- ვინ იყო შენი ნამდვილი მეგობარი მოედანზე?
- შესაძლოა რიბერი, რადგან ეროვნული გუნდის შეკრებების დროს ყოველთვის ერთ ნომერში ვცხოვრობდით. რა თქმა უნდა, დანი ალვესიც. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მზად იყო ჩემი ღვიძლის დონორი გამხდარიყო.
- ვის მიიჩნევ წარსულის, აწმყოს და მომავლის საუკეთესო ფეხბურთელად?
- მესი საუკეთესოა. თუ მას არ ჩავთვლით, ჩემთვის, სამაგალითო ფეხბურთელი ბეკენბაუერი იყო. ასევე შემიძლია გამოვყო მარადონა - დიდებული თავდამსხმელი.
- რას ფიქრობ უმტიტიზე?
- ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. ის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობს და მას შესანიშნავი მომავალი აქვს. თუმცა, ეს თავად მასზე იქნება დამოკიდებული და ასევე იმაზეც, თუ როგორ განვითარდება ის, როგორც პროფესიონალი. ეს ასევე დამოკიდებული იქნება მის მიზნებზე და მათი მიღწევისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. უმტიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს და ის უკვე ეროვნული გუნდის წევრიცაა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თუმცა ის საიმედო ხელშია. სამუელს ტალანტი აქვს და მას ბედიც წყალობს. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ის მოკრძალებული ადამიანია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]