"სევილია" - "ბარსელონა" (პრევიუ)
დღეს, 23:45-ზე (თბილისის დრო), სტადიონ "რამონ სანჩეს პისხუანზე" "ბარსელონა" "სევილიას" დაუპირისპირდება. ტურის ცენტრალური შეხვედრა ლა ლიგის მე-2 და მე-4 გუნდებს შორის შედგება. ანდალუსიელთა საშინაო არენაზე გამოსვლა არასდროს არის მარტივი. სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ "ბლაუგრანა" მიმდინარე სეზონში ერთადერთი კლუბია ვინც, აქ მოგება შეძლო.
"პისხუანზე", "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში "ბარსელონამ" გამარჯვების მოპოვება 3-ჯერ შეძლო, ერთი მარცხი განიცადა, სხვა შემთხვევაში კი კლუბებმა ქულები გაიყვეს.
ამ კვირაში, "ბარსელონა" "ეტიჰადზე" 1:3 დამარცხდა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა ინგლისში ძალიან ცუდი მეორე ტაიმი ჩაატარეს. რაც შეეხება "სევილიას". ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ანდალუსიელებმა ზაგრების "დინამოს" 4:0 სძლიეს.
"სევილია" 2016/17 წლების სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება. ლა ლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში, მათ 6 გამარჯვება მოიპოვეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.
"სევილია" ერთადერთი კლუბია, რომელსაც პრიმერა დივიზიონში ჩატარებულ საშინაო შეხვედრებში ქულა არ დაუკარგავს. დღევანდელი მატჩი ამას უფრო დიდ ინტერესს მატებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უყვარს "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის, "პისხუანზე" გამოსვლა. აქ ჩატარებულ 13 შეხვედრაში არგენტინელმა 7 გოლი გაიტანა.
უკანასკნელ 5 მატჩში, "ბარსელონამ" 4 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი.
"სევილიას" სტატისტიკა უკეთესია. ბოლო 5 მატჩში ხორხე სამპაოლის შეგირდებმა 4-ჯერ იმარჯვეს, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
"ბარსელონას" დღევანდელ მატჩში 4 სერიოზული ფიგურა, ჟერარ პიკე, ხორდი ალბა, ინიესტა და ჟერემი მატიე დააკლდება.
გუშინ "სევილიას" სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა სამირ ნასრიმ მიიღო. გუნდს კარლოს ფერნანდესიც შეუერთდა. ორივე მათგანი დღევანდელი მატჩისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
აქტიურმა როტაციამ "სევილიას" ფეხბურთელებს ჯანმრთელობა შეუნარჩუნა, შესაბამისად დღეს ხორხე სამპაოლი ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინება მსოფლიოს საუკეთესო კლუბს.
"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩის შედეგები ასეთია:
"ბარსელონა" 3:0 "სევილია" 17.08.2016
"სევილია" 0:2 "ბარსელონა" 14.08.2016
"ბარსელონა" 0:0 "სევილია" 22.05.2016
"ბარსელონა" 2:1 "სევილია" 28.02.2016
"სევილია" 2:1 "ბარსელონა" 03.10.2015
ანალიტიკოსთა და ბუკმეკერთა ვარაუდით დღეს, "ბარსელონა" "სევილიას" შანსს არ დაუტოვებს, შეხვედრა კი უხვგოლიანი გამოდგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]