21 მარტი - ტიტულიანი სამეულის იუბილე
21 მარტი "ბარსელონას" ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია.
1963 წლის 21 მარტს, ჰოლანდიის ქალაქ ზაანდამში, რონალდ კუმანი დაიბადა. 1992 წლის 20 მაისს მის მიერ განხორციელებული დარტყმა კატალონიური კლუბის ისტორიაში შევიდა. ეს ჩემპიონთა თასის ფინალში მოხდა, როდესაც "ბარსა" "სამპდორიას" ეთამაშებოდა. მე-2 დამატებით ტაიმში, როდესაც თერთმეტმეტრიანების სერიამდე 8 წუთი იყო დარჩენილი, კუმანმა საჯარიმო შეასრულა, შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და "ბარსელონას" ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.
მას შემდეგ გავიდა 14 წელი და "ბარსა" ჩემპიონთა თასის მოგებას ვერაფრით ახერხებდა. თუმცა 2003 წელს გუნდში მისული ბრაზილიელი ჯადოქრის, რონალდინიოს დახმარებით, "ბლაუგრანას" კაპიტანმა ამ ჯილდოს თავს ზემოთ აღმართვა მეორედ მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის 2005/06 წლების გათამაშებაში, რონალდინიომ 12 თამაში ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა. სწორედ მისი შესანიშნავი თამაშისა და პასის წყალობით გაიტანა ლუდოვიკ ჟიულიმ "მილანის" კარში გოლი, რომლითაც "ბარსა" ფინალში გავიდა. კუმანის მსგავსად, რონალდინიო, რომელმაც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოაგებინა, 21 მარტსაა დაბადებული.
დაბადების დღე 21 მარტს "ბარსელონას" ერთ ამჟამინდელ ფეხბურთელს, ჟორდი ალბასაც აქვს. 26 წლის მარცხენა მცველმა კატალონიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2015 წელს, ბერლინში მოიგო. "ბლაუგრანამ" ტურინის "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი მეხუთეჯერ აღმართა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]