L'Equipe: პსჟ-მ ნეიმართან სრულ შეთანხმებას მიაღწია
ფრანგული გაზეთის, L'Equipe-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენმა" "ბარსელონას" ბრაზილიელ შემტევთან, ნეიმართან სრულ შეთანხმებას მიაღწია. ამავე ინფორმაციის თანახმად, პარიზელები ახლა კატალონიელებთან მოლაპარაკებას ცდილობენ, რათა უფრო დაბალ ფასზე შეთანხმდნენ.
სანამ ნეიმარი "ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ამარჯვებინებდა, როგორც ჩანს, ფრანგულ პრესაში იწერებოდა სტატია "საუკუნის ტრანსფერის" შესახებ, რომელიც უკვე თითქმის შედგა. პირადი კონტრაქტის ძირითადი დეტალების გარდა (30 მილიონი ევრო ხელფასი და 5 წლიანი ხელშეკრულება), რამდენიმე ნიუანსი ბოლო საათებში გადაწყდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პსჟ-ს წარმომადგენლები ახლა მოლაპარაკებას ცდილობენ, რათა თავი აარიდონ იმ გადასახადებს, რომლებმაც შესაძლოა ტრანსფერის ღირებულება 300 მილიონამდე გაზარდონ.
შესაძლებელია 2015 წლის შემთხვევა განმეორდეს, როცა ხელბურთის ვარსკვლავ ნიკოლა კარაბატიკის გამოსასყიდი თანხა 1 მილიონ ევროს შეადგენდა, თუმცა კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 1.2 მილიონი ევრო მიიღეს. მაშინ ტრანსფერზე კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და გამოსასყიდის გააქტიურების რთული ოპერაციაც თავიდან იქნა არიდებული.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ნეიმარი უნდა იყოს ის, ვინც ამ 222 მილიონი ევროს დეპონირებას მოახდენს და შესაძლოა პსჟ-მ დამატებით გადასახადებს თავი სწორედ ნეიმარის წყალობით აარიდოს.
ის კი ფაქტია, რომ პსჟ შეთავაზებას "ბარსელონას" მხოლოდ ფეხბურთელის თანხმობით გაუკეთებს. თავად ნეიმარი კი ჯერ-ჯერობით დუმს და შესაძლოა ეს სიჩუმე მან ამხანაგური "ელ კლასიკოს" წინ დაარღვიოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]